"ჯაველინზე" ბევრად უკეთესი არ დაინანეს ფრანგებმა უკრაინელებისთვის... რუსული ტანკების ასაფეთქებლად
რუსული სახელმწიფო პროპაგანდა საკუთარ მრავალმილიონიან აუდიტორიას "დასამშვიდებლად" მუდმივად იმას უჩიჩინებს, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის არმიას ბევრად ვერაფრით აძლიერებს, რადგან, თურმე, ნატო მხოლოდ ისეთ მოძველებულ სამხედრო ტექნიკას იმეტებს უკრაინისთვის, რომელიც ისედაც უნდა ჩამოეწერაო...
ზოგ შემთხვევაში, მართლაც არ გამოირჩევა თანამედროვეობით ამერიკელებისა თუ ევროპელების მიერ გადაცემული საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტრანსპორტიორები, მაგრამ ნატოს ბევრ ქვეყანასაც სწორედ ისინი აქვთ შეიარაღებაში, ამასთან, თავად რუსეთის საოკუპაციო ძალებს რაღა აქვთ სათქმელი, როდესაც ბრძოლებში 60-წლიანი "ტ-62" ტანკების გამოყენება დაიწყეს...
მაგრამ დასავლურ, შედარებით მოძველებულ ტექნიკასთან ერთად, უკრაინის ფრონტზე თანამედროვე და თვით ულტრათანამედროვე დასავლური წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღებაც ხვდება, მაგალითად, იგივე ზალპური ცეცხლის ამერიკული "ჰაიმარსები" ან სულაც - საზენიტო-სარაკეტო IRIS-T-ები, რომლებიც თავად გერმანულ ბუნდესვერსაც კი არ აქვს შეიარაღებაში...
თუმცა ფრანგებმა ეტყობა, ყველას "გადაუჯოკრეს" მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიას ფარულად გადასცეს მართლაც რომ ულტრათანამედროვე გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც თვით ..."ჯაველინსაც" კი ბევრად სჯობს...
მე-3 თაობის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის იარაღად ითვლება, რადგან ის მოქმედებს "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით და, ამასთანავე, ზუსტი დარტყმის განხორციელება ზემოდან, ტანკის კოშკურაზეც შეუძლია, სადაც ყველაზე ნაკლები შეჯავშნაა.
ომის ერთ წელში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკარგული 1 746 ტანკიდან, ლომის წილი სწორედ "ჯაველინებზე" მოდის, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე ათას აფეთქებულ რუსულ ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტიორზე...

და, აი, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინის არმია საფრანგეთიდან იღებს Akeron MP-ებს, რომლებიც... ორი თავით მაღლა დგანან თვით "ჯაველინთან" მიმართებაშიც კი, რადგან მე-5 თაობის მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენენ.
გარდა იმისა, რომ ფრანგულ "აკერონს" ამერიკული "ჯაველინივით" შეუძლია იმოქმედოს "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით და მიზანს ზემოდანაც მოხვდეს, მისი გაშვება ოპერატორს მაშინაც კი შეუძლია, თუკი... მიზანს საერთოდ ვერ ხედავს!
ფრანგული Akeron MP, ისევე, როგორც ისრაელის Spike-NLOS-ი, მოწინააღმდეგის მიმართულებით სტარტის შემდეგ ოპერატორის დახმარებით "ეძებს" ღირსეულ "საკბილოს" და მიზნის ამორჩევის შემდეგ მასზე ზუსტად პიკირებს...
გარდა ამისა, ფრანგებმა თავის "აკერონში" კიდევ ერთი, ისრაელის წარმოების მართვადი რაკეტის Spike-LR -ის მოქმედების ფუნქციაც დაამატეს - "აკერონის" რაკეტა მე-2 თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების (მაგალითად, ამერიკული "ტოუს", ევროპული "მილანისა" თუ რუსული "ფაგოტის") მართვის სისტემაც - ორმხრივი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიცაა დამატებული, რომელიც რაკეტის ფრენისას მისი სხვა სამიზნეზე გადამისამართების საშუალებას აძლევს ოპერატორს და ამასთან, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორის ზეგავლენისგან.

ფრანგულ "აკერონს" ამერიკულ "ჯაველინზე" თითქმის ორჯერ მეტ - 5 კმ-მდე სიშორეზეც შეუძლია ზუსტად მოხვდეს ტანკს, რომელსაც გადარჩენის არანაირ შანსს არ უტოვებს, რადგან "აკერონს" მრავალი დანიშნულების ტანდემური კუმულაციური საბრძოლო ქობინი უყენია, რომელიც გარანტირებულად არღვევს 1 000 მმ ანუ 1 მ სისქის მონოლითური ჯავშნის ექვივალენტ კომბინირებულ ჯავშანს, დინამიკური დაცვის ელემენტების აფეთქების შემდეგ.
კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი, რაც "აკერონს" "ჯაველინზე" მაღლა აყენებს - "ჯაველინის" რაკეტის გაშვების წინ მისი ინფრაწითელი დამიზნების თავაკი 9 წამის განმავლობაში უნდა გაცივდეს, რისთვისაც სპეციალურ ბალონში მაღალი წნევით ჩაჭირხნული არგონის აირი გამოიყენება.
"აკერონის" რაკეტას კი უფრო მაღალი მგრძნობიარობის ინფრაწითელი დამიზნების თავაკი უყენია, რომელიც არ მოითხოვს მის გაცივებას და, შესაბამისად, ბრძოლის მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დროის დაკარგვას.
ფრანგებზე რაღაცნაირად შეიძლება გავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯავშანსატანკო კოლონების შემოჭრამ ჩვენს საქართველოში, რადგან 2009 წლიდან სასწრაფოდ შეუდგნენ "მილანის" მოძველებული ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების შემცვლელების მოძიებას და დროებით "ჯაველინები" შეიძინეს ამერიკელებისგან, სანამ 2014-17 წლებში საკუთარი "აკერონი" არ შექმნეს...
ფრანგების მიერ "აკერონების" ფარული მიწოდება უკრაინის დამცველებისთვის კვლავ საიდუმლოდ დარჩებოდა, ფრონტის ხაზზე გადაღებულ ვიდეოკადრებში რომ არ მოხვედრილიყო მისი გამოსახულება, რის შემდეგაც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა აღიარა კიევისთვის მათი გადაცემის ფაქტი...
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი "აკერონი" გადასცეს ფრანგებმა უკრაინელებს, არ ვრცელდება, არაოფიციალურად კი ლაპარაკია "აკერონის" გასაშვებ ორ ათეულამდე დანადგარზე და არანაკლებ 200 რაკეტაზე...