რა უნდა ვიცოდეთ ტუჩის გადიდებამდე - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ ტუჩის გადიდებამდე

ტუჩის მოცულობის გაზრდა დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად ითვლება. პირველად ტუჩის გადიდება მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1900 წელს, პარაფინით დაიწყეს. წლების განმავლობაში პრეპარატები დაიხვეწა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი სპეციალისტებიც მომრავლდნენ. 2000 წელს ამერიკაში 18,589 კაცმა მიმართა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ტუჩის მოცულობის გაზრდის მოთხოვნით, 2019-ში კი 45,240-მა. რა უნდა ვიცოდეთ ტუჩის გადიდებამდე? რა პრეპარატი­ გამოიყენება მოცულობის გასაზრდელად და შეიძლება თუ არა E ვიტამინის გამოყენება?­ - ამ კითხვებს კოსმეტოლოგი სოფო თოიძე პასუხობს.

- ტუჩი არის კან-კუნთოვანი, ჰორიზონტალურად განლაგებული წყვილი ნაკეცი და მონაწილეობს ემოციის, ხმისა და ბგერის გადმოცემაში. ტუჩის მოვლა აუცილებელია არა მარტო კოსმეტოლოგიურად, არამედ ჰიგიენურადაც. ისევე როგორც სახე და კანი, ტუჩებიც ჩვეულებრივად ასაკთან ერთად ბერდება. ამიტომ როგორც კანს, სახესა და თვალს, ტუჩსაც მოვლა სჭირდება. Aადრე არ იყო ტუჩის ინიექციური მოვლის საშუალებები, ამიტომ იყენებდნენ თაფლს, ჰიგიენურ პომადას, ვაზელინს. დღეს უკვე არსებობს პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ტუჩის კვება და დატენიანება.

- 20-25 წლის წინ რას იყენებდნენ ტუჩის­ მოცულობის გასაზრდელად?

- ბიოპოლიმერი იყო ყველაზე აქტუალური პრეპარატი, რომელსაც იყენებდნენ ცხვირ-ტუჩის შესავსებად. დროთა განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა და ჰიალურონის მჟავაზე დაყრდნობით შექმნეს ფილერი. ფილერი შედგება ჰიალურონის მჟავისგან, რომელიც არის კანისა და შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული კომპონენტი და ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ის ბუნებრივი გზით ფორმირდება ჩვენს ორგანიზმში.

- რამდენ ხანში გაიწოვება ჰიალურონი ორგანიზმიდან, კონკრეტულად კი ტუჩიდან?

- ეს ინდივიდუალურია. ბიოპოლიმერის შემთხვევაში კი სხვა შედეგია - ის სამუდამოდ რჩება ტუჩის ქსოვილში, რადგან სინთეტიკურია. ვისაც გაკეთებული აქვს ბიოპოლიმერი და არ გაურთულდა, ტუჩმა­ დეფორმირება არ განიცადა, მას გაუმართლა, თუმცა მოცულობაში გაზრდილი ტუჩი მთელი ცხოვრება ექნება. ბიოპოლიმერის გამოყენებას თან ბევრი გართულება ახლდა - ტუჩმა შეიძლება განიცადოს მიგრაცია, გაბერვა, შეშუპება, დაკიდება. ასეთ დროს ქირურგები ცდილობენ ოპერაციით ამოიღონ ბიოპოლიმერი, რაც საკმაოდ მტკივნეულია და შემდგომ ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს პრეპარატი ბოლომდე მაინც არ გაიწოვება, რადგან ის ორგანული სილიკონია. ზოგჯერ ჰიალურონით ტუჩის მოცულობის გაზრდის დროსაც არის გართულება.

- რა უნდა იცოდეს ქალმა, რომელსაც სურს ტუჩის მოცულობის გაზრდა?

- უპირველესად უნდა მიმართოს სპეციალისტს და მან უნდა ურჩიოს, რა გაიკეთოს და აუხსნას, როგორ გაკეთდება.­ დაიმახსოვრეთ, არ გაიზარდოთ ტუჩის მოცულობა E ვიტამინით. ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი არ არის, არ შეიძ­ლება მისი ინიექციური გზით შეშვება.­ თუ გსურთ ტუჩის მოცულობის გაზრდა, მიმართეთ სპეციალისტს და გახსოვდეთ, რომ პრეპარატი უნდა იყოს ხარისხიანი­. დღეს შემოვიდა ბაზარზე მეხუთე თაობის პრეპარატები, იმდენად სუფთა, გაფილტ­რული, რომ იშვიათად მოჰყვება გართულება.

- რამ განაპირობა ტუჩის გადიდების მზარდი მოთხოვნა?

- დაბალმა თვითშეფასებამ, დღეს ბევრ გოგონას არ მოსწონს საკუთარი თავი. მოთხოვნა ასევე განაპირობა ტელეფონის ფილტრებმა, ფოტოშოპმა. 19-20 წლის გოგონებს არ მოსწონთ საკუთარი თავი და სურთ რაღაცები შეიცვალონ გარეგნობაში, ამ დროს მათ ბუნებისგან აქვთ ბოძებული უდიდესი რესურსი - სილამაზე, ახალგაზრდობა. თუმცა, თუ ადამიანს აქვს თავისი გარეგნობის პრობლემატური შეფასება და ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, ასეთ დროს ადამიანის ასაკსაც არა აქვს მნიშვნელობა, მან უნდა გაიკეთოს. დაბალი თვითშეფასების პრობლემა მშობლებიდან მოდის, ბავშვობიდან უნდა შთავაგონოთ გოგონას, რომ ის ლამაზია, სრულფასოვანია, მშვენიერი. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი, რომ ის შეუხედავია. ეს პრობლემა გოგონებს უფრო გარდატეხის ასაკში აქვთ.

- როგორ მოვუაროთ ტუჩს ინიექციების გარეშე?

- შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის სკრაბი, ასევე ნატურალური თაფლი, თუ არა გაქვთ ალერგია. თაფლი წაუსვით ნაზ ჯაგრისს და დილა-საღამოს მსუბუქი დარტყმებით ტუჩზე წაისვით. ეს აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ტუჩს კვებავს, ატენიანებს და ვიზუალურ ეფექტს აძლევს.

- შეიძლება ისე გადიდდეს ტუჩი, რომ არ ემჩნეოდეს პლასტიკური ქირურგის ხელი?

- რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ეს პაციენტიდან გამომდინარეობს. შეიძლება ტუჩის ისე კორექტირება, რომ ხელოვნურად გაზრდა არ ემჩნეოდეს, გაბერილი ტუჩის სინდრომი დიდი ხანია აღარ არის მოდური. თუ მაინც გსურთ ტუჩის გადიდება, მიმართეთ სპეციალისტს, ნუ მიჰყოფთ ხელს თვითნებურ პრეპარატებს, განსაკუთრებით E ვიტამინს. E ვიტამინით ტუჩის გადიდება შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

ემანუელ ბეარი ტუჩის გადიდების წინააღმდეგ

ფრანგი მსახიობი ემანუელ ბეარი ქალებს ურჩევს, თავი შეიკავონ ამ პროცედურისგან, თუ ამის საჭიროება არ არის. ბეარი ახლა 59 წლისაა, მან ტუჩის მოცულობა 27 წლის ასაკში გაიზარდა, 1990 წელს, როდესაც ამ პროცედურის ბუმი იყო საფრანგეთში. მსახიობი მიიჩნევდა, რომ ტუჩი მეტისმეტად თხელი ჰქონდა, მაგრამ პროცედურამ სასურველი ეფექტი ვერ მოუტანა. 2012 წელს გაზეთ "ლე მონდთან" საუბარში მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ნანობს ტუჩის გადიდებას. თავდაპირველად, კმაყოფილი იყო, თუმცა შემდეგ ტუჩმა დეფორმაცია განიცადა და რამდენიმე პროცედურა დასჭირდა, რომ ტუჩს ბუნებრივთან მიახლოებული ფორმა მიეღო. ბოლო დროს მსახიობი პლასტიკური ქირურგიის საფრთხეებზე ხშირად ლაპარაკობს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, არ შეიცვალონ გარეგნობა. "ინიექციის ხსენებაც კი მზარავს. ტუჩის გადიდების შემდეგ იმდენად ცუდი გამოცდილება მივიღე, რომ ყველანაირ ინიექციაზე ვამბობ უარს!", - განაცხადა ემანუელ ბეარმა.

TOP.GE