მსოფლიო ბაკურიანში! - ყველაფერი საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
მსოფლიო ბაკურიანში!
ყველაფერი საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია: საქართველოს უძველესი სამთო-სათხილამურო კურორტი პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ბოლო წლებში, ზამთრის სპორტის ქართული კურორტები ისედაც განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება, მსოფლიო პირველობის მასპინძელი კურორტის სტატუსისა და ახალი ინფრასტრუქტურის (სასრიალო ტრასები, საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და სხვ.) წყალობით კი, ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყოველწლიურ კალენდარში დაიკავებს ადგილს. მაგალითად, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ!
ეს ყველაფერი ათასობით ახალ სტუმარს, საქართველოს კურორტების პოპულარობის მნიშვნელოვნად გაზრდას, მთლიანობაში კი - ტურისტული და ეკონომიკური მაჩვენებლების მომატებას გულისხმობს. 16 თებერვალს დაწყებულ ტურნირში, 42 ქვეყნის წარმომადგენელი, შვიდასამდე სპორტსმენი იასპარეზებს. მედლები ზამთრის სპორტის შვიდ დისციპლინაში თამაშდება. შთამბეჭდავი სანახაობის გარდა, ჩემპიონატის სტუმრებს სხვადასხვა სახის აქტივობა, გასართობი ღონისძიება და კონცერტიც ელით. წინასწარი გათვლებით, „ბაკურიანი-2023“-ის სატელევიზო ტრანსლაციებს, 200 მილიონამდე მაყურებელი ეყოლება. რეპორტაჟების ნახვა შესაძლებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ევრონიუს საქართველოს, სილქსპორტისა და Eurosport-ის პირდაპირ ეთერში.
ჩემპიონატის სოფელში, ყოველ უქმე დღეს, 20:00 საათზე, შეგიძლიათ დაესწროთ ქართველი არტისტების კონცერტს და მოუსმინოთ რჩეულ ჰიტებს ცოცხალი შესრულებით: 25 თებერვალი - Kordz, 3 მარტი - Killages, 4 მარტი - Circus Mircus. არ გამოტოვოთ DJ პერფორმანსები, ყოველი საშეჯიბრო დღის დასასრულს, 20 თებერვლიდან - 5 მარტამდე!
საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ზამთრის სპორტის სახეობებში. ბაკურიანში ულამაზესი სანახაობა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გელით. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ესტუმროთ განახლებულ ზამთრის კურორტს (ჩემპიონატზე დასწრება უფასოა!), „ცოცხლად“ ნახოთ საუკეთესო უცხოელი და ქართველი სპორტსმენების შთამბეჭდავი ილეთები და თვითონაც ისრიალოთ იმ ტრასებზე, რომლებზეც მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობები არ იმართება.
18 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა, მეორე დღეს კი ასპარეზობებიც დაიწყო. ქართველ სპორტსმენთაგან სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში იასპარეზა რევაზ ნაზღაიძემ და 39-ე ადგილი დაიკავა.
აქვე, გაგაცნობთ ყველა იმ ქართველ სპორტსმენს, რომლებიც ბაკურიანში ასპარეზობენ:
ლაშა კურტანიძემ ბოლო მომენტში მოახერხა ქულების დაგროვება და დავით თედიაშვილთან და ბექა ბერძენიშვილთან ერთად სკი კროსზე მიიღებს მონაწილეობას. ლაშა სამი წლის ასაკიდან აქტიურად სრიალებს. 12 წლიდან კი, სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრია. არის სამთო-სათხილამურო სახეობის მრავალგზის ჩემპიონი. 2021 წლიდან სკი კროსის გუნდს შეუერთდა და 11 თებერვალს, ჩეხეთში მესამე ადგილი მოიპოვა, რის შედეგადაც, საჭირო ქულები დააგროვა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ლუკა ჩოფიკაშვილი საქართველოს სამგზის გამარჯვებულია სლოუფსტაილში. გერმანიაში, ევროპის თასზე მე-14 ადგილი დაიკავა ბიგ ეარში, ხოლო ბოსნიაში, სლოუფსტაილის დისციპლინაში მე-3 ადგილის მფლობელია. ბოლო ერთი წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის თასის გათამაშებაში.
ბექა ბერძენიშვილი ბაკურიანელი მოთხილამურეა. როგორც ამბობს, სრიალი ფეხის ადგმასთან ერთად დაიწყო და პროფესიონალ სპორტსმენობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. კარიერის დასაწყისში სამთო-მოთხილამურე იყო, შემდეგ კი სკი კროსის დისციპლინას დაეუფლა. ბექა მონაწილეობდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) არაერთ სარეიტინგო შეჯიბრებაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზა. 2021 წელს ჩეხეთში მესამე ადგილიც მოიპოვა. 2022 წელს მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო ევროპის თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გაიუმჯობესა ქულები, რაც წელს მშობლიურ კუთხეში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
სნოუბორდერი რევაზ ნაზღაიძე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომის და პარალელური სლალომის დისციპლინებში მონაწილეობს. რევაზი საქართველოს რვაგზის ჩემპიონია და არაერთხელ ასახელა საქართველო საერთაშორისო ჩემპიონატებზე.
ბუთა ელოშვილი - სლოუფსტაილი/ბიგ ეარი. ბუთა საქართველოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია. მან 2020 წელს სლოვაკეთში FIS-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავა და ბოლო ერთი წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის თასის გათამაშებაში.
ბაკურიანელი მოთხილამურე დავით თედიაშვილი მცირე ასაკიდან სრიალებს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში სკი კროსის განვითარება დაიწყო და მის ფუძემდებლად მიიჩნევა. დავითი არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორია და საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული. წლევანდელი ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება, რადგან ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება ბაკურიანში პირველად ტარდება.
სპორტის ყველა სახეობა, რომლებსაც ბაკურიანში 5 მარტამდე ნახავთ:
სლოუფსტაილი ადრენალინით სავსე სახეობაა, სადაც ათლეტები სხვადასხვა დაბრკოლებას ნახტომებითა და ოსტატური ილეთებით უმკლავდებიან.
ამ სახეობაში მთავარია სპორტსმენის ორიგინალურობა, ილეთების ხარისხი და სიზუსტე. სლოუფსტაილის შეჯიბრებას დიდველზე ვიხილავთ, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში.
27 თებერვალი - სნოუბორდის სლოუფსტაილის ფინალი
28 თებერვალი - ფრისკის სლოუფსტაილის ფინალი;
ჰალფ ფაიფი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათხილამურო სახეობაა, რომლისთვისაც სპეციფიკური ფორმის ტრასა იქმნება. ტრასაზე დაშვებისას ათლეტები სხვადასხვა სირთულის ნახტომს ასრულებენ. ჰალფ ფაიფი საქართველოში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდება. ფინალი გაიმართება დიდველის მთაზე 3 და 4 მარტს.
ბიგ ეარი თავისუფალი სტილით სრიალის ერთ-ერთი სახეობაა. სპორტსმენები დიდ ტრამპლინზე ექსტრემალურ ნახტომს ასრულებენ. ამ სახეობაში შეჯიბრება ტარდება როგორც თხილამურებში, ასევე სნოუბორდში. მონაწილეები შესრულებული ნახტომის სირთულითა და ილეთების სიზუსტით ფასდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ბიგ ეარის ფინალები სნოუბორდსა და თხილამურებში ერთად გაიმართება. სწორედ ამ დისციპლინით დასრულდება ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში.
3 - 4 მარტი - კვალიფიკაცია
5 მარტი - ფინალი;
პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში სნოუბორდერები ერთმანეთის პარალელურად ეშვებიან ფერდობზე, რომელიც ორად, იდენტურად არის გაყოფილი. გამარჯვებულია ის სპორტსმენი, რომელიც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.
დისციპლინაში შეჯიბრება გაიმართება დიდველზე.
მოგული - თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის დისციპლინაა, რომელიც წინაღობებით მოწყობილ ფერდობზე იმართება.
“მოგულები” ეწოდება ბორცვებს, რომლებიც მოთხილამურეების მკვეთრი მოხვევების შედეგად წარმოიქნება ტრასაზე. შეჯიბრების დროს “მოგულების" რაოდენობა და ფორმა იცვლება. მოთხილამურეების დაშვება ფასდება საჰაერო მანევრების ხარისხითა და სისწრაფის მიხედვით. ამ სანახაობრივ დისციპლინაში შეჯიბრებას ფრისტაილის, სნოუბორიდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ ბაკურიანში.
25 თებერვალი - კვალიფიკაცია
26 თებერვალი - ფინალი;
Ski Cross თავისუფალი სტილის სახეობაა, რომელშიც 4-4 ათლეტი სპეციალურად შექმნილ ტრასაზე ეშვება. შეჯიბრება მოიცავს სხვადასხვა დაბრკოლებას, რომელზეც მონაწილეები ექსტრემალურ ნახტომს ასრულებენ, გამარჯვებული კი ყველაზე სწრაფი ათლეტი ხდება.
Aerials სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობაა, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა ილეთს ჰაერში ასრულებენ. ციცაბო ფერდობზე შესრულებული ნახტომით ხშირად 14-15 მეტრამდეც კი აღწევენ. ფრისტაილის ამ დისციპლინას კოხტას მთა საქართველოში პირველად უმასპინძლებს.
22 თებერვალი - Aerials ფინალი;
რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)
გამოყენებულია ფოტოები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფეისბუქ-გვერდიდან