"ჯო ბაიდენის ვრცელი უკრაინული ამბები" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანულმა ჟურნალმა "სფექთეითორმა" (The Spectator), აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტის ფონზე, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ჯო ბაიდენის ვრცელი უკრაინული ამბები" (ავტორი - ფრედი გრეი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
მხოლოდ დროის საკითხი იყო, თუ როდის ეწვეოდა "მოულოდნელად" ჯო ბაიდენი კიევს. ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერების ბევრი წინასწარ დადგმული გასეირნება გვინახავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, რომელიც თითქმის სავალდებულო ფოტოსესიად იქცა და რომელიც თითქმის რომის პაპთან აუდიენციის ექვივალენტს წარმოადგენს. პრინციპში, მსგავსი სიმბოლიზმი 21-ე საუკუნეში შოკის მომგვრელი არავისთვის აღარ უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიზიტს მნიშვნელობა არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამერიკა, დედამიწის ზურგზე სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდი ფინანსური მოთამაშე, მტკიცედ უჭერს მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ძალისხმევას რუსეთის აგრესიის მოგერიების საქმეში. ჯო ბაიდენი, ალბათ, ამ მომენტში მზად არ არის, კიევს ის თვითმფრინავები მისცეს, რომლებსაც უკრაინელები ნატრობენ, მაგრამ უკრაინის ლიდერთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მან უკრაინისთვის ნახევარმილიარდიანი დახმარების შესახებ განაცხადა.
„ჯო ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯი რისკით გამოირჩევა და არავის უნდა ჰქონდეს იმის ეჭვი, რომ ჯო ბაიდენი გამბედაობას ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქეით ბედინგფილდმა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანმა თქვა, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ რუსეთი საქმის კურსში ჩააყენეს. მრჩეველმა აღნიშნა, რომ ეს გაკეთდა „დეკონფლიქტაციის“ მიზნით: „მე არაფერს გეტყვით, თუ კონკრეტულად როგორი იყო ჩვენი შეტყობინება და რა და როგორ გვიპასუხეს [კრემლიდან], მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ“, - ხაზი გაუსვა ჯეიკ სალივანმა.
ჯო ბაიდენმა 10 საათი გაატარა სპეციალურ მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდიოდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედრისათვის უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ადგილი ამოერჩია, მაგრამ არჩევანი წინასწარგანზრახულად კიევის სასარგებლოდ გააკეთა - უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა.
ჯო ბაიდენმა კიევში ყოფნით მოსკოვს აჩვენა, რომ თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიევს დახმარება არ შეუწყვიტოს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ამომრჩევლებსაც ძლიერი სიგნალი გაუგზავნა.
ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი, ასევე, მკაფიო გაფრთხილებაა ჩინეთისათვის, რომელიც ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ყოფნა [ჩინურ ენაზე] შეიძლება ასე გადაითარგმნოს: "შეჩერდით და უკან დაიხიეთ - ძია სემი ძველებურად ქმნის გეოპოლიტიკურ ამინდს".
რასაკვირველია, საერთაშორისო მასმედია ამ და სხვა ბევრ თეზისზე გაამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ასევე ღირს, რომ ჯო ბაიდენის სხვა ვიზიტიც გავიხსენოთ უკრაინაში, ცხრა წლის წინანდელი, "ბორტ ნომერ ორით", 2014 წელს, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტი იყო და მას ბარაკ ობამამ კიევის მაიდნის რევოლუციაში გარკვევა დაავალა. მაშინ ჯო ბაიდენმა უკრაინას მოკრძალებული დახმარება შესთავაზა - 58 მილიონი დოლარი, თან მკაცრი გაფრთხილებით - "ებრძოლეთ კიბოს დაავადებას - კორუფციას". ამ სიტყვებში თვალთმაქცობაზე უფრო რაღაც დიდი და უარესი იგულისხმებოდა - იმიტომ, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიპყრობილი იყო თავისი ვაჟისკენ - ჰანტერ ბაიდენისაკენ, რომელსაც საოცრად დიდ თანხას უხდიდნენ უკრაინული "ბურიზმას" (Burisma) სამთო-მომპოვებელ კომპანიაში, რომელიც ოლიგარქ ნიკოლაი ზლოჩევსკის ეკუთვნოდა, "კორუფციის ეტალონს", როგორც მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უწოდებდნენ.
გავიხსენოთ, რომ იმ დროს თეთრი სახლი და ვიცე-პრეზიდენტის ოფისი ჰანტერ ბაიდენს საჯაროდ იცავდნენ - "იგი კერძო პიროვნებაა, იურისტად მუშაობს", - აცხადებდა ჯო ბაიდენის პრეს-მდივანი, - "ვიცე-პრეზიდენტი საერთოდ მხარს არ უჭერს არც ერთ კომპანიას, ხოლო კონკრეტულად "ბურიზმასთან" არავითარი კავშირი არ აქვს".
მაგრამ კულისებში, როგორც ჟურნალისტი ბენ შრეკინგერი წერს თავის წიგნში "ბაიდენები: რა ხდებოდა ოჯახის შიგნით ხელისუფლებაში 50-წლიანი ყოფნის დროს", "ჯოს თანაშემწეები შეშფოთებულები იყვნენ "ბურიზმასთან" კონტრაქტით, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ, რადგან ეშინოდათ".
თავის მემუარებში, რომელსაც მიმზიდველი სახელწოდება აქვს - "ლამაზი ნივთები" - ჰანტერ ბაიდენი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვარი კომპანიის [იმიჯისათვის] შესაძლოა სასურველ "მოწმობას" წარმოადგენდა, იგი მასში მუშაობის დროს სრულიად კვალიფიციურად ასრულებდა თავის ფუნქციებს და წელიწადში ერთმილიონიან ხელფასს ნამდვილად იმსახურებდა. "მამამ დამირეკა და მითხრა: "ვიმედოვნებ, რომ კარგად იცი, რასაც აკეთებ". ამით მას უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მე ჯეროვან ყურადღებას ვიჩენ საქმის მიმართ. დავარწმუნე, რომ ასეცაა".
გავიხსენოთ ისიც, რომ "უკრაინგეიტის" ისტორია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველი მცდელობის საფუძველი იყო. რუდი ჯულიანიმ, რომელიც იმ დროს 45-ე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, იურიდიულ საკითხებში, ჰანტერ ბაიდენის ამბები ამოქექა, რითაც დონალდ ტრამპმა ისარგებლა - მან, პრინციპით "ხელი ხელს ჰბანს", ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო დახმარების გაწევა აღუთქვა, სამაგიეროდ კი ბაიდენების საქმიანობაზე სამხილების გაზიარება მოსთხოვა.
რუდი ჯულიანის ძალისხმევისა და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ, უკვე დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის დროს, ნებისმიერი ეჭვი ჯო ბაიდენის მიმართ უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც წესი, "რუსეთის ხრიკებად და პროვოკაციად" აღიქმება. თუმცა ცნობისმოყვარეებს აინტერესებთ, განიხილეს თუ არა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ "მოულოდნელი" ვიზიტის დროს "უკრაინგეიტის" საქმე და როგორ ჩაიარა მათმა საუბარმა ამ თემაზე.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა, რომელიც დელავერელ უკრაინელ-ამერიკელ ბიზნესმენს - ჯონ ჰიმანსკის გადახდა. მასზე ჯო ბაიდენი 2009 წელს ამბობდა, იგი ჩემი ყველაზე კარგა მეგობარიაო. უკრაინის 2014 წლის კრიზისის შემდეგ ჯო ბაიდენის ძმამ - ჯიმიმ და მისმა ცოლმა - სარამ 900 ათასი დოლარის კრედიტი მიიღო იმ ორგანიზაციისაგან, რომელსაც ჯონ ჰიმანსკი აკონტროლებდა. ჰოდა, ამის შემდეგ განა შემთხვევითია ის ფაქტი, რომლის თანახმად, 2009-2012 წლებში ჯონ ჰიმანსკის კომპანიამ Winner Automotive Group-მა აშშ-ის ფედერალური ორგანოსაგან - Overseas Private Investment Group-ისაგან - 20 მილიონი დოლარი მიიღო?
ეს არავინ იცის და არც აინტერესებთ. უკრაინის ომის კვამლში ასეთი საკითხები, თითქოსდა, არ მოჩანს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ