ომის ერთი წელი - ვინ რა მოიგო და რა წააგო
24 თებერვალს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მაშინ არავის ეგონა, რომ ეს ომი ერთი წელიწადს გასტანდა. თითქმის ყველას მიაჩნდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და პუტინი უკრაინაში პრორუსულ მარიონეტულ ხელისუფლებას დასვამდა, რაც ახალი რუსული იმპერიის შექმნის დასაწყისი გახდებოდა.ყველა შეცდა - ეს საშინელი ომი, რომლის მაგვარი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა, ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ დასასრული არ უჩანს.რა მაქსიმალური მიზნები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაზე თავდასხმისას და მათგან რომელი აღასრულეს ერთი წლის განმავლობაში? რამდენად შეძლო თავის დაცვა ერთწლიან საბრძოლო მოქმედებებში უკრაინამ?
რუსეთის მიღწევები და მარცხი ერთწლიან ომში
დენაციფიკაცია
უკრაინაზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი „ნეონაციზმის“ განადგურების აუცილებლობითაც ხსნიდა, თუმცა უკრაინის ნეონაცისტურ სახელმწიფოდ მოხსენიება იმ რუსეთისგან, სადაც ნაციზმი და რასიზმი მართლაც ყვავის, აბსურდი გახლდათ და დღეს ამ ბრალდებას თავად კრემლის პროპაგანდისტებიც აღარ იყენებენ.
დემილიტარიზაცია
უკრაინის არმიისა და სამხედრო პოტენციალის განადგურება ასევე მთავარ მიზნად გამოაცხადა მოსკოვმა, თუმცა ეს გეგმაც, ფაქტობრივად, ჩაეფუშა, რადგან ომის წლისთავზე უკრაინის არმია (მიუხედავად დიდი საბრძოლო დანაკარგისა პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში) არათუ დაუძლურდა, არამედ დღეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან და გამოცდილ არმიად გადაიქცა, რომლის დონესაც ნატოს ბევრი წამყვანი ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც ვერ მიუახლოვდებიან. ამასთან, უთანასწორო ომში მყოფი უკრაინის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა იმ კლასისა და ტიპის თანამედროვე დასავლური საბრძოლო სისტემები, რომელთა არსებობას თავის საზღვრებთან რუსეთი ომამდე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.
ამ ომმა, ფაქტობრივად, დაიწყო უკრაინის არმიის გადაიარაღება ძველი საბჭოთა არსენალიდან უფრო თანამედროვე, ნატოს სტანდარტის საბრძოლო სისტემებზე, რაც, წესით, რუსეთისთვის დიდი თავსატეხი უნდა იყოს.
ბლიცკრიგი
"პუტინის ბლიცკრიგს ჰიტლერის ბლიცკრიგის ბედი ელის", - ამ სათაურით შესთავაზა სტატია „"კვირის პალიტრამ"“ ომის დაწყებიდან ოთხ დღეში, 28 თებერვალს, თავის მკითხველს და როგორც ხედავთ, არც შემცდარა.
დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, ისევე, როგორც 1941 წლის 22 ივნისის გამთენიისას საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას ჰიტლერის არმია არ იყო მზად ხანგრძლივი ომისთვის და ბლიცკრიგის, სწრაფი შეტევების იმედად იყო, 2022 წლის 24 თებერვალს პუტინის არმიასაც ბლიცკრიგით (მათ შორის კიევთან ჰოსტომელის აეროდრომზე ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტის გადასხმით) სურდა უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე დღეში აღება და პრორუსული მთავრობის დასმა.
დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება
პუტინის ბლიცკრიგის ჩაფლავებამ თავდაყირა დააყენა რუსეთის გენშტაბის გეგმა, რადგან აღმოჩნდა, რომ უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილე რუსეთის საოკუპაციო ძალების რიცხოვნობა საკმარისი არ იყო საიმისოდ, რომ მათ ერთდროულად გაეკონტროლებინათ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები კიევის მისადგომებთან, ჩერნიგოვთან, სუმთან, ხარკოვთან, დონბასში, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთსა (მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი) და ხერსონში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. რუსი ოკუპანტები იძულებული გახდნენ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან გაეყვანათ საბრძოლო დანაყოფები, რომელთა ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას ვეღარ აუდიოდნენ, თანაც უკრაინული პარტიზანული მოძრაობაც გააქტიურდა კიევის ჩრდილოეთით, ტყის მასივებში.
ხერსონიდან და დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსი ოკუპანტების გასვლის მიზეზად იქცა მათი ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე იმის გამო, რომ დნეპრზე გადებულ ხიდებს უკრაინელების „ჰაიმარსები“ და „ექსკალიბურები“ ზუსტად ურტყამდნენ.
უკრაინელთა მარცხი და გამარჯვებები ერთწლიან ომში
ომის დაწყების წინ უკრაინის ხელისუფლება ურთულესი არჩევანის წინაშე იდგა, რადგან არ ჰყოფნიდა ძალები საიმედოდ გადაეკეტა ყველა ის მიმართულება, საიდანაც მოსალოდნელი იყო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ასეულობით კილომეტრი უბრალო მავთულხლართით შემოფარგლულიც კი არ ყოფილა. ასე რომ, რუსული ჯავშანსატანკო კოლონების სრული შეჩერება შეუძლებელი იყო.
თუმცა სამხრეთის მიმართულებაზე ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, რადგან მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მატერიკულ უკრაინაზე შესაჭრელად რუსეთის არმიას მხოლოდ ორად ორი გადასასვლელი ჰქონდა არმიანსკისა და ჩონგარის სახით, რომელთა საიმედოდ ჩაკეტვით დღეს ბევრი რამ სულ სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო - მოწინააღმდეგე სწრაფი მარშით ვერ გაიჭრებოდა ხერსონისკენ, მელიტოპოლისკენ, ბერდიანსკისკენ და ვერც ზურგიდან მიადგებოდა მარიუპოლს.
უკრაინის სპეცსამსახურების გასარკვევია, თუ რატომ არ ააფეთქეს ჩონგარის წინასწარ დანაღმული ხიდი და ხელი არ შეუშალეს რუსი ოკუპანტების ყირიმიდან შეჭრას.
გასული წლის გაზაფხულ-ზაფხულში უკრაინელმა სამხედროებმა და ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეებმა კარგად გამოიყენეს ტყეების შეფოთვლა (განსაკუთრებით კი საავტომობილო გზების გაყოლებაზე ქარსაცავ ზოლებში) და სისტემატური ჩასაფრებები მოუწყვეს რუსული არმიის ჯავშან და ავტოკოლონებს, სადაც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოიყენეს დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის გადაცემული ახლო მანძილზე მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები - „"ჯაველინები", „"მატადორები", "ენლავები"“ და სხვ.
გასული წლის სექტემბერში ხარკოვიდან ლუგანსკის ოლქის მიმართულებით დაწყებული კონტრიერიში, ისევე როგორც ხერსონის გათავისუფლება და რუსი ოკუპანტების გადარეკვა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე, უდავოდ უკრაინის გენშტაბისა და არმიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
თუმცა ამ წარმატებას გაგრძელება არ მოჰყოლია, თუნდაც კონტრიერიშებით ყირიმის გადასასვლელებზე, ასევე მელიტოპოლსა და ბერდიანსკზე, რაც უკრაინას დაუბრუნებდა გასასვლელს აზოვის ზღვის სანაპიროზე და ამასთან, რუს აგრესორებს გადაუკეტავდა სახმელეთო გზას როსტოვის ოლქიდან მელიტოპოლის გავლით ყირიმამდე.
უკრაინის არმიის საბრძოლო ინიციატივის ნელ-ნელა დაკარგვის სამი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა - შემოდგომის წვიმის სეზონის დაწყება, რომელიც გამორიცხავდა მძიმე საბრძოლო ტექნიკით მინდვრების გავლით კონტრშეტევებს, დასავლეთის ბიუროკრატიის მიერ ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის გაჭიანურება და რუსეთის გენერალიტეტის ზუსტი გათვლა, ბახმუტ-სოლედართან ბრძოლებში „მიეზიდათ“ უკრაინის არმიის რაც შეიძლება მეტი რეზერვი, რათა უკრაინელებს ამ ქალაქების დაცვაზე ეფიქრათ და არა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრიერიშების დაწყებაზე.
რუსეთის საბრძოლო დანაკარგი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, რომლებშიც შედის რუსეთის შეიარაღებული ძალები, როსგვარდია, დონბასელი სეპარატისტები, "ვაგნერელები", "კადიროველები", მოხალისეები, ერთწლიანი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში 200 ათასამდე კაცი დაკარგეს პირად შემადგენლობაში, საიდანაც დაუბრუნებელი დანაკარგი დაღუპულების სახით, სავარაუდოდ, 70 ათას უახლოვდება, დანარჩენი კი სანიტარიული დანაკარგია დაჭრილების, დაშავებულებისა და ავადმყოფების ჩათვლით.
რუსეთმა ერთწლიან საბრძოლო მოქმედებებში საერთო ჯამში დადასტურებულად დაკარგა (2023 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით) არანაკლებ 9 297 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 1 748 ტანკი.
უკრაინის საბრძოლო დანაკარგი
უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, პოლიციის, მესაზღვრეების, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების საერთო დანაკარგი შეიძლება 120 ათას კაცზე მეტიც არის, რომელთაგან დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 40 ათას კაცს აღემატება.
გარდა ამისა, რუსეთის სისტემატურმა საარტილერიო და ასევე საჰაერო დარტყმებმა, მათ შორის ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში მდებარე უკრაინულ ქალაქებზე, არანაკლებ 30 ათასი მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა.
უკრაინამ ამ ომში დადასტურებულად უკვე დაკარგა არანაკლებ 2 988 ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის 467 ტანკი.
როდესაც ომის დაწყების პროგნოზი, სამწუხაროდ, მართლდება...
რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომის გაანალიზებისას თვალში მოგვხვდა „"კვირის პალიტრის"“ 2022 წლის 21 თებერვლის ნომრის გარეკანი, მასზე დატანებული რუკით, რომელზეც გამოსახული იყო რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისას შეტევების სავარაუდო მიმართულებები.
მაშინ, როდესაც ამ რუკას ვადგენდით, ომის დაწყებამდე თურმე მხოლოდ რამდენიმე დღეღა ყოფილა დარჩენილი. სამწუხაროდ, ჩვენ არა მარტო „ვიწინასწარმეტყველეთ“ ამ ომის დაწყება სტატიაში "ომის დაწყების მექანიზმი გაშვებულია, ომი იქნება..." (რისიც მაშინ ბევრს არ სჯეროდა, მათ შორის თავად უკრაინაშიც), არამედ თითქმის სრულად გამოვიცანით ის ძირითადი მიმართულებები, თუ საიდან დაესხმებოდა რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიას და საით გააგრძელებდა იერიშებს.
ერთადერთი, რაც ამ რუკაზე დღეს ზედმეტი ჩანს, მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან იერიშის ისარია - თუმცა სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული რუსეთის გენშტაბში - თუკი რუსი ოკუპანტები მოახერხებდნენ ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტის გადასხმას, დაიპყრობდნენ ოდესას და სახმელეთო დერეფანს გაჭრიდნენ დნესტრისპირეთამდე. საბედნიეროდ, რუსეთის გენერალიტეტმა ვერ შეძლო საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესასთან.რუსეთის არმიის დანარჩენი შეტევების მიმართულებები შარშან, 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას ზუსტად ისე წარიმართა, როგორც რამდენიმე დღით ადრე ჩვენს რუკაზეა გამოსახული - ბელარუსიდან და ასევე რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან, ჩრდილოეთიდან შეტევა კიევზე, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვზე, ლუგანსკი-დონეცკიდან დასავლეთით, მდინარე დნეპრისკენ, როსტოვის ოლქიდან მარიუპოლისკენ და მანამდე ანექსირებული ყირიმიდან ორი მიმართულებით - მარცხნივ ხერსონისკენ და მარჯვნივ მელიტოპოლისკენ.