"მოდისა და დიზაინის სასწავლებელში ჩავაბარე, მერე მღვდლობისთვის ვემზადებოდი და ამ დროს გია ჭანტურია გავიცანი, ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე..."
არაერთი ხმაურიანი საქმის ადვოკატი ახლა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის იბრძვის. ამ საქმეში მისი მონაწილეობა ბევრისთვის გასაკვირი იყო და ეს დიდი განსჯის საგანი გახდა. მას ძველი განცხადებები შეახსენეს კიდეც, როცა იმ რეჟიმს ებრძოდა და პირადად სააკაშვილის დასჯას ითხოვდა. დღეს კი თვლის, რომ ამ საქმეში მისი ჩართვა სწორი ნაბიჯი იყო და ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის დაცვაზე უარს ვერ იტყოდა.
ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭს ძალზე საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ შალვა ხაჭაპურიძის პირველი პროფესია მოდისა და დიზაინის სპეციალობა იყო. მას შემდეგ პროფესია ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ არჩევანი იურისტობაზე შეაჩერა.
- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, სამოდელო სასწავლებელიც დაგიმთავრებიათ.
- ქუთაისელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ქუთაისის პირველი გიმნაზია წარჩინებით დავამთავრე, რომელიც ფაქტობრივად სკოლა-მუზეუმია. აკაკი წერეთლის მერხთან ვიჯექი. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოდისა და დიზაინის სასწავლებელში ჩავაბარე და ისიც წარჩინებით დავამთავრე. დედაჩემი მოდის თემით იყო დაინტერესებული, ამ პროფესიით მუშაობდა და მეც დამაინტერესა. სწავლის პარალელურად პრაქტიკასაც გავდიოდი, საინტერესო ადამიანებიც გავიცანი. ჩემი ბევრი კურსელი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს... შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთი წელი ვიყავი იქ და მერე წამოვედი. გია ყარყარაშვილი და ბევრი ცნობილი გენერალი გახლდათ ჩემი კურსელი. შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რუსეთში წავედი. იქაც ბევრი მეგობარი გავიჩინე, გადასარევი ქართველები. მერე მოსკოვში, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ვისოცკი, ვიქტორ ცოი და ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, რომლებიც დისიდენტებად ითვლებოდნენ. სამსახიობო დიდად არ მომეწონა... საქართველოში რომ დავბრუნდი, სასულიერო სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემი წინაპრები ყველანი სასულიერო პირები იყვნენ, ბაბუა მღვდელი გახლდათ, მეც ამისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ცხონებული გია ჭანტურია გავიცანი, დავმეგობრდი მამუკა გიორგაძესთან და ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ იურისტები არ მიდიოდნენ პოლიტიკაში, ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ. გია ჭანტურიამ მითხრა, იურისტი არ მყავს და მოდი, იურიდიულზე ჩააბარეო. ასეც მოვიქეცი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს სთხოვა, ახალგაზრდა იურისტი კონსულტანტი მჭირდება, ჩემთან რომ იმუშაოსო და მე გამიწიეს რეკომენდაცია - ასე აღმოვჩნდი სახელმწიფო მეთაურის იურისტ-კონსულტანტად.
- როგორ გაიხსენებთ შევარდნაძესთან მუშაობის წლებს?
- იურისტ-ექსპერტად ვიყავი იმელის შენობაში და ეს დიდი გამოცდილება იყო. პოლიტიკოსების უმეტესობა იქ გავიცანი. შევარდნაძესთან მიწევდა ურთიერთობა. ძალიან ყურადღებიანი იყო, შენს აზრს ისმენდა და ანალიზსაც ძალიან სწრაფად აკეთებდა. ჩვენ კანონებზე ვმუშაობდით, ჯგუფი იყო შექმნილი და ვამუშავებდით სხვადასხვა საკითხს. ამ წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ვიცნობდი თემურ ქორიძეს, ზვიად გამსახურდიას... ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყო ჩვენ გვერდით. აფხაზეთში ჩასვლამ ომის დროს მომიწია, სადაც მეგობარი დაგვეღუპა. დიდი მეომარი არ ვიყავი, უფრო იურიდიულ საკითხებში ვეხმარებოდი ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიას.
- მერე სამუშაოდ ქუთაისის პროკურატურაში წახვედით.
- უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან მომწონდა ჩემი მასწავლებელი თამაზ ჭუმბურიძე, რომელიც ქუთაისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გახლდათ. მსგავსი პრაქტიკოსი იურისტი არ მინახავს. მისი სკოლა მინდოდა გამევლო და ქუთაისში წავედი. ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი და გაუკვირდა, ქუთაისი რომ ავირჩიე, თბილისში დარჩენას მთავაზობდა... ერთი წლის დანიშნული ვიყავი, 30-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელობა რომ ჩამაბარეს. გამოვიძიე სამანიშვილების ბანდის ხმაურიანი საქმე. ამ ბანდას მთელი საქართველოს მასშტაბით, 120 ეპიზოდი ბანდიტური თავდასხმა ჰქონდა ჩადენილი და 8 პოლიციელი ჰყავდათ მოკლული. პოლიტიკური გამოცდილებაც მეხმარებოდა საქმიანობაში. მერე სამტრედიის მხედრიონელების საქმე გამოვიძიე. დამაწინაურეს და გენერალურ პროკურატურაში ვიყავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ზედამხედველი პროკურორი. ამ პერიოდში დაიწყო სასამართლო რეფორმა და როცა მეორე ნაკადის გამოცდები ჩატარდა, მეც გავედი და ყველაზე მაღალი ქულები მივიღე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულის უფროსად მიშვებდნენ, მაგრამ უარი ვთქვი და ისევ ქუთაისის სასამართლოში წავედი, რადგან მაშინ თბილისში სახლიც არ მქონდა...
2006 წელს წამოვედი სასამართლოდან, როცა ვნახე, რომ მოსამართლე ბერკეტების გარეშე რჩებოდა და ადვოკატურაში წავედი. შევქმენი ჩემი კომპანია და უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ. შარშან შევქმენი ყველაზე დიდი კომპანია, რომელშიც 100-მდე ადვოკატია გაწევრებული. ახლა სააკაშვილის საქმეში რომ არ ჩავრთულიყავი, სულ სხვა გეგმები მქონდა. გვინდა ახალი სიტყვა ვთქვათ ადვოკატურაში. ძირითადად ახალგაზრდებს მოვიზიდავთ და მივცემთ საშუალებას, სრულიად ახლებურად იმუშაონ.
- ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. როგორი მამა ხართ?
- მყავს მეუღლე დიანა ხოფერია. 29 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, მაშინ გამომძიებლად ვმუშაობდი. დიანაც იურისტია. გვყავს სამი შვილი. უფროს ქალიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს: ლიკუნამ იურიდიული დაამთავრა, მაგრამ მოდის ინდუსტრიას გაჰყვა, ძალიან წარმატებულია ამ სფეროში; ჩემმა ვაჟმა, გურამ (გური) ხაჭაპურიძემ ბრიტანეთში დაამთავრა ბაკალავრიატი, ფინანსების სპეციალობით, მაგისტრატურაზე სწავლა კი ამერიკაში დაასრულა და დღეს იქ საინვესტიციო ბანკის ბანკირია; რაც შეეხება უმცროს ქალიშვილს, მარიამი იურიდიულზე სწავლობს. მას ამ დღეებში ხელი სთხოვა შეყვარებულმა და დათანხმდა, დაქორწინდნენ. ლიკუნაც იცით, რომ გათხოვილია და მისი მეუღლე გახლავთ პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილიშვილი. მარიამის მეუღლე სოხუმელი ლემონჯავა გახლავთ, გენერლის შვილიშვილია. გური ჯერ არ არის დაოჯახებული. შეიძლება ვთქვა, რომ ფანატიკოსი მამა ვარ. დიდი ენერგია მაქვს ჩადებული შვილების წარმატებაში. ჩვენი პრიორიტეტი იყო, მათ კარგი განათლება მიეღოთ და წარმატებულები ყოფილიყვნენ. 24 საათი მათზე ფიქრში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე...
მარტივი ცხოვრება არ გამომივლია, აბსოლუტურად უპატრონოდ მოვდიოდი ამ გზაზე, არავის ბიძაშვილი არ ვიყავი, რომ ხელი წაეკრათ ჩემთვის. მეუღლე გვერდში მედგა. ის ჩემს კომპანიაშიც და ასევე ერთ-ერთ უცხოურ სკოლაში იურისტად მუშაობს. სააკაშვილის საქმეშიც აქტიურად იყო ჩართული, რადგან ძალიან გვჭირდებოდა უცხოური ლიტერატურა. ამ კუთხით საკმაო გამოცდილება აქვს და ძალიან დამეხმარა.
- მას შემდეგ, რაც ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესის დროს, თქვენს ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება, ამ საკითხზე საზოგადოების ნაწილიც აქტიურად ალაპარაკდა. რეალურად, სად იმოსება შალვა ხაჭაპურიძე და მას მოდელი ქალიშვილი ხომ არ აძლევს იმიჯთან დაკავშირებულ რჩევებს?
- არა, ჩემი შვილი არ მაძლევს რჩევებს. იცით, ქუთაისელი ვარ და ქუთაისში გემოვნებით ჩაცმა უყვართ; ასევე, გემოვნებიანად იმოსებიან მეგრელები და მეც სულ კარგად ვიცვამდი. იმიჯი არ შემიცვლია, წვერი ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა გავჭაღარავდი (იღიმის). სადაც მომიხერხდება, ტანსაცმელს იქ ვყიდულობ. რაც შეეხება ნინო ნადირაძეს, მას მხოლოდ სალმით ვიცნობდი, მისი დედა და მამაჩემი სამეგრელოდან, ერთი კუთხიდან არიან. ჩვენი ურთიერთობა სააკაშვილის პროცესებიდან გამომდინარე დაიწყო. მოსამართლეს წესით, მისთვის შენიშვნა უნდა მიეცა, როცა ამ თემებზე საუბრობდა, მაგრამ ის მარტო ჯიშკარიანს აძლევდა შენიშვნას. ყველა საქმეს იუმორი ახლავს და მე იუმორის მოყვარული ადამიანი ვარ, ამ სიტუაციასაც იუმორით შევხედე...
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში
თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"