იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით, გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს - "ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია"
"ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე", - ეროვნული ბიბლიოთიეკის დირექტორმა - გიორგი კეკლიძემ "ფეისბუქგვერდზე" დაწერა და წიგნის პროლოგიც გამოაქვეყნა, რომლესაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბავშვობიდან ასე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, გურამ ფანჯიკიძის, ერქვა "მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და ფეხბურთელი ერთი სიდიადით იყურებოდნენ თაროებიდან. აკი თვითონ თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცმა, ისე უცნაურად იცხოვრა, არავინ იცის, სად გაამწესეს, მაგრამ ასე მგონია, უფალი აუცილებლად შეხვდებოდა და იმ ხელზე ერთხელ მაინც ჩამოართმევდა ხელს. რადგან ფეხბურთი, როგორც ყველაფერი ჯადოსნური, რაც ადამიანთა მოსაწყენ მოდგმას შეუქმნია, ღვთისგან მგონია.
მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მით უფრო მაშინ, როცა ეს პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირის გულგვამში ისე გამომწყვდეულიყო, როგორც რომ გველეშაპის მუცელში ბიბლიური იონა და წითელი ხელი დაუნდობლად ახრჩობდა, ღმერთმა მაშველ რგოლად პაიჭაძე და იამანიძე, მესხი და მეტრეველი, ხურცილავა და ძოძუაშვილი, ყიფიანი და ჩივაძე, გუცაევი და დარასელია გადმოუგდო.
ძალიან ძნელია ალბათ ამის ახლა გაგება, მაგრამ მაშინდელ მათემატიკაში ფეხბურთი უდრიდა ომს, სიყვარულს, პოეზიას, სქელტანიან რომანს და მოულოდნელ ნოველას, სიმღერას და ცეკვას, დამოუკიდებლობას და სიამაყეს გამრავლებულს ათასზე. ადამიანები მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდნენ, მთვარის ამოსვლამდე ბილეთების რიგში იდგნენ, რომ შვიდდღიანი საბჭოთა უღიმღამო ყოფის მერე, თავისუფლების ოთცმოხდაათწუთიან ოთახში შეებიჯებინათ. ასე ყოფილა, ხან პირწავარდნილი გადამყიდველებიც კი გადაიფიქრებდნენ ბილეთის გასხვისებას და თამაშზე ამოყოფდნენ თავს. ამ ყველაფერს ერქვა "დინამო", მაშინდელი სახელდაურქმეველი ეროვნული ნაკრები.
მთელი ბავშვობა წარმოვიდგენდი წიგნში წაკითხულს, თუ როგორ გადაიწერა გაბელიამ პირჯვარი ღმერთგადამალული საბჭოთა კავშირის თასის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინ. წარმოდგენები მერე გენახათ. ჩემი ბავშვობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ ნანგრევებში მოყოლილი ოთხმოცდაათიანები, უშუქობით და შიმშილით, ომებით და ყაჩაღობით, უიმედობით და უიღბლობით ჭერჩამოქცეული, მხოლოდ ფეხბურთით თუ სუნთქავდა - ცხადაძე, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, ძლივს დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ ციცქნა ტელევიზორიდან გვესმოდა ეს მაგიური გვარები მთელ სამეზობლოს და ერთმანეთს ვაჩუმებდით, წამიერი კადრი რომ არ გამოგვპარვოდა თამაშიდან.
პარასკეობით, მატარებელს გაზეთ "სარბიელის" მთელი კვირის ნომრები ჩამოჰქონდა და სადგურზე ვხვდებოდით ნაცნობ გამცილებელს ათიოდე ბიჭი, ვინაწილებდით, ერთმანეთს ვუცვლიდით და ასე ფურცლიდან წაკითხულს, ძილის წინ წარმოვიდგენდით დიდ სტადიონებს და აღწერილ გოლებს. ეს იყო ჩვენი სიზმარიც და ცხადიც. ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია".