"სომხური პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, ბრიტანელების დახმარებით, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს..." - კვირის პალიტრა

"სომხური პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, ბრიტანელების დახმარებით, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს..."

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველმა პირებმა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შექმნასა და იმ ძალისხმევაზე ისაუბრეს, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს, რაც იმედია, მალე იქნება რატიფიცირებული - ეს არის ისტორიული გზა, როგორ შეიძლება დავსხდეთ და მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მან, ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე, მის გავლენებზე რეგიონში და ახლებური სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არა მხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ - საერთაშორისო დონეზეც“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ. თავის მხრივ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერის თქმით, საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. შეძლებენ თუ არა, აზერბაიჯანელი და სომეხი ლიდერები დაზავებას და როგორ შეიძლება შეიცვალოს, ჩვენი რეგიონის პოლიტიკური დღის წესრიგი, ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- არავითარი შინაარსი არ აქვს ალიევისა და ფაშინიანის განცხადებებს. შესაბამისად, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ მათ ნათქვამს კონკრეტული ქმედებები მოჰყვება. ეს განცხადებები გააკეთეს მიუნხენის სამიტის კონტექსტში, სადაც მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო. ასეთი განცხადებები სხვა საერთაშორისო შეხვედრებზეც გაუკეთებიათ მათ, მაგრამ შინ დაბრუნებულებს სხვა რამეები უთქვამთ და უკეთებიათ.

მთელ ამ ამბავში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, იყო თუ არა, კულუარული მოლაპარაკებები ალიევსა და ფაშინიანს შორის. რატომ ვამბობ ამას? ალიევი საუბრობს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. კი ბატონო, აზერბაიჯანმა და სომხეთმა 2020 წელს ნამდვილად მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ერთი პუნქტი, რომელსაც სომხეთი, უბრალოდ, ვერ შეასრულებს, ეს წარმოუდგენელია.

- რომელ პუნქტს გულისხმობთ?

- პუნქტს, რომელიც ეხება სატრანზიტო კორიდორს სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან აკავშირებს. პრობლემა ის არის, რომ ეს კონკრეტული პუნქტი იმდენად ბუნდოვნად არის შედგენილი, ვერც კი გაიგებ, საბოლოო ჯამში, ვინ უნდა აკონტროლოს ეს სატრანზიტო კორიდორი. ვიდრე ეს პუნქტი არ გაირკვევა, სომეხი საზოგადოებისთვის ამ ხელშეკრულების ამოქმედება იქნება სრულიად მიუღებელი. ფაშინიანმა კარგად იცის, რომ თუ ამ საკითხის გარკვევის გარეშე აამუშავებს ხელშეკრულებას, მაშინვე დამთავრდება მისი პოლიტიკური კარიერა. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ძალიან რთულია სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფაზე საუბარი. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ აზერბაიჯანს მიტაცებული აქვს სომხეთის რამდენიმე კილომეტრიანი ტერიტორია. რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ვფიქრობ, ფაშინიანი ამ შემთხვევაში გულწრფელია, ვინაიდან სომეხ საზოგადოებას ნამდვილად აქვს იმის განწყობა, რომ თურქეთთან ურთიერთობები მოაგვაროს. სომხური პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, ბრიტანელების დახმარებით, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს და ჩემ მიერ ნახსენებ ხელშეკრულებაში მეტი სიცხადე შეიტანოს. ამ პუნქტის მთლიანად ამოღება არ გამოვა, მაგრამ... სომხები ამბობენ, რომ თუ თურქეთთან საზღვრები გაიხსნება, ეს კორიდორი საერთოდ რაღა საჭიროაო.

- ყველაფრის მიუხედავად, ალბათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს რეგიონში ომის შედეგად არსებული გარემოება მაინც აიძულებს კორექტივები შეიტანონ ურთიერთობებში.

- ძნელია ამის თქმა, ვიდრე არ მექნება ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა კულუარული შეხვედრები ალიევსა და ფაშინიანს.

- რაც შეეხება, ღარიბაშვილს, მის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხადებები კრიტიკულად შეფასდა ქართულ საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია მისმა განცხადებამ, სადაც ამბობს, რომ დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგო. მან ასევე თქვა, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, ვინაიდან ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ - ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირსო.

- ღარიბაშვილმა განცხადება მოცემული რეალობის შესაბამისად გააკეთა. ოპოზიციას ეს არ მოეწონა და მისი გაშარჟება დაიწყო. სააკაშვილის თემაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. მე ვიტყვი იმას, რომ რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის - პრემიერ ღარიბაშვილთ საკმაოდ საინტერესო კოზირი აქვს ხელში, ეს არის ენერგეტიკული პროექტები. რომლითაც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, ევროპის სულ მცირე სამი ქვეყანა, ესენია რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლობისტები ნამდვილად გვყავს. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, რუმინეთი, გარდა იმისა, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრია, ასევე ევროკავშირის ანგარიშგასაწევი წევრიცაა. შესაბამისად, რუმინეთის სიტყვა საკმაოდ წონიანია დასავლურ პოლიტიკურ სტრუქტურებში. ღარიბაშვილმა თავისი განცხადებები, რუმინელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იგრძნობა, რომ კულუარული შეხვედრები მოხდა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.

- რისთვის შეიძლება გამოიყენოს ღარიბაშვილმა კოზირი, რომელზეც თქვენ მიგვანიშნებთ?

- საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებისთვის. ღარიბაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლური ძალებიდან ვიღაცას უნდოდა საქართველოს ომში ჩართვა, ვიღაცას არ უნდოდა და გაიმარჯვა.

(სპეციალურად საიტისთის)

ხათუნა ბახტურიძე