"როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია" - კვირის პალიტრა

"როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია"

ასეთი რანგის ადამიანების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ამერიკას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის და რეგიონის მიმართ , - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა.

ასევე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნისთვის სირცხვილი იყო.

,,ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სრულიად სამარცხვინო იყო, მსოფლიო ლიდერები იქ რას საუბრობდნენ და რა განწყობა არის ზოგადად უკრაინასთან მიმართებით. როცა ყველა საუბრობს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ყველა ამას იმეორებს, ამ დროს ჩადის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერი და რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, ეს ჩემი აზრით, სირცხვილია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ წლის ბოლოს ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ.

,,არ ვიცი ,,ხალხის ძალის” კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს ბოლომდე გაიყვანენ. ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წლის ბოლოს, ასეთ რაღაცებს სპეციალურად იგონებენ” ,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

IPN