"რუსეთს სურს ბახმუტის აღებით ხარკოვსა და ხერსონიდან უკან დახევა მიჩქმალოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს სურს ბახმუტის აღებით ხარკოვსა და ხერსონიდან უკან დახევა მიჩქმალოს"

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი­, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმებსა და უკრაინის საპასუხო ნაბიჯებზე გვესაუბრა:

- რუსეთის ამდენთვიანი ქადილის მიუხედავად, ბახმუტი ჯერ კიდევ არ არის აღებული. სამხრეთის მიმართულებაზე­ რუსების წინსვლა შეჩერებულია, უკრაინელებმა­ ვითარების დასტაბილურება­ შეძლეს. რუსების მიზანი იყო ქალაქის ალყაში მოქცევა, რასაც ვერ ახერხებენ. კრასნაია გორას მიმართულებით პატარა წინსვლა კი აქვთ, მაგრამ ძალიან დაბალი ტემპით და უკრაინის მედგარი წინააღმდეგობისა და დიდი დანაკარგის გამო ალყაში მოქცევა ძალიან გაუჭირდებათ. ჯერ უცნობია, მაგრამ ამ წერტილში ორივე მხარის დანაკარგი, სავარაუდოდ, ძალიან დიდი იქნება.­ რუსეთი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას არ ღალატობს და ადამიანური დანაკარგი არაფრად მიაჩნია. თუმცა ბერლინის ოპერაციის ან კენინსბერგის (სტალინგრადი) აღებისას ადამიანური დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ ბახმუტის დანაკარგის შედარებაც კი არ შეიძლება. ბახმუტისთვის ბრძოლას პირველი მსოფლიოს ომისდროინდელ ვერდენისა და მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლებს შევადარებდი. ვერდენთან ფრანგებიც ცდილობდნენ გერმანიის გამოფიტვას და პირიქით, გერმანელები ფრანგების დასუსტებას ელოდნენ. ამასობაში კი ორივემ 400 ათასი კაცი დაკარგა. სტალინგრადის ბრძოლა კი წმინდა პოლიტიკური იყო. ჰიტლერს მისი აღებით სიმბოლური გამარჯვება სურდა, ისევე როგორც სტალინს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სტალინგრადში გერმანელებს მწარე მარცხი ეწვნიათ. ახლა რუსებისთვის ბახმუტი იქცა საკრალურ მიზნად, ოღონდ იქ შიდა ინტერესთა შეჯახებაც არის - პუტინის "მზარეულ" ევგენი პრიგოჟინს სურს იქ წარმატებას მისმა სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა" მიაღწიოს, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთის გენერალური შტაბი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა, ბახმუტის­ აღებაზე ქულები "ვაგნერმა" მიითვალოს და გამარჯვებულის გვირგვინი პრიგოჟინმა დაიდგას. მათ შორის რომ დაპირისპირებაა, მათი განცხადებებიდანაც ჩანს, და არც ის არის გამორიცხული, ფრონტის ხაზზე რაღაცებში ერთმანეთსაც უშლიდნენ­ ხელს. ამაზე მიანიშნებს ის, რომ გამოჰყავთ "ვაგნერის" ძალები და მათ ადგილას შეჰყავთ მედესანტეები, რაზეც პრიგოჟინი ბრაზობს და ირწმუნება, რომ მთავარი ძალა მისი "ვაგნერია"... რუსეთს სურს ბახმუტის აღებით ხარკოვსა და ხერსონიდან უკან დახევა მიჩქმალოს. უკრაინელებისთვის კი, კერძოდ, მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამდენი მსხვერპლის შემდეგ იქ რუსების გამარჯვება არ დაუშვას. ეს არის ამ ბრძოლის მიზანი, თორემ ბახმუტს არავითარი სტრატეგიული დანიშნულება არა აქვს.

- ანტისამთავრობო რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები, თითქოს მთავრობამ ოფიციალურად შეწყვიტა გაწვევები, მაგრამ სინამდვილეში გრძელდება.

- ამ გეგმით რუსეთი დიდი ხანია მოქმედებს. 300 ათასი კაცი რეზერვიდან გაიწვია,­ ამას დაემატა 150 000-კაციანი საშემოდგომო გაწვევა. წინ არის საგაზაფხულო. არ შეწყვეტილა შერჩევითი მობილიზაციაც. ასე უწოდებენ, მაგრამ ცდილობენ რაც შეიძლება მეტი რუსი გარეკონ ფრონტის ხაზზე. არის შემთხვევები, შშმ პირებიც წაუყვანიათ, ზოგს აბრუნებენ, ზოგს კი ტოვებენ, გააჩნია, რისი შესაძლებლობა აქვს. რუსეთს ადამიანური რესურსი ჯერ აქვს. კრემლის პროპაგანდით დაბრმავებული­ ხალხი ცხვრებივით მიჰყვება. სოცქსელებში ხშირად ვრცელდება 5-6-ჯერ გაზრდილი საფლავების ფოტოები. რუსები ბახმუტთან გვამებზე გადადიან, ხორცსაკეპი მანქანაა ჩართული. პარალელურად სხვადასხვაგვარად შეფუთული გაწვევებით საჭირო რესურსს მაინც აგროვებენ. ცუდად მომზადებული, თითქმის გამოუცდელი ჯარისკაცები ჰყავთ და როგორც ფიქრობდნენ, ვერც ერთ მიმართულებაზე გარდატეხა ვერ შეიტანეს. ასიათასობით კაცის მობილიზაცია ბრძოლისუნარიანი არმიის მიღებას არ ნიშნავს. ეს წვრთნების, აღჭურვილობის, მორალისა და ლოჯისტიკის კომბინაციით მიიღწევა. ვინც ხელში მოხვდებათ, იმით უწევთ ბრძოლა, რაც მსხვერპლს ზრდის. თუმცა რუსეთი ამას ჯერ არ იმჩნევს.

რაც შეეხება უკრაინას, მან საგანგებო მდგომარეობა 90 დღით გააგრძელა. შესაბამისად, ამავე დროით გაგრძელდა საყოველთაო გაწვევა. ადამიანური რესურსი უკრაინასაც სჭირდება და უკრაინის დანაკარგიც დიდია, თუმცა რუსეთთან შედარებაც არ შეიძლება. უკრაინელები მაინც თავდაცვაში არიან, რაც მათ უპირატესობას ზრდის. პრიგოჟინი თითქოს თავს იმართლებდა, უკრაინელებს ყველა ბაღსა და ბოსტანში პოზიცია აქვთ მოწყობილიო. დანგრეული ქალაქი არ ნიშნავს, რომ მისი დაცვა არ შეიძლება, ნანგრევების გამოყენება ბარიკადებისთვის შეიძლება. ეს ძალზე ხელსაყრელია.

კრემლი იმ მასშტაბის შეტევას ვერ იწყებს, როგორსაც ისურვებდა. ძალების კონცენტრაციისთვის დანაყოფების ერთ ადგილას თავმოყრაა საჭირო, რასაც არ აკეთებს და არც უკრაინულ ძალებს აძლევს ამის საშუალებას. ყველა მიმართულებიდან ცდილობს შეტევას, ზოგან მეტი, ზოგან კი ნაკლები ინტენსივობით. სლატოვოს მხარეს წინსვლა აქვთ, ლისიჩანსკი-ლიმანის ტრასაზე გავიდნენ, ცდილობენ, მიმართულებები გაშალონ, რათა უკრაინამაც ვერ შეძლოს კონცენტრაცია. ქალაქ ბახმუტში შესასვლელი ერთი გზა დარჩა, რომელსაც უკრაინელები მომარაგებისთვის იყენებენ, და რუსები მის გადაჭრას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. ორივე მხრიდან არ წყდება შეტევები - ასეულის, ოცეულის ზომის დანაყოფები სხვადასხვა მიმართულებაზე ყოველი მეტრისთვის იბრძვიან.

- უკრაინას ყოველი მნიშვნელოვანი დახმარების მისაღებად თითქოს დიდი ძალისხმევა სჭირდება. არაერთხელ გითქვამთ, რომ ეს არის ომი გამოფიტვაზე. რუსეთი, დანაკარგის მიუხედავად, მაინც ახერხებს ყოველთვიურად 100 ათასი კაცის მობილიზაციას. როდესაც დრო ასეთი მნიშვნელოვანია, ჩაასწრებენ დასავლეთის ტანკები ახალ შეტევამდე?

- რუსები გადამწყვეტი შეტევისთვის მზად არ არიან. ასე რომ იყოს, 24 თებერვალს, ომის წლისთავისთვის, გამარჯვებად გასაღების შანსს არ დაკარგავდნენ. ყველაზე დიდი, ჯერ ის შეუძლიათ, შეავიწროვონ უკრაინელები. იმ დროისთვის, როდესაც უკრაინა დაპირებულ დასავლურ დახმარებას, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას მიიღებს, ცდილობენ გარკვეული ტერიტორიები დაკავებული ჰქონდეთ, რათა ვაჭრობისთვის გამოიყენონ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინელებსაც და ჩვენც, ისე, როგორც მათ მხარდამჭერებს, სურთ ყველანაირი დახმარება დღესვე მივიდეს, მაგრამ ტექნიკას გადმოზიდვა, რაიონებში გადანაწილება, სამხედრო დანაყოფებში ადაპტირება სჭირდება. ამასთან, იმ რაოდენობას, რასაც ითხოვენ, ყველა ქვეყანას თავადაც კი არა ჰყავს. გერმანელები ისევ "ლეოპარდ-1"-ების მიცემაზე ლაპარაკობენ, "ლეოპარდ-2"-ებს აღარ ახსენებენ. უკრაინას ახლა ყველანაირი შეიარაღება სჭირდება, თან დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიარაღების თავმოყრასაც ხომ დრო უნდა? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ომმა მსოფლიო რეალობა შეცვალა და უამრავი ქვეყანა თავის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობაზე დაფიქრდა. ბრიტანეთის მთელ შეიარაღებულ ძალებში სულ 200 ტანკი ჰყავთ, მათგან 50-ის გაუქმებას აპირებდნენ, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ სამხედრო ძალის გაძლიერებაზე დაფიქრდნენ. მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორიც - დასავლეთში ჯერაც ვერ შეთანხმებულან,­ როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი. ამაზე მსჯელობის პარალელურად აწვდიან უკრაინას იარაღს. ვფიქრობ, ახალი შეიარაღება უკრაინაში გაზაფხულისთვის ჩააღწევს, ოღონდ ერთბაშად კი არა, თანდათანობით მიაწვდიან. ამის შემდეგ უკრაინამ ოპერატიული კონტრდარტყმა უნდა მიაყენოს რუსებს.რუსეთის დამარცხების ყველაზე "უწყინარი" ვარიანტი ის იქნება, რომ უკრაინა­ გაათავისუფლებს ზერონს, ზაპოროჟიესა და აზოვის ზღვაზე ექნება გასასვლელი, რუსეთს კი დარჩება ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი. ყველაზე აგრესიული, მძიმე ვარიანტი კი იქნება რუსეთის 26 ქვეყნად დაშლა, რაც საქართველოსთვის კი არა, ყველასთვის საშიში იქნება. ომში ყველაფერი შესაძლებელია. გაყინული კონფლიქტი ომის დასრულებას არ ნიშნავს. ისტორიაში უამრავი გაყინული კონფლიქტის მაგალითი არსებობს, თუნდაც ყარაბაღი გავიხსენოთ, რომელიც ერთ დღესაც, "გაცხელდა". რუსეთი არ კარგავს იმედს, რომ დასავლეთს ეს ყველაფერი ერთ დღესაც მოჰბეზრდება. კრემლში ფიქრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში ხელისუფლებები შეიცვლება, მოსახლეობა ამ დაპირისპირებებით გადაიღლება და თავის მთავრობას ამ დაუსრულებელ ომში მონაწილეობის შეწყვეტას მოსთხოვს. ევროპაში პოლიტიკოსები თავიანთ ელექტორატზე არიან დამოკიდებული. სამხედროს გარდა, უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური დახმარებაც სჭირდება. ამას ემატება ათმილიონიანი ლტოლვილთა მასა. ომის გაგრძელება ლტოლვილთა რაოდენობის გაზრდას ნიშნავს, რასაც შესაძლოა ეკონომიკური პრობლემების ძალზე გამწვავება მოჰყვეს.

- ამერიკის, კანადის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა რუსეთსა და ბელარუსში მყოფთ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ დატოვონ იქაურობა. როგორ ფიქრობთ, საფრთხე მასშტაბური ხდება?

- დარწმუნებული ვარ, თუ ომი კიდევ გაგრძელდება, პრინციპში უკვე ასეც არის, რუსეთი, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად გამოიყენებს ბელარუსის ტერიტორიას. შესაძლოა იქ სამხედრო დაჯგუფებები შექმნას, რომლებიც იქიდან შეუტევენ უკრაინას. ცალკე აღებული მათი 40-ათასიანი არმია არ წარმოადგენს ისეთ ძალას, რომელიც ფრონტზე გარდატეხას შეიტანს, მაგრამ 500-1000-კაციან დაჯგუფებებად თუ დაყოფენ, ეს უკრაინისთვის კიდევ ერთი საფრთხე იქნება, ჯერჯერობით მსგავსი დაჯგუფებების შექმნის წინა პირობები არ ჩანს, თორემ არც უკრაინისა ან მისი პარტნიორების დაზვერვას არ გამორჩებოდა. დასავლური ქვეყნების მოწოდება რუსეთიდან და ბელარუსიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანაზე ლოგიკურია, რადგან ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს, თუნდაც ინგლისურად ლაპარაკისთვის დააკავონ. შემდეგ კი აგენტობას დააბრალებენ და როგორ მოექცევიან, რუსების ფანტაზიაზეა დამოკიდებული.