პამელა ანდერსონის ცხოვრება კადრს მიღმა - კვირის პალიტრა

პამელა ანდერსონის ცხოვრება კადრს მიღმა

"მე არა ვარ მსხვერპლი" - ასე დაასათაურა გავლენიანმა გამოცემა Variety-მ 55 წლის ამერიკელ მოდელთან, პამელა ანდერსონთან ინტერვიუ. სახელგანთქმული­ მოდელი, მსახიობი, მოცეკვავე, აქტივისტი,­ ცხოველთა უფლებების დამცველი პამელა ანდერსონი 10 წელია ეკრანებზე და საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. მისი დაბრუნება კი ისეთივე ხმაურიანი და ეპატაჟური იყო, როგორიც თავად მოდელის ცხოვრება. პამელას დაბრუნების მიზეზიM მემუარების წიგნი და დოკუმენტური ფილმია, რომელთა შექმნისკენაც შვილებმა უბიძგეს. მე კი მის დაბრუნებას დავარქმევდი "სხვა პამელას", რადგან ბევრი უცნობი ამბავი გახმაურდა. წარმატების, მსოფლიო აღიარების, სექსსიმბოლოს სტატუსის მიღმა კი ყველაფერი ისეთი მშვენიერი არ ყოფილა, როგორიც ეკრანზე და ფოტოებზე ჩანდა. როგორი იყო პამელა ანდერსონის ცხოვრება კადრს მიღმა და რას უმხელს მკითხველს ახალ ბიოგრაფიულ წიგნში, ხშირად ეკითხებიან პამელას და ამ კითხვის საპასუხოდ "კვირის პალიტრა" მკითხველს რამდენიმე უცნობ ფაქტს სთავაზობს პამელა ანდერსონის შესახებ:

"შემთხვევით ჟურნალის გარეკანზე"

1989 წელს 22 წლის პამელა ანდერსონი­ სასმელების კომპანიის თანამშრომელმა აღმოაჩინა, ის Labatt Beer-ის ლოგოს მაისურით ბართან მსხდომებს შორის ფეხბურთის მატჩს გულშემატკივრობდა. "როდესაც ჩემი სახე დავინახე ეკრანზე, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებს აჩვენებდნენ ახლო კადრით, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იმდენად სხვანაირად მომეჩვენა, რომ ვერც ვიცანი ჩემი სახე", - მოგვიანებით ასე გაიხსენა მოდელმა პირველი გამოჩენა ეკრანზე. კომპანიის თანამშრომელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პამელას სილამაზემ,­ რომ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა სთხოვა, იმავე წელს კი პამელა ჟურნალ Playboy-ს ყდაზეც მოხვდა. 22 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა პამელა ამ გამოცემასთან და ყველა რეკორდი მოხსნა - მისი ფოტო 14-ჯერ დაიბეჭდა Pლაყბოყ-ს ყდაზე. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც პამელა ანდრსონი პატივისცემით იხსენებს, ჰიუ ჰეფნერია, ჟურნალ "ფლეიბოის" დამფუძნებელი.

"6 ქორწინება"

მსახიობი არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. მემუარებში მოდელი­ და მსახიობი წერს, რომ 6 წლის ასაკში 4 წლის განმავლობაში მასზე სექსუალურად ძალადობდა ძიძა, მას შემდეგ 12 წლის გოგონაზე იძალადა 25 წლის ნაცნობმა, ხოლო 14 წლის ასაკში შეყვარებულმა და მისმა სამეგობრომ.

"ფლეიბოის" ვარსკვლავი 6 ჯერ იყო გათხოვილი, მას ორი ვაჟი ჰყავს - დრამერი, ტომი ლისგან, რომელთანაც 4-დღიანი ნაცნობობის შემდეგ, 1995 წელს იქორწინა.­ წყვილი სამი წლის შემდეგ დაშორდა, მიზეზი ოჯახური ძალადობა იყო, ტომი ლიმ მაშინ სცემა ცოლს, როდესაც მას თვე-ნახევრის შვილი ხელში ჰყავდა. წყვილის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მათი ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები სახლის სეიფიდან მოიპარეს და გაყიდვა დაიწყეს. მხოლოდ პირველი წლის შემოსა­ვალი 75 მილიონ დოლარს აღემატებოდა. მოგვიანებით, როგორც პამელამ ინტერვიუში აღიარა, ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ მისი ქორწინება შეიწირა.

"სტატუსი - მარტოხელა"

თინეიჯერობის შემდეგ პამელა მუდმი­ვად ვარჯიშობდა. იყო სკოლაში ფრენბურთის გუნდის წევრი, შემდეგ კი ფიტნესის ინსტრუქტორად მუშაობდა. ყველაზე შემზარავი მოგონება, რაც პამელას ცხოველებთან აკავშირებს, არის მამის ნადირობა,­ როდესაც მამა ნადავლს ატყავებდა. პამელას ეს იმდენად კარგად ახსოვს, რომ მას შემდეგ უარი თქვა ხორცზე. როგორც მსახიობი იხსენებს, ამან უბიძგა ცხოველების უფლებების დაცვისკენ.

ბოლო ქორწინება 2020 წელს, ჰოლივუდის პროდიუსერ ჯონ პიტერსთან იყო, მაგრამ ქორწინებამ მხოლოდ 12 დღეს გასტანა. "ჯონმა ძალიან დიდი, დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, საშინლად მიყვარს", - განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში. ჯონ პიტერსის­ თქმით კი პამელა მუდამ იქნება მის გულში: "მე პამელას 10 მილიონი­ დოლარი დავუტოვე, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო. ეს საჩუქარია".

დღეს 55 წლის მსახიობი მარტოა, ამბობს, რომ პირველად ცხოვრებაში მამაკაცის გარეშეა და მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის. იღვიძებს დილის 5-ზე, ერთ დროს კი ამ დროს წვეულებიდან დაბრუნება მისი ცხოვრების წესი იყო. მოდელმა ბებიისგან აფრიკაში მიწა იყიდა და ააშენა სახლი, სადაც დიდ დროს ატარებს.