განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 101 წელი გავიდა - იხილეთ დოდო ჭიჭინაძის წერილი მედეაზე, რომელიც პირველად ქვეყნდება - კვირის პალიტრა

განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 101 წელი გავიდა - იხილეთ დოდო ჭიჭინაძის წერილი მედეაზე, რომელიც პირველად ქვეყნდება

მედეა ვალერიანის ასული ჯაფარიძე დაიბადა 1923 წლის 20 თებერვალს თბილისში. 1942 წლიდან იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუშაობდა, პარალელურად, გაიარა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გიორგი ტოვსტონოგოვის სტუდიის კურსი, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სტუდიაში.

მედეა ჯაფარიძე ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო და კომედიურ, ასევე - ლირიკულ და დრამატულ როლებს...

medeaaa.jpg

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იგონებს მედეას (ქვეყნდება პირველად):

"როცა უსაყვარლეს მეგობარზე წერ, თვალებზე ბინდი გადაგეკრება. ცრემლებს ვერ იკავებ და კალამი ხელიდან გივარდება... მერე თავს ძალას ატან და გინდა, ყველას გააგებინო, თუ როგორ გიყვარდა ის ულამაზესი და სულიერად უწმინდესი არსება, რომელსაც მედეა ჯაფარიძე ერქვა. თუ ქვეყნად არსებობდა მისი მსგავსი, ვერ წარმომედგინა. ულამაზეს, ნატიფ სახეზე, რომელიც ღმერთმა მას უბოძა, როგორც ღვთიურ დედოფალს, საოცარი ანგელოზური სიკეთის ნათელი ეფინა.

ის თავისი გარეგნობით იმდენად ხიბლავდა მაყურებელს, იმდენად სუფთა და მომხიბლავი იყო, რომ გაუთავებლად გინდოდა მისი ცქერა, რათა სილამაზისა და სიწმინდის წყალობით განსპეტაკებულიყავი. ჩემო მედეა, შენ ჩემთვის ყოველთვის დარჩები კეთილშობილების, სისპეტაკის ხატად. რა ვუყოთ, რომ ცხოვრება ასეთი ულმობელია, რომ სჯის სულიერად ყველაზე ამაღლებულ ადამიანებს, რად ხდება ასე? ვფიქრობ და ვერ გამიგია, როცა შენმა სულმა დასტოვა სხეული, მჯერა, რომ პირდაპირ სამოთხეს ეწვია. კანონზომიერი იყო ისიც, რომ შენი ცხედარი სულის გარეშე არც მე და აღარც აღარავინ იხილა, რადგან სხეული, რაც უნდა მშვენიერი იყოს იგი, სულიერების გარეშე უფეროა. შენ კი, ჩემო ძვირფასო, ისეთი დარჩი, როგორიც გვიყვარდი, როგორიც მოგვწონდი"...

medea-1671971308.jpg

ცნობილი იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა მოხიბლული იყო მედეა ჯაფარიძის მშვენიერებით:

“დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები, მისი შემხედვარე“.

medea3.jpg

რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი წერდა:

“მედეამ მე უაღრესად გამიმართლა იმედი. რეჟისორი მსახიობს აძლევს როლის მარცვალს. რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. სწორედ ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისაგან მარცვალს და აი, იმ მარცვლისგან ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთო “ქეთო და კოტეში”. ამ სურათის შემდეგ ჩემი რწმენა უფრო გაიზარდა მედეასადმი და როდესაც ვიფიქრე “რომეო და ჯულიეტას” დადგმის შესახებ, აქაც არჩევანი არ ყოფილა. ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რომ მედეას უნდა ეთამაშა ჯულიეტა და უნდა მოგახსენოთ, რომ აქაც იგივე განმეორდა: ჩემ მიერ მიცემული მარცვალი მედეამ დიდ, საინტერესო ნაყოფად გაზარდა. მე ძალიან მიხარია, რომ მედეას საინტერესო ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით“.

medea-japaridze-1649856651.jpg

მედეა ჯაფარიძის როლები:

ნინა (ლერმონტოვის “მასკარადი”), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), ჯულიეტა, ლედი ანა (უილ.შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, “რიჩარდ III”), ლარისა (ა. ოსტროვსკის “უმზითვო”), პარასკა (ი. გალანის “სიყვარული გარიჟრაჟზე”), მარტა-იზაბელა (ა. კასონას “ხეები ზეზეულად კვდებიან”), ლიუბოვ იაროვაია (კ. ტრენიოვის “ლიუბოვ იაროვაია”), ელიზა დულიტლი, კლეოპატრა (ბ. შოუს “პიგმალიონი”, “კეისარი და კლეოპატრა”), ჭრიჭინა (მ. ბარათაშვილის “მარინე”), ივდითი (კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), გულქანა პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი”), იოკასტე (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”) და სხვა. კინოროლებიდან აღსანიშნავია ნაზიმე (“ქალიშვილი გაღმიდან”, 1940), თინათინი (“გიორგი სააკაძე”, 1942-43), ქეთო (“ქეთო და კოტე”, 1948), ელიკო (“წარსული ზაფხული”, 1953), ეკა (“მზე შემოდგომისა”, 1973) და დედოფალი და ეთერი (“ჯურღაის ფარი”, 1944), რისთვისაც 1951 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. 1960 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტია. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მედეა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1994 წლის 31 მარტს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

(სპეციალურად საიტისთვის)