ქუთაისური ბაზარი ანტიკური შტრიხებით
"როდესაც ქუთაისელებს გვეკითხებიან, თავში ავარდნილი რატომ გაქვთო, აი, ჩვენი პასუხი!", - ნახევრად ხუმრობით დაწერა ჩემმა ქუთაისელმა ახლობელმა სოციალურ ქსელში და ქუთაისის ერთ-ერთი ბაზრობის ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელთა რეალობაში, ცოტა არ იყოს, ბევრს ეჭვიც შეეპარება. რატომ? იმიტომ, რომ ფოტოებზე "ტრადიციული" ქართული ბაზარი, არც მეტი, არც ნაკლები, რომის ანტიკური მუზეუმივით გამოიყურება. ამ ამბავმა არა მარტო სოცქსელი, არამედ თავად ქუთაისელებიც, განსაკუთრებით კი ემიგრანტი ქუთაისელები დააბნია. თუმცა ყველაფერი მალე გაირკვა - აღმოჩნდა, რომ ქუთაისის "ბაზარ-მუზეუმი" არც ისე დიდი ხნის წინ გაუკეთებიათ. სწორედ ამიტომაც გაჩნდა სოცქსელში უამრავი ასეთი კომენტარიც: "დევიჯერო აგი სილამაზე ნამდვილად ქუთაისში გაკეთდა, თუ მეხუმრებით? - კი უნდა დეიჯერო, აბა, რა უნდა ქნა, ამხელა ფილარმონია ბაზარს მარტო ერთი დღის სურათების გადაღებიზა ხომ არ მოტურფავდნენ?!"; "უიმე! რამდენი წელიწადია რომში ვარ; ეგი ჩვენი ბაზრობა უნდა ვაჩვენო იტალიელებს, თავად ქუჩაში რომ აქვთ გამოწყობილი ვაჭრობები და თავი უმაღლესი რასა ჰგონიათ!"; "ასეა, ძმაო, სიყვარულის, ჩახუტების და გაგების ქალაქია ქუთაისი!".ჰოდა, როდესაც ამისთანა მარგალიტები ჩავიკითხე, ქუთაისში როზიტა ბერიძეს დავუკავშირდი.
- ამ ადგილზე ადრე სხვა ბაზარი იყო. მერე ერთმა ქუთაისელმა იყიდა ეს ადგილი, ააშენა, გაარემონტა და ქანდაკებების "ზაკაზიც" მისცა იტალიაში. მერე ბაზრის შესასვლელში დადგა, თანაც შადრევანთან ერთად. ასე რომ, ზამთარშიც კაია მანდ მისვლა, მარა ზაფხულს მაინც არაფერი სჯობს - ორმეტრიანი ვენერა მილოსელი რომ დაგაჩერდება თავზე, გინდა-არ გინდა, კი გეწვევა რომანტიკა. იმიტომაა, რომ მაქანე სურათებს ბევრი იღებს. საზღვარგარეთ დაბადებული და ქუთაისში სტუმრად მყოფი ბოვშები სპეციალურად მოჰყავთ მაგ ადგილზე სურათის გადასაღებად.
- მაგრამ ცოტა ლამაზი ვერ არის, როდესაც მოვაჭრეები ანტიკური ქანდაკებების ფეხთით სავაჭრო საქონელს აწყობენ.
- ამით რას აშავებენ?! მე თუ მკითხავ, სწორედ ამისთანა უბრალო ხალხს სჭირდება ხელოვნება სულის მოსათქმელად. მაგენს სად აქვენ იმხელა დრო, მუზეუმებში იარონ?! ჩვენი ქუთაისელები კი არა, ხალხი წლებია იტალიაში ცხოვრობს და იგინი ვერ დადიან მუზეუმებში. ზოგი მატრაკვეცა იმასაც ამბობს, რა უნდა მოვაჭრეების ლეიბების და საბნების გვერდით ანტიკურ ქანდაკებებს, ჯობდა, მეპატრონეს, კაფე გაეხსნა და იქ დაედგა ქანდაკებები, იმერულ ხაჭაპურს მაინც შევჭამდითო. სახაჭაპურის მეტი რაა ქუთაისში, მთელი ქუთაისი გადაჭიჭინებულია ხაჭაპურის ცხობაში! აქ კი მეპატრონემ ის გააკეთა, რაც თავად უნდოდა. მართალია, ვაჭრობის გადასახადს ბევრს ვიხდით, მაგრამ მაგ კაცმა მყიდველზეც იფიქრა და გამყიდველზეც - ყველას ასიამოვნა. თანაც, მარტო ანტიკური ხელოვნებით კი არ დაკმაყოფილდა, თუ ბაზრობას შემოივლით, ნახატებსაც და საქართველოს მეფეების სურათებსაც ნახავთ. დღევანდელმა ბოვშებმა ვენერა მილოსელზე კი არა, თამარ მეფეზე არაფერი იციან, მარა ბაზრობებზე სიარული კი უყვართ. ჰოდა, ყველაფერს გეიგებენ.
- ახლა ბავშვებს ნუ ვუსაყვედურებთ.
- ბოვშებს როის ვსაყვედურობ?! იმ პატივცემულ დიდებს ვსაყვედურობ, რომლებიც მწერენ, აგი ქანდაკებები სახაჭაპურეში უნდა დადგმულიყოო. ვითომ რატომ?! ამ ხალხს ყველაფერი რაფერ ჭამაზე აქვენ გადაყვანილი?! კაცს რაც უნდოდა, ის გააკეთა, ნამდვილ ანტიკურ ქანდაკებებს რომი არავის გაატანს, მაგრამ ასლები მოიტანა და დადგა, თანაც, ყველა ძალიან ლამაზი.
- ისიც მითხარით, ვინაა, ეს ბიზნესმენი?
- კახა გიორგაძე, ქუთაისში ცხოვრობს მისი დღე და მოსწრება.
- როგორ დავუკავშირდე?
- ეგ როგორ გითხრათ, თქვენც კი იცით, ბიზნესმენებს მობილური ტელეფონები არ უყვართ და არც აქვენ. სხვა უგვარებთ სატელეფონო საქმეებს. მაგასაც მივესალმები, კაი ჭკუაა მაგი. მისდღემჩი ნეტარებით ვიგონებ იმ დროს, მობილურის გარეშე რომ ვცხოვრობდი და არავინ მაფეთქებდა. გასკდა ტვინი ამდენი ზარებით!
- ამდენ ანტიკურ ასლს შორის ქართველი მხატვრის ქანდაკება თუ დგას თქვენს "ბაზრობა-მუზეუმში"?
- დგას, აბა, არ დგას?! მე რაც ვიცი, ცენტრალური ქანდაკება, ქალს დოქი რომ უჭირავს ხელში, ქუთაისელი მხატვრის მერაბ კიკვაძის ქანდაკებაა.
ასე დაამთავრა საუბარი ჩემმა რესპონდენტმა, რის შემდეგაც მხატვარ მერაბ კიკვაძესაც დავუკავშირდი.
- ბატონო მერაბ, თქვენც იმუშავეთ ქუთაისის "ბაზარ-მუზეუმის" პროექტზე?
- დიახ, ვიმუშავე. დარწმუნებული ვარ, მისი ინტერიერი ბევრს აღუძრავს დადებით ემოციებს, რაც ცოტას არ ნიშნავს ჩვენს დაძაბულ დროში. კახამ ხელოვნების მნიშვნელობა იცის. ნამდვილ ხელოვნებასთან ზიარება ადვილი არ არის. თუმცა, რაც ქუთაისშია, მისი ხილვაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანებზე.