მოდრეიფე საზღვაო ნაღმები ქართულ სანაპიროსთან - პანიკა ზედმეტია, სიფრთხილე - აუცილებელი...
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ უხილავი საფრთხე პანიკას იწვევს. სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული ნაღმების პანიკური შიში, რადგან მიწაში ჩაფლული და თვალისთვის შეუმჩნეველი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ფეხის დაბიჯებისთანავე ბავშვსაც კი არ "ინდობს", რომ აღარაფერი ვთქვათ მოზრდილ ადამიანზე.
და ახლა წარმოიდგინეთ, რა პანიკაში ჩავარდება ზღვაში მოცურავე ადამიანი, როდესაც გვერდით დალანდავს "მშვიდად" მოტივტივე "ეშვებიან" ნაღმს, რომელსაც სამხედრო ხომალდისა და წყალქვეშა ნავის ჩაძირვაც კი შეუძლია, არათუ...
ამიტომაც გასაგებია ის პანიკური შიში, რაც საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს დაეუფლა მას შემდეგ, რაც ბათუმის სანაპიროზე მოსეირნეთა თვალწინ საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
ის, რომ ღუზას მოწყვეტილი და თავისუფლად მოდრეიფე საზღვაო ნაღმები შეიძლება საქართველოს ნაპირთანაც მოცურებულიყვნენ, "კვირის პალიტრის" ბლოგში ვწერდით ჯერ კიდევ 2022 წლის 23 მარტის სტატიაში "ოდესასთან ჩაყრილი "შაქრიანი" საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან "ჩამოგვიცურდეს"?! და 29 მარტის სტატიაში "როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზას მოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების "სტუმრობას", მაშინ როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე "იჭერდნენ", ვაფრთხილებდით ჩვენს მოსახლეობას.
2022 წლის ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა აჭარის სანაპიროზე, საბედნიეროდ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა, რადგან, ეტყობა, ამ ღუზას მოწყვეტილმა ნაღმებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს "დიდი გზის" ოდესიდან გამოვლა ბათუმამდე, მაგრამ წელს, 13 თებერვალს, ეს მაინც მოხდა.
საზოგადოების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ამ საზღვაო ნაღმების გამოჩენა შავი ზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ დავუკავშიროთ უკრაინას, რადგან ეს თითქოს აგრესორი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
მაგრამ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ვის ინტერესში შედიოდა ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროს ახლოს ზღვის ფსკერზე ღუზებზე ასობით საზღვაო ნაღმის დაყენება? - იმ რუსი ოკუპანტების, რომლებიც დიდი სადესანტო ხომალდებიდან უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სწორედ ამ მონაკვეთში მრავალრიცხოვანი საზღვაო ქვეითებისა და ჯავშანტექნიკის გადასხმას აპირებდნენ (ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოჩამჩირის სანაპიროსთან გადმოსხეს), თუ იმ უკრაინის გენშტაბის, რომელმაც სწორედ საზღვაო ნაღმების დაყენებითაც თავიდან აიცილა რუსი აგრესორების პირდაპირ ოდესაზე შეტევა, მისი დაცემისა და უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის ჩაკეტვის (როგორც აზოვის სანაპიროსთან მოხდა) საფრთხე?
სამხედრო სტრატეგიაში დიდი გათვითცნობიერება არ არის საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მაგრამ ამ საზღვაო ნაღმების დაყენებისთანავე წარმოიშვა ერთი სერიოზული ტექნიკური ხასიათის პრობლემა, რაც თავიდათავი გახდა დღეს შავ ზღვაში უმისამართოდ მოდრეიფე საზღვაო ნაღმებიდან მომდინარე რეალური საფრთხისა.
რას წარმოადგენს ბათუმის სანაპიროსთან აფეთქებული საზღვაო ნაღმი?
ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი ძალიან ძველი მოდიფიკაციისაა (მან მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეზე) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არის გამობმული, ხოლო "ეშვებიანი" ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის ერთ-ერთ "ეშვს", 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ ტროტილის დეტონაცია ხდება და...
ამ საზღვაო ნაღმებს "შაქრიანი" იმიტომაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ ზღვაში ჩაშვების მომენტში ტალღამ ხომალდის კორპუსზე მიჯახებისას რომ არ ააფეთქოს, ნაღმს უყენდება სპეციალური დამცველი, რომელშიც ...შაქარია ჩაყრილი!
დიახ, ჩვეულებრივი შაქარი, რომელსაც ნაღმის ზღვაში ჩაშვების შემდეგ წყალი ხსნის და ნაღმიც 10-40 წუთში (დამოკიდებულია ზღვის წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად, +20 გრადუსზე შაქარი წყალში ათიოდე წუთში იხსნება, ხოლო ნული გრადუსის დროს 40 წუთი მაინც სჭირდება), საბრძოლო მდგომარეობაში გადადის.
ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოსწყდეს და "თავისუფალ ცურვაში" გადავიდეს.
თუმცა იმის გამო, რომ ეს მოძველებული საზღვაო ნაღმები არ არიან აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლების განმავლობაში იცურონ ზღვაში და მუდამ სახიფათო იქნება სამოქალაქო გემებისთვის თუ სამხედრო ხომალდებისთვის. ამის მაგალითია მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაშია.
როგორ შეიძლება საზღვაო ნაღმების აღმოჩენა და მათი გაუვნებლება?
როდესაც საზღვაო ნაღმი ღუზაზეა გამობმული, ის წყლის ზედაპირზე არ მოჩანს. მათ აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური მტრალავი ხომალდები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების ტრალებს იყენებენ კონტაქტური, აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური პრინციპით მოქმედი საზღვაო ნაღმების გასანეიტრალებლად.
იქიდან გამომდინარე, რომ ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი მხოლოდ კონტაქტის შემდეგ ფეთქდება, მის აღმოსაჩენად გამოიყენება კონტაქტური ტრალი. ის წყვეტს ღუზას და ნაღმი წყლის ზედაპირზე სანახევროდ ამოცურდება.
თავისუფლად მოტივტივე ნაღმების გასაუვნებლად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე "ეშვს" და გამოიწვიონ დეტონაცია. თუმცა ხომალდი, საიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.
რა ტექნიკური საშუალებები აქვს საქართველოს საზღვაო ნაღმების დროულად აღმოჩენისათვის და მათ გასანადგურებლად?
ბოლო წლებში ბათუმისა და ფოთის პორტებს რეგულარულად სტუმრობდა ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ესკადრის (SNMCMG2) თურქული, რუმინული, ბულგარული, ესპანური თუ იტალიური მტრალავი ხომალდები, რომელთა მასპინძელი საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა გახლდათ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "საზღვაო გამნაღმველები" ქართველ მესაზღვრე მეზღვაურებთან ერთად სწორედ საზღვაო ნაღმების აღმოჩენისა და განადგურების ვარჯიშებს ასრულებდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ასერომ, საზღვაო ნაღმები ქართული სანაპირო დაცვის მეზღვაურებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არ უნდა იყოს.
ქართველ მეზღვაურებს ნატოს ამ ნაღმსაწინააღმდეგო ესკადრის დახმარების დიდი იმედი ჯერ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან შარშან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა მონტროს კონვენციით ისარგებლა და არა შავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს დროებით აუკრძალა ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლა. თუმცა ამავე ესკადრის წევრ რუმინულ და ბულგარულ მტრალავ ხომალდებს ვერავინ შეუშლის ხელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე საზღვაო ნაღმების აღმოჩენა-განადგურების დაწყებას, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთ სურვილს გამოხატავენ ოფიციალური ბუქარესტი და სოფია.
საქმეს აადვილებს ის გარემოებაც, რომ ამ საზღვაო ნაღმების წყლის ქვეშ მოძებნა აღარ არის საჭირო, რადგან ისინი ღუზებს არიან მოწყვეტილი, ზღვის ზედაპირზე ტივტივებენ და უსაფრთხო მანძილიდან მათ გასანადგურებლად ქართველ მესაზღვრე მეზღვაურებს, იმედია, კარგი ჩუბინებიც მოეძებნებათ და ამისთვის ნატოს დახმარება არ დაგვჭირდება.
საზღვაო ნაღმის ბათუმის სანაპიროსთან აფეთქების შემდეგ, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ათვალიერებენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიას, ასევე, ნავსადგურებს, მონიტორინგს უწევენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლს. პერიოდულად მონიტორინგისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალურ დრონებს იყენებენ.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გამოიცა სპეციალური ცირკულარიც ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებმა და ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას, კომერციულ, სატრანსპორტო და სატვირთო გემებს, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების ეკიპაჟებს უსაფრთხოების დასაცავი ინფორმაცია მიაწოდეს.
რა ქნას მოქალაქემ, თუკი საზღვაო ნაღმის ახლოს აღმოჩნდა წყალში ან პლაჟზე?
ზღვაში ცურვისას, თუკი ახლოს მოტივტივე საზღვაო ნაღმი შეამჩნიეთ დამახასიათებელი "ეშვებით", სასწრაფოდ განერიდეთ. არავითარ შემთხვევაში ნაღმს არ ჩამოეკიდოთ, მით უმეტეს, "ეშვებზე", რომლებიც კონტაქტური ამფეთქებლებია. გაცურეთ ნაპირისკენ და სასწრაფოდ აცნობეთ საპატრულო პოლიციას, მაშველებს და ასევე გააფრთხილეთ სხვა მოცურავეები თუ პლაჟზე მყოფები.თუკი ტალღებმა ასეთი საზღვაო ნაღმი პლაჟზე გამორიყა, სასწრაფოდ დაშორდით არანაკლებ ორასი მეტრით და შეატყობინეთ სამართალდამცავებს. ეცადეთ, ვინმე ცნობისმოყვარე არ მიუახლოვდეს გამორიყულ საზღვაო ნაღმს.