პასუხი იურისტისგან: როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა
"კვირის პალიტრაში" სამოქალაქო საკითხების შესახებ კითხვები მუდმივად შემოდის, მათ შორის, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემები ძალზე აქტუალურია. საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე ამჯერადაც კომპეტენტურ რჩევებს მისცემს შეკითხვების ავტორებს.
- ორი თვეა გარდაიცვალა ჩემი დედამთილი, მის სახელზეა ბინა და სოფლის სახლი. გვაქვს გარდაცვალების ცნობა. მემკვიდრეობის მისაღებად რა დოკუმენტებია საჭირო? ჩემი მული არ იმყოფება საქართველოში და შეგვიძლია, მის გარეშე მივიღოთ მემკვიდრეობა?
- სამკვიდრო მოწმობა არის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მას მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ადგენს, რომ სამკვიდრო უნდა მიიღონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს აქვს უფლება განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამემკვიდრეო საქმეს დაასრულებს ის ნოტარიუსი, რომელსაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ნოტარიუსისათვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან. თუ მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება - ანუ თუ რომელიმე მემკვიდრეს არ სურს გახდეს გარდაცვლილის ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ განაცხადოს უარი თავის წილ სამკვიდროზე. უარი უნდა გაცხადდეს წერილობით, ნოტარიუსთან, სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მემკვიდრისათვის გახდა ცნობილი სამკვიდროს გახსნის თაობაზე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში, თუ იგი სამკვიდროს დაეუფლა. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი უარი შეუქცევადია. ამასთან, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. დასახელებული საკითხი ფასდება სასამართლოს მიერ. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამასთან, დამატებით აღვნიშნავ, რომ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრის ვებგვერდი. რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმის წარმოება გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) დანაშთ ქონებაზე. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიან ნუსხას, ასეთი არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა გახდეს საჭირო, მაგრამ რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, არის: პირის გარდაცვალების მოწმობა; თქვენს, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის არსებული ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტი: თუ მეუღლეა გარდაცვლილი და ქმარი იკანონებს ქონებას, მაშინ ამას ადასტურებს ქორწინების მოწმობა, თუ შვილია მემკვიდრე - დაბადების მოწმობა, თუ ნაშვილები - შვილად აყვანის მოწმობა და ა.შ. გახსოვდეთ: რაც უფრო მომდევნოა თქვენი მემკვიდრეობის რიგითობა, ამ დოკუმენტების ჩამონათვალი გაიზრდება. ასევე მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამდგენი დოკუმენტია საჭირო; თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეა, უნდა წარადგინოს ანდერძი. მითითებულთაგან შესაძლოა ორი დოკუმენტის წარდგენაც კი აღმოჩნდეს საკმარისი, მაგრამ შესაძლოა, პირიქით, ჩამონათვალს სხვა დოკუმენტებიც დაემატოს.
- სად უნდა გადავამოწმო, არის თუ არა ანდერძი გაუქმებული ან შეცვლილი?
- ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია იმ ნოტარიუსთან, რომელთანაც დამოწმებულია კონკრეტული ანდერძი. თუ ანდერძის დამმოწმებელი ნოტარიუსი აღარ ასრულებს მოვალეობას, უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლებს.
- ნოტარიუსის არქივიდან მინდა მივიღო ანდერძი, რომელიც ჩემს სახელზე შეადგინეს, მაქვს ამის მოთხოვნის უფლება?
- თქვენს სახელზე შედგენილი ანდერძის თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლება გაქვთ მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ. ანდერძში მითითებული ქონების მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის სახელზე. თუ აღმოჩნდება, რომ ის ქონება, რომელიც მითითებულია ანდერძში, საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ არის მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე.