რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიერთებას აპირებს?!
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში იმყოფება. ხალხში ხმა დადის, რომ კრემლი და აფხაზეთის "ადმინისტრაცია" რეგიონში "ახალი ნაბიჯებისთვის" ემზადებიან. რუსმა პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა სოცქსელებში ძალზე გაახშირეს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთებაზე" პოსტები. აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, "მიმდინარეობს მოსახლეობის შემზადება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე". რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებით, შესაძლოა კრემლში ამისთვის უკვე ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აფხაზეთის მოსახლეობის აზრი უცვლელია - მათ რუსეთთან შეერთება არ სურთ. "ჩვენმა ხალხმა იმთავითვე განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა სურს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ წრეებში დროდადრო მაინც წამოსწევენ აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თემას, არადა, მოსახლეობამ არაერთხელ გამოხატა თავისი აზრი, რომ არ გვსურს რუსეთთან შეერთება. ადრეც განვაცხადეთ, რომ რუსეთსა და ბელარუსთან მოკავშირე ქვეყნის ფორმატზე თანახმა ვიყავით, ასევე მზად ვიყავით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში გაწევრებაზე. არ ვიცი, რას აპირებს ჩვენი ახლანდელი ხელმძღვანელობა, მაგრამ ხალხის აზრი კარგად ვიცი... ფედერაციის საბჭოს ყირიმელმა წევრმა სერგეი ცეკოვმა განაცხადა, რომ ახლა საუკეთესო დროა ეს რესპუბლიკები რუსეთს შეუერთდნენ. ასეთ განცხადებებს ისე აკეთებენ, ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, რაც დამამცირებელია. სამხრეთი ოსეთი რა გზას აირჩევს, მათი გადასაწყვეტია. ბიბილოვმა აღნიშნა კიდეც, რომ მზად არიან იურიდიული ნაბიჯებისთვის რუსეთთან შესაერთებლად, მაგრამ აფხაზეთი სამხრეთი ოსეთი არ არის, ჩვენ სხვა მენტალობა და პოტენციალი გვაქვს", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასტამურ ტარბა. აფხაზების თქმით, რეფერენდუმისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურება ბჟანიას "მოსკოვური ვოიაჟიც", რომელიც რუსეთიდან ახალი ეკონომიკური პროექტებით დაბრუნდება და "ახალ საფრთხეებსა და რუსეთთან სიახლოვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს".
რამდენად რეალურია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთისთვის მიერთება, თუ ეს არის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის, ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- რუსეთის ხელისუფლებას თავისი მოსახლეობისთვის სჭირდება ჩვენება, რომ "სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის", დასახული მიზნის მისაღწევად სიძნელეები არ არსებობს, რომ პუტინის გუნდი გამარჯვებაზეა ორიენტირებული. თან ახლა, აღმოსავლეთით ზოგიერთი მარცხის მისაჩქმალავად ახალი რამ სჭირდებათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ყველა მიმართულებით შეუძლიათ მოქმედება საბოლოო მიზნამდე. ეს მათ რეიტინგსა და თავდაჯერებას შემატებს, მოსახლეობის უმეტესობაში კი, ასეთი ნაბიჯები ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. ასე რომ, რეფერენდუმის ჩატარება სავსებით შესაძლებელია. ის, რომ 22 თებერვალს კრემლში რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე პუტინის "საეტაპო სიტყვას" სუნთქვაშეკრული ელოდებიან, შემთხვევითი არ არის. რაღაც "გრანდიოზული პროექტის" შესახებ უნდა ისაუბრონ, რათა ყველას დაანახონ, რომ ყველაფერი რიგზეა. კულუარულად უკვე ვრცელდება თეზისები, რომელთა გახმოვანებასაც რუსეთის პრეზიდენტი აპირებს. პირველი - უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება, მთავარი საგარეო პოლიტიკის, რომელიც "ველიკაია როსიას" ემსახურება, შეცვლა არ იგეგმება, ოღონდ როგორ აპირებს ამ ამოცანის შესრულებას, უცნობია; მეორე - დასავლეთი უპირისპირდება რუსეთს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, როგორი, უცნობია, მაგრამ უკრაინაში Uმიმდინარე ომი, რუსეთ-უკრაინის კი არა, რუსეთ-დასავლეთის ომია, რაც დასკვნების საშუალებას იძლევა. როგორ წარმოუდგენიათ ამ გეგმის შესრულება, ცალკე საკითხია. აფხაზეთის რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება რუსეთის ძალზე უგუნური ნაბიჯი იქნება, რადგან აფხაზები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მუჭანი არიან, მაინც პრობლემატური იქნება კრემლისთვის. აფხაზები რუსეთთან შეერთების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ორ საკითხზეა საუბარი: ერთია, ძველი, მაგრამ უკვე გადამწყვეტ ფაზაში შესული - უძრავი ქონების გასხვისება, რომელსაც აქამდე კბილებით იცავდნენ აფხაზები, მეორე - აფხაზეთის კრიპტოჰაბად გადაქცევის საკითხი. შესაძლოა მაინერების თემა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთა იყოს, თუმცა მათთან დაახლოებული აფხაზი მაღალჩინოსნების ინტერესს ნამდვილად ჰგავს. რეგიონში ენერგეტიკა მძიმე მდგომარეობაშია. ე.წ. სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი კრიპტოფერმები ამოიღეს, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას მეტი ელექტროენერგიის მიწოდებას შეჰპირდნენ. რამდენად შეასრულებენ პირობას, სხვა საკითხია, მაგრამ ამით მოსახლეობის ნაწილის მოსყიდვა ნამდვილად გამოუვათ... ახლა ასლან ბჟანია გააფთრებული ეძებს დაფინანსების გზებს. ის ტრანშები, რომელთაც მოსკოვიდან იღებს, სოციალური ხარჯების დასაფარავად არის განკუთვნილი და არაა ეკონომიკის განვითარებისთვის. გამოსავლის ძიებაში, რაღაცის ხარჯზე, შესაძლოა მაინერების ჰაბის პროექტსაც დათანხმდეს, უძრავი ქონების გასხვისება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საკითხია. ბჟანიას სიმშვიდეს უკარგავს ახრა ავიძბაც, რომელიც გამუდმებით იმუქრება ახალი საპროტესტო ძალის მოქოქვით. აფხაზ პროგრესულად მოაზროვნე წრეებში მის მიმართ ანტიპათიური განწყობის მიუხედავად, ის ნაწილში მაინც ავტორიტეტიYთ სარგებლობს, თან ახლახან მისმა ინტერნაციონალურმა დაჯგუფება "პიატნაშკამ" ძლიერი შეიარაღება მიიღო, ჰყავს ცოცხალი ძალაც, წინა აზიიდან ჩასული მოხალისეები, როგორც არაბები, ასევე თურქები და სერბებიც კი, კავკასიური "ქუდის" ქვეშ გაერთიანდნენ და ახრას დაჯგუფებაში გადანაწილდნენ - ანუ თუ აქამდე რამდენიმე ათეული აფხაზი ჰყავდა, რის გამოც აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება გაჩნდა, ახლა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ბევრად მეტი შეკრიბა და აფხაზეთშიც როგორც მებრძოლს, "პატრიოტს", ტაშის დამკვრელებიც ჰყავს, რაც ბჟანიას ნამდვილად შეუქმნის დისკომფორტს. თან აფხაზეთში სოციალური პრობლემების კვალდაკვალ, იდეოლოგიური საფრთხეებიც მატულობს - კრემლის რუპორი ინალ არძინბა, რომელიც ასევე სარგებლობს მოსახლეობის სიმპათიით, "კანონის დონეზე" ებრძვის დასავლურ განწყობებს, რაც, ცხადია, რუსეთის დაკვეთაა. აქტიური ნაწილი კი, ვინც ბედავს და ამხელა მონსტრის წინააღმდეგ ხმას იღებს, რეგიონის მოსახლეობის სულ რაღაც 20%-ია, მაქსიმუმ - 25, მათი ხერხემალში გადატეხა მხოლოდ ძალის გამოყენებით კი არა, ეკონომიკური ბერკეტებითაც შეიძლება. მაგალითად, შესაძლოა მათი ოჯახის წევრები ჩართონ მაინერების ბიზნესში და ისინიც გაჩუმდებიან...
- რუსეთთან მიერთების საკითხის წამოწევის შემთხვევაში უძლურია ოპოზიციაც?
- ოპოზიცია ამინდს ვერ შექმნის, ინალ არძინბასა და სხვა უჩინარი პრორუსული ძალების გამო ისეთ წნეხში აღმოჩნდნენ საზოგადო აქტივისტები, რომ მათთვის რეგიონში დარჩენა უსაფრთხო აღარაა. იქ ახლა გავლენებისთვის დიდი ჭიდილია...
რუსეთისგან აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება უგუნურება იქნება, რადგან მას უკრაინაში აქვს ძალიან დიდი პრობლემა და აფხაზეთში, თუნდაც მცირე მასშტაბის უკმაყოფილების დამატება არ უნდა აწყობდეს. თუმცა რუსულ ლოგიკას რას გაუგებ... ყველაფერს საბოლოოდ სიხარბე განსაზღვრავს. რეგიონში საკმაოდ დიდია "მეხუთე კოლონის" არააფხაზი მოსახლეობის ხვედრითი წილი და ბიზნესგავლენა - სომეხ მოსახლეობას ვგულისხმობ, რომელიც რუსეთთან მიერთების საქმეში ძალიან დაეხმარება ინალ არძინბასა და მის თანამოაზრეებს.
განსხვავებული სურათი გვაქვს ცხინვალის რეგიონში, ერთადერთი პროტესტი უკრაინის ომში გაწვევამ გამოიწვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 300 ოსი კონტრაქტორი ფრონტის ხაზიდან გამოექცა. მაშინ გაახსენდათ, რომ "დამოუკიდებელი ქვეყანა" არიან და სხვის ომში არ უნდა იბრძოლონ.
- ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმზე საუბარი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებას ემსახურებოდეს?
- ეს არის ის ტრადიციული გამოწვევა, რომელიც ამდენი წელია არსებობს. ქართულ მხარეს შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა და აფხაზი საზოგადოების ის 20%, რომელსაც რუსეთთან არ უნდა, 40 ან მეტი გამხდარიყო, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. დღეს გეოპოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება. ძალიან მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშესაც კი არა აქვს სრული გარანტია, რომ თავის გეგმას ხორცს შეასხამს.