"გავლენის აგენტი" ანუ ნადირობა კუდიანებზე?!
"ხალხის ძალა" დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებული მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას ითვალისწინებს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ და ვინც არ დარეგისტრირდება, ჯარიმის გადახდა მოუწევს. კანონპროექტის შინაარსი უკვე ცნობილია და რაც მთავარია, მმართველი პარტია უჭერს მხარს. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად მოიაზრება ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს "უცხოური ძალა" აფინანსებს, თუმცა არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ასევე ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინმედიასაშუალებები იმავე პირობით, თუმცა მედიის შემოსავლებში არ იგულისხმება რეკლამა".
უცხო ძალაში კი იგულისხმებიან: "სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები; უცხო ქვეყნის მოქალაქეები; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში; ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე".
ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. იმავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია შეავსონ ყოველწლიურად.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის ან დეკლარაციის შევსებაზე თავის არიდებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასევე განსაზღვრულია 10-20-ათასლარიანი ჯარიმები ვადების დარღვევისა და ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის.
"ხალხის ძალა", რომლის სახელითაც ინიცირდება ეს კანონპროექტი, აცხადებს, თითქოს ეს პროექტი ამერიკულის ანალოგიით მიიღება. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უკვე განაცხადა, რომ ეს პროექტი დაფუძნებულია არა აშშ-ის, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე და ამბობს, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ცნობისთვის, ამერიკული FARA 1930-იანებში დაიწერა, როცა ნაცისტები დიდძალ ფულს ხარჯავდნენ ევროპასა და ამერიკაში საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საკანონმდებლო რეფორმებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, FARA მნიშვნელოვნად შეიკვეცა და დღეს ეხება უცხო სახელმწიფოს მედიასაშუალებებსა და ლობისტებს, და არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დასაცავად მუშაობენ. ამასთან, ამერიკული კანონი სულ რამდენიმე შემთხვევაში გამოიყენეს და ისიც, ძირითადად, ვიეტნამის ომის დროს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა რუსეთისა და ჩინეთის გავლენის სატელევიზიო აგენტებმა ("რაშა თუდეიმ," "სპუტნიკმა" და მათმა ჩინურმა ანალოგებმა) წითელი ხაზები უხეშად გადაკვეთეს.რუსული კანონი კი ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დახმარებას უცხოეთიდან იღებენ, საკუთარი თავის იდენტიფიცირება "უცხოელ აგენტებად" მოახდინონ და აუდიტის სამსახურში დარეგისტრირდნენ, რადგან რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ასეთი ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. კანონი პირველად 2012 წელს, პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისას მიიღეს, რადგან ამ დროს მის წინააღმდეგ გამართული აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდნენ. მას შემდეგ ცვლილება ამ კანონში რამდენჯერმე შევიდა. 2020 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, "უცხოელი აგენტების" სიაში ჟურნალისტებიც შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ამ ინიციატივას საგანგაშოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება. ნეგატიური პოლიტიკური ფონის გვერდით სამართლებრივად რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას და რა შეიძლება გამოსავალი იყოს, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა:
- ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ინიციატივას აქვს ლეგიტიმური და სახელმწიფოებრივი მიზანი - რა არის პრობლემა, რაც ამით უნდა გადაჭრან. ეს პრობლემა კონკრეტულ სოციუმსა და კონკრეტულ პერიოდში და არა მოკლევადიანში უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რათა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ დაადგინოს ახალი წესები. დემოკრატიაში არასაჯარო დაწესებულებების მთავარი ფუნქცია არის ინფორმირებული დებატების წარმოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა. შესაბამისად, პრობლემა არასაჯარო ინსტიტუტებში არ შეიძლება არსებობდეს, რადგან მათი ფუნქცია ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაკონტროლებაა. ყველგან არის მედია, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ერთი და იმავე საკითხზე სხვადასხვა შეხედულება აქვთ და ამით განსხვავდებიან, მაგრამ ისინი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მოქმედებენ. შესაბამისად, თუკი ეს პირობა - კონსტიტუციისა და კანონის მოქმედება - დაცულია, პრობლემა ამ სფეროში აღარ არსებობს. ისინი ზუსტადაც რომ განსხვავებულები უნდა იყვნენ და უწყობდნენ ხელს განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენას და მოქალაქისთვის არჩევანის გამრავალფეროვნებას. ჩვენ უნდა გვქონდეს მრავალფეროვანი ინფორმაცია და ამის საშუალებით გავაკეთოთ არჩევანი. ამ საკითხის უკუღმა წარმოჩენა ისეთი რეგრესია, რომელიც რამდენიმე ათწლეულით უკან გადაგვისვრის. ამ შემოთავაზებით მთავრობა ამბობს, რომ პრობლემა ჩემი მაკონტროლებლის გაუმჭვირვალობა და უკონტროლობააო და ნაცვლად იმისა, თქვენ, ანუ საზოგადოებამ, გვაკონტროლოთ ჩვენ, ჩვენ უნდა გაგაკონტროლოთ და შეზღუდვები დაგიწესოთ იმ ინსტიტუტებს, რომლებიც არც კანონს არღვევთ და არც კონსტიტუციასო. მაშინ, როცა პარლამენტის უმრავლესობის თუ ამ რაღაც "ხალხის ძალის" პარტიული ფინანსებიც კი არ არის გამჭვირვალე, ცდილობენ არაპოლიტიკური, სამოქალაქო ინსტიტუტების სტიგმატიზაციას იმ ტერმინით, რომელიც პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის საკმაოდ მსუსხავი და მტკივნეულია. ჯერჯერობით ჩვენთან საზოგადოებაში თაობათა ცვლა ისე არ წარმართულა, რომ ერის ინსტიტუციურ მეხსიერებას აგენტები და მათი ქმედებები არ ახსოვდეს. ჩვენს პარლამენტს არ ახსენდება სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური რეალური პრობლემა - ეფექტური ლუსტრაციისა და აგენტების გამოვლენის მექანიზმის არარსებობა და ამაზე არ ფიქრობენ, ამბობენ, გარეთ უნდა დავაწესოთ კონტროლიო.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს, ისედაც ვიცით და არც მალავენ, საიტებზე უდევთ ეს ინფორმაცია, და იუსტიციის სამინისტრო რომ გააკეთებს რეესტრს და "აგენტს" დაარქმევს, ამით საზოგადოებისთვის რა შეიცვლება?
- ამით შესაძლოა მივიღოთ გაუარესებული დებატები იმ მსუსხავი ეფექტის გამო, რაც ვახსენე, შემცირებული აქტივობა მედია თუ არასამთავრობო სექტორში და რაც მთავარია, ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, შემცირებული ინფორმაციის წყაროები. მაგალითად, იქნება ნაკლები მონიტორინგის ანგარიში, რადგან დონორები იქნებიან თუ სხვა, შესაძლოა სიტყვა "აგენტის" გამო ურთიერთობისგან თავი შეიკავონ და გვეყოლება არაანგარიშვალდებული, უფრო მეტად გაუმჭვირვალე ხელისუფლება.
- თავს იმართლებენ, ასეთი ამერიკასაც აქვსო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ითქვა, მათ ინიციატივას საერთო არაფერი აქვს ამერიკულთან და რუსულის ანალოგია. თავისთავად ის, რომ ვიღაცას რაღაც აქვს და მეც მივიღო, რამდენად საფუძვლიანი არგუმენტია?
- საერთოდ არ არის არგუმენტი, რადგან ზემოთაც ვთქვი, რომ კანონი კონკრეტულ პრობლემას უნდა აგვარებდეს, აქ კი რა პრობლემას აგვარებს? თანაც, ნახონ ამერიკული "ფარა" რომელ წელს არის მიღებული და რისთვის მიიღეს, იმ დროს ამერიკაში რა ხდებოდა და მას შემდეგ რა შინაარსი აქვს, როგორ მოქმედებს, გამოყენების პრაქტიკა როგორია. საერთოდ იციან, წაუკითხავთ? ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ მათთვის მისაღებია, მხოლოდ პოლიტიკური ვირეშმაკობაა, ვიღაც სუბარის გუნდს მისცეს და ვითომ შეატანინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, სწორედ "ფარა" გახდა იმის საფუძველი, რომ სააკაშვილის საქართველოს საწინააღმდეგო ლობირების შესახებ შეგვეტყოო. გონიერი ადამიანი ამას იტყვის? ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ იქ ლობისტები ექვემდებარებიან რეგისტრირებას. საქართველოში არსებობს "ლობისტების შესახებ" კანონი, ერთ-ერთი ლობისტი მეც ვარ და ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან თუნდაც "ხალხის ძალას" მოუკითხავს, ეს კანონი როგორია? შეუდარებია ამერიკულისთვის ან ევროპულისთვის?
- თქვენ თვლით, რომ რეგულაციები ლობისტებს საქართველოშიც უნდა დაუწესდეთ?
- მე არა ვარ რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი, რადგან ლობიზმი თავისი არსით ნიშნავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო ინსტიტუტებზე სხვადასხვა და პირველ რიგში ფინანსური დაინტერესებისგან დაცვას, რათა ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ იყოს ფინანსურად მიკერძოებული. მაგრამ ამის გაკეთება არავის სურს, იმიტომ, რომ მათი პირადი ინტერესები არ შეიზღუდოს, თორემ ლობიზმს მიხედავდნენ. ბოლოს და ბოლოს, იტყოდნენ, არასამთავრობოებს რომ ვზღუდავთ, მოდი, ჩვენი თავიც შევზღუდოთო, მაგრამ არა, არ უნდათ. აღარაფერს ვამბობ, საარჩევნო პერიოდში ხელისულებასთან დაკავშირებული რომელიმე საწარმოს რიგითი თანამშრომლით დაწყებული და დირექტორით დამთავრებული, 60-60 ათასს რომ წირავენ მმართველ ძალას და რატომღაც ყველა ხელისუფლების დროს მმართველი ძალის სასარგებლოდ ირაზმებიან. თურმე მათი გავლენა არ არის პრობლემა. ამიტომ ნაცარქექიასავით მახათის ძებნას სჯობს საქმეს მიხედონ, რადგან ფაქტია, სულ უფრო ღრმავდება დემოკრატიის რეგრესი.
- ამ კანონს, დიდი ალბათობით, მიიღებენ...
- დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან გამორიცხული არ არის, მათ წინააღმდეგ გაჩნდნენ ლობისტები და შესაძლოა ვეტომდეც მივიდეს.
- დაძლევენ ვეტოს...
- თუ დაძლევენ, ეს უკვე მათი ლუსტრაცია იქნება და საერთოდ, ოპოზიციას ახლა ძალიან კარგად შეუძლია მმართველი პარტიის ლუსტრირება. მე რომ ვიყო საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე, ისეთ პერფორმანსს გავუმართავდი, თვითონვე მოხსნიდნენ ამ ინიციატივას. მაგალითად, საკომიტეტო თუ პლენარული განხილვების დროს რომელიმე დეპუტატმა ალტერნატიული კანონპროექტი ან მუხლთან დაკავშირებული წინადადება რომ დააყენოს ასეთი შინაარსის, ლუსტრაციის მექანიზმებიც შევიმუშაოთ და საბჭოთა კავშირის აგენტებიც ამ კანონში მოვახვედროთო. ესენი ამ ინიციატივას ხომ არ დაუჭერენ მხარს და რას ნიშნავს ეს? ან, აგენტებიო, რომ ამბობენ, რომელიმე დეპუტატმა ამ მუხლზე რომ წარადგინოს ალტერნატიული წინადადება, მოხდეს აგენტის დეფინიცია ამგვარად: აგენტი, ოკუპანტის აგენტი და ოკუპანტთან დაკავშირებული ქვეყნის აგენტი, მაგალითად, ვისაც აღიარებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და რუსეთის მოკავშირეები არიან. ამ ინიციატივას ხომ არ დაუჭერენ მხარს და ეს ხომ იქნება ლუსტრაცია? დარწმუნებული ვარ, არ დაუჭერენ და, თუ დაუჭერენ, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრ ორგანიზაციას და მათ შორის მედიას, რომლებიც მისივე გამოჩეკილები არიან, მტრის აგენტობა უნდა მიაწეროს და როგორ გგონიათ, ამდენი ვაჟკაცობა ეყოფათ? ამიტომ პოლიტიკური პროცესი შორს თუ წავიდა, მე ვეცდებოდი ამ პროცესის მათივე საწინააღმდეგოდ შეტრიალებას და დღევანდელი ხელისუფლების ლუსტრირებას. თუკი საქართველოში ასეთი გრადაცია გვექნება: აგენტი, მტრის აგენტი, ოკუპანტის აგენტი, ოკუპანტთან დაკავშირებული აგენტი თუ სხვა ამდაგვარი, ეს ხომ გრადაციაა და აგენტი მაინც ყველაზე უწყინარი გამოდის, რადგან გვერდით მტრის და ოკუპანტის აგენტი გყავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი უმეთვალყურეოდ არ დავტოვოთ, უნდა გაიმართოს დებატები ყველა დონეზე. მხოლოდ განცხადებები და პარტნიორებთან კომუნიკაცია არ იქნება საკმარისი, ხელისუფლების ლუსტრირებაა აუცილებელი. ეს თამაში მათ შეიძლება საწინააღმდეგოდ ისე შეუტრიალო, რომ ვერც მიხვდნენ და აქეთ იხვეწებოდნენ, დაგვანებეთ თავიო.
რუსა მაჩაიძე