"ომის ერთი წელი - რატომ არ შეაჩერეს დასავლურმა სანქციებმა ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომი" - კვირის პალიტრა

"ომის ერთი წელი - რატომ არ შეაჩერეს დასავლურმა სანქციებმა ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომი"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC news russian) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - "ომის ერთი წელი - რატომ არ შეაჩერეს დასავლურმა სანქციებმა ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"რუსეთი უკვე ერთი წელია, უპრეცედენტო დასავლური სანქციების პირობებში ცხოვრობს, მაგრამ ფული კრემლს რატომღაც არ ელევა, რუსეთის არმია კი უკრაინელების ხოცვას და მათი ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს. რატომ არ მუშაობს სანქციები, რა არის ჩაფიქრებული სამომავლოდ და, საერთოდ, შესაძლებელია თუ არა სანქციებით აგრესორის "დაშოშმინება“?

რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური, სავაჭრო და სხვა პირადი ხასიათის სანქციები მსოფლიოს თითქმის 40-ზე მეტმა ქვეყანამ დააწესა - აშშ-დან სამხრეთ კორეამდე და შვეიცარიამდე, ალბანეთამდე.... დასავლეთმა გაყინა რუსეთის სავალუტო რეზერვები, დააყადაღა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტები და სხვა უძრავი ქონება, გამორთო "სვიფტიდან“ რუსული ბანკები, უარი თქვა რუსულ ნავთობ-გაზზე, აკრძალა მოსკოვისათვის მოწყობილობების, ტექნოლოგიებისა და ფუფუნების ნივთების მიყიდვა...

რუსეთი გარიყულ ქვეყნად გადაიქცა. მოსკოვი დასავლეთმა ჩამოიცილა ანუ რუსეთს თავისი საქონლის გასაყიდად მდიდარი ბაზარი აღარ აქვს. რუსეთმა დაკარგა დასავლური კრედიტები, სპეციალისტები, ინვესტიციები და ტექნოლოგიები, რომელთა წყალობით 1990-ინი წლების სიღატაკიდან გამოვიდა და საბჭოური გეგმიური ეკონომიკის ნანგრევებზე საბაზრო ეკონომიკის დანერგვა მოახერხა.

სანქციების მიზანია რუსეთის შემოსავლების შემცირება და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაყენება არჩევნის წინაშე: ფული რუსების ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად დახარჯოს თუ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მტაცებლურ-დამპყრობლური ომის გასაგრძელებლად. და თუნდაც ვლადიმერ პუტინმა პირველი აირჩიოს, ბევრი სანქცია მაინც ძალაში დარჩება და რუსეთის განვითარებას მრავალი წლით დაამუხრუჭებს.

"ბი-ბი-სი“ პასუხობს რამდენიმე კითხვას სანქციების მოქმედებასთან დაკავშირებით:

რატომ არ დაინგრა რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციებით?

იმიტომ, რომ კრემლი კარგად მოემზადა სანქციებისათვის, შემდეგ კი თავი აარიდა უხეში შეცდომების დაშვებას ეკონომიკურ პოლიტიკაში და კარგი შემოსავლები მიიღო ევროპაში შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო. გარდა ამისა, დასავლეთმა სანქციები დააწესა არა ერთბაშად, არამედ - თანდათანობით.

"რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რომელიც მდიდარია, მაგრამ ღარიბი მოსახლეობა ჰყავს. მთავრობა წლების განმავლობაში შემოსავლებს ეკონომიურად ხარჯავდა, დააგროვა ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობა, შექმნა ე.წ უსაფრთხოების ბალიში ანუ მოემზადა და ომი კარგი ფინანსურ მდგომარეობით დაიწყო“, - ამბობს ეკონომისტი კონსტანტინე სონინი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. კრემლს ახლა იმდენი ფული აქვს, რომ უკვე ერთი წელი გადის ომის დაწყებიდან და დარჩენილი თანხა კიდევ ორ წელს ეყოფა ბიუჯეტის "ხვრელების ამოსავსებად“.

"სანქციების შემოღების მომენტში რუსეთის ხაზინაში საკმაოდ ბევრი "ზედმეტი“ ფული იყო დაგროვილი, ვალუტა იმდენი შედიოდა, რომ მატების ტემპი ხარჯვას ბევრად აღემატებოდა. ასეთ პირობებში დასავლეთს, როგორც უნდა მოესურვებინა, ფინანსურ კრიზისს მაინც ვერ გამოიწვევდა - ვერც რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვით და ვერ იმპორტ-ექსპორტის შეზღუდვით“, - ამბობს ეკონომისტი ოლეგ იცხოკი ლოს-ანჯელესის (კალიფორნიის შტატი) უნივერსიტეტიდან.

"ფუნდამენტური პირობები ისეთი იყო, რომ პანიკისა და ფინანსური კრიზისის შეჩერება იოლ საქმეს წარმოადგენდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი უბრალოდაა: რუსეთში მასშტაბურად შედიოდა ევროები და დოლარები“, - აღნიშნავს ოლეგ იცხოკი.

და როცა დასავლეთმა სანქციები დააწესა, რუსეთის ფინანსური მდგომარეობა პარადოქსულად უკეთესი გახდა. სანქციებმა იმპორტი შეზღუდა, მოხმარების დონე დაეცა, მაგრამ იმავდროულად ენერგორესურსების ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილი ფასების გამო, სწრაფად იმატა.

დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების ერთ-ერთი არქიტექტორის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის, ბენ ჰარისის თქმით, "რუსეთმა თვითონ შექმნა კრიზისი და ამ კრიზისით თვითონვე ისარგებლა“.

ოლეგ იცხოკი სტატისტიკას იშველიებს: თუ, ჩვეულებრივ, წელიწადში რუსეთის ბიუჯეტში ნედლეულის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების წილი 40%-ს არ აღემატებოდა, 2022 წელს შემოსავლებმა 60%-მდე მოიმატა.

თუ ჩავთვლით, რომ სანქციების მთავარ მიზანს რუსეთში ისეთი მასშტაბური ფინანსური კრიზისის გამოწვევა წარმოადგენდა, რომელიც მოსკოვს ომის დაფინანსების შესაძლებლობას მოუსპობდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ფინანსური კრიზისი რუსეთში არ მომხდარა“, - აღნიშნავს ექსპერტი. "სანქციების შედეგებს გრძელვადიანი ხასიათი აქვს, ერთი წელი მცირე დროა. ამჟამად საბიუჯეტო კრიზისის მხოლოდ საკმაოდ ბუნდოვანი კონტურები მოჩანს. ჯერჯერობით ის საგრძნობი არ არის, ნელ-ნელა მიმდინარეობს და არა იმ მასშტაბით, რომ ომის დაფინანსების საქმეში გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს“, - ხაზს უსვამს ოლეგ იცხოკი.

შეაჩერებს თუ არა სანქციები ომს?

"სანქციების ეფექტი ყოველთვიურად სულ უფრო მეტად გაძლიერდება", - ვარაუდობს ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას დასავლური ემბარგო ვერ შეაჩერებს.

"სანქციები ურტყამს არა იმ მომენტში, როდესაც გამოაცხადებ, არამედ - მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში, მათი ძალაში შესვლიდან. 2023 წლის დასასრულს ჩვენ რეალურად ვიგრძნობთ სანქციების შედეგებს“, - ამბობს იგი, - "სანქციები პუტინის პოლიტიკას არ შეცვლის. რუსეთის ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს უკრაინის მისამართით რაკეტებითა და ტყვიებით სროლის სურვილი არ გაუქრება“.

რუსეთს ფული თუნდაც რომ გამოელიოს, ომის ხარჯი ბიუჯეტში დაცული მუხლებით მაინც იქნება. ფული კი რუსეთს ჯერჯერობით აქვს: სტაბილიზაციის ფონდში დაგროვილი ფულის რაოდენობა სხვა შემოსავლებით ყოველდღიურად მატულობს.

"სანქციები ჯადოსნური ჯოხი არ არის. მართალია, ისინი ზღუდავენ ომის დაფინანსების შესაძლებლობებს, მაგრამ ომს ვერ შეაჩერებენ", - ამბობს ოლეგ იცხოკი, - "სანამ რუსეთი ნავთობსა და გაზს ჰყიდის, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) არაფერი ემუქრება.

თუ დასავლეთის მიერ რუსეთში ექსპორტზე დაწესებული სანქციები გაგრძელდება, მაშინ ეკონომიკის სტაგნაციას წლების შემდეგ ვნახავთ, მაგრამ ეს არ იქნება ფინანსური კრიზისი. მოკლედ, ემბარგო გვაჩვენებს, რომ მას ომის შემჩერებელი ძალა არ აქვს“.

რომელი სანქციები აქვს რეზერვში დასავლეთს?

დასავლეთის და კონკრეტულად ევროკავშირის სანქციების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მათი დაწესება/გამოცხადება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დასავლეთი ხშირად თავს არიდებს მათ გაფართოებას და უფრო მეტად უკვე დაწესებული სანქციების შესრულებაზე აქვს ყურადღება კონცენტრირებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მკაცრი ემბარგოს გამოცხადება ან მათი გაფართოება ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანასთან უნდა იქნეს შეთანხმებული, ყველაფერი ერთსულოვნად უნდა დადგინდეს. პრობლემა ის არის, რომ ყოველ მათგანს თავისი ინტერესი და დამოკიდებულება აქვს პუტინის ომის მიმართ. ერთს არ უნდა რუსული ალმასების აკრძალვა, მეორეს - ბირთვული საწვავის იმპორტი სურს, მესამეს კი - მხოლოდ მილსადენის ნავთობი და გაზი აწყობს.

ასევე, არარეალურია რუსული ბანკების სრული იზოლაცია დასავლეთის ფინანსური სისტემისაგან - იმიტომ, რომ როგორღაც ხომ უნდა გადაიხადო არასანქცირებული საქონლის ყიდვის ფული? თუ ბანკები არ იმუშავებენ, დასავლეთი ვერ გადარიცხავს ფულს თავისუფლად ნაყიდ პროდუქციაზე - სურსათზე, ლითონებზე, მედიკამენტებზე, სხვადასხვა ნედლეულზე და ა.შ.

ამასთან, დასავლეთს რეზერვში აქვს მთავარი კოზირი - მეორადი სანქციები. რას ნიშნავს ეს? მეორადი სანქციების პირობებში მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ, შეთავაზებული აქვთ არჩევანი - ან საბოლოოდ დათანხმდნენ სანქციებს და რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტონ, ანდა კრემლის ორბიტაზე გადავიდნენ და მოსკოვის მოკავშირეები გახდნენ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ისინი საჯარიმო სანქციების ქვეშ მოხვდებიან - მათთვის ამერიკისა და ევროკავშირის ბაზარი დაიხურება.

დღემდე ოფიციალურად მეორადი სანქციები ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიღებული, მაგრამ იქნება მიღებული, თუ რუსეთის აგრესიის მასშტაბური ესკალაცია მოხდება.

ვინ ჩაანაცვლებს რუსეთისათვის დასავლეთს?

ბევრი ქვეყანა სანქციებს არ შეერთებია, მაგრამ შეუძლიათ თუ არა მათ რუსეთისათვის დასავლეთის ჩანაცვლება? - არა, არ შეუძლიათ. დასავლეთი მსოფლიოს ეკონომიკის 60%-ს ფლობს, ჩინეთი - 20%-ზე ნაკლებს, რუსეთი კი მხოლოდ 2%-ს. აქედან სამი მნიშვნელოვანი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს:

პირველი - ომამდე რუსეთი მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობდა, ახლა კი მოსკოვისათვის ნახევარი მსოფლიო დახურულია (მთლიანად ან ნაწილობრივ), თანაც დახურულია მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ნაწილი - ინვესტიციებისა და "ნოუ-ჰაუს“ წყარო. დღეს, აშშ-სა (25%) და ევროკავშირის (17%) ნაცვლად, რუსეთის მთავარი პარტნიორები, ჩინეთის გარდა, გახდნენ ინდოეთი (3,5%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აფრიკა (3%) და თურქეთი (1%-ზე ნაკლები);

მეორე - ჩინეთი რუსეთისათვის სხვებზე უფრო მსხვილი, აგრესიული და ახლობელი პარტნიორია. მისი ეკონომიკა რუსეთზე ათჯერ უფრო მეტია, ხოლო მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე - ომამდელ ევროპაზე ცოტა ნაკლები. ანუ დასავლეთისაკენ გზამოჭრილი რუსეთი ჩინეთის უმცროსი სავაჭრო პარტნიორიდან პეკინის ვასალად გადაიქცა;

მესამე - ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ წვდომაზე დასავლეთის ბაზრებთან, ტექნოლოგიებთან და ფულთან. საბოლოო ჯამში, ისინი მზად არ არიან, დასავლეთს რუსეთის გამო "წაეჩხუბონ“. მეორადი სანქციებისადმი შიში ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან მათ აიძულებთ, რომ კრემლთან კონტაქტში სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინონ.

როგორც უკვე ითქვა, დასავლეთს ჯერჯერობით მეორადი სანქციები არავის მიმართ არ გამოუყენებია. დასავლეთი, მთლიანობაში, არ არის წინააღმდეგი, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა ან ყაზახეთმა ისარგებლონ იმ მდგომარეობით, რაშიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთი ჩააყენა - კრემლი ენერგორესურსებისაგან ევროპაში დაკარგული შემოსავლების მისაღებად და პარტნიორების შესანარჩუნებლად იძულებულია, ამ ქვეყნებს ციმბირის ნავთობი და გაზი იაფად, შეღავათებით მისცეს, სამაგიეროდ, რუსეთი მათგან იმპორტულ საქონელს სამჯერ ძვირად ყიდულობს ანუ რუსეთისათვის მათთან ვაჭრობა, ფაქტობრივად, წამგებიანია.

"რასაკვირველია, ვიცით, რომ ჩინური და ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ჩვენი ანტირუსული სანქციებისაგან დიდ მოგებას იღებენ. ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვართ. ჩვენ გვაწყობს, რომ მთელმა მსოფლიომ რუსეთიდან შემოსავალი მიიღოს. მთავარია, რუსეთს არ ჰქონდეს მათგან მოგება“, - ამბობს ბენ ჰარისი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში ნავთობზე დაწესებულ სანქციებზეა პასუხისმგებელი.

დიახ, გასაგებია, რომ რუსეთიც გულზე ხელებდაკრეფილი არ არის, მოსკოვი ეძებს ვაჭრობა-მიწოდების ახალ არხებს და პოულობს კიდეც ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მას ემბარგოს ქვეშ არსებულ საქონელს მიაწვდის. მაგრამ ასეთი იმპორტი მეტ დროს ითხოვს, ლოდინი სჭირდება, ძვირია და ხშირად - უხარისხოც, რადგან ირიბი მიმწოდებელი ხარისხზე პასუხს არ აგებს. რაც დრო გავა, რუსეთს მით უფრო ნაკლები მყიდველი ეყოლება - მესამე სამყაროს ქვეყნები ღარიბები არიან, მათ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, შორეულ რუსეთში, ექსპორტი ძვირად უჯდებათ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ