"დაჰყავი და იბატონე" - ამ პრინციპით მოქმედებდა კა-გე-ბე საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ
კა-გე-ბეს "ოპერატიული კომბინაციების" მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დეზინფორმაციული ოპერაციები იყო, რომლებიც დისიდენტების სხვადასხვა ჯგუფის ურთიერთდაპირისპირების გამოწვევას ისახავდა მიზნად. დისიდენტური მოძრაობის გასახლეჩად კა-გე-ბე მრავალფეროვან მეთოდებს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი, მრავალგზის შემოწმებული მეთოდი, ამა თუ იმ დისიდენტის "სუკ-ის აგენტობის" შესახებ ინფორმაციის "შემთხვევითი" გავრცელება იყო. ზოგჯერ ეს სიმართლე იყო, უფრო ხშირად კი დეზინფორმაცია. 1976-1978 წლებში საბჭოთა კავშირს დისიდენტების დაპატიმრებისა და გასამართლების "დიდმა ტალღამ" გადაუარა: დააპატიმრეს და გაასამართლეს 22 დისიდენტი, რის შემდეგაც დისიდენტური მოძრაობა ფაქტობრივად ათი წლით შეწყდა. "პერესტროიკის" პერიიოდში კი ამ მოძრაობამ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის ფორმა მიიღო.
გასული საუკუნის 70 იან წლებში დისიდენტური მოძრაობის წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლო პროცესები კა-გე-ბეს შეფის, ი. ანდროპოვის მიერ დამტკიცებული ოპერატიული გეგმის მიხედვით ტარდებოდა, რომლითაც წინასწარ იყო განსაზღვრული ვის რა სასჯელს გამოუტანდნენ. დისიდენტებს შორის დაპირისპირების შეტანის მიზნით სასჯელიც განსხვავებული იყო. თქვენვე განსაჯეთ. ანატოლი (ნათან) შჩარანსკი დააპატიმრეს 1977 წლის 15 მარტს, ხოლო 1978 წლის ივლისში 13 წელი მიუსაჯეს. ალექსანდრე გინზბურგი დააპატიმრეს 1977 წლის 3 თებერვალს, 1978 წლის 13 ივლისს 8 წელი მიუსაჯეს. იური ორლოვი დააპატიმრეს
1977 წლის 10 თებერვალს, ხოლო 1978 წლის ივლისში 7 წელი "ბანაკები" და 5 წელი გადასახლება მიუსაჯეს. უკრაინელი დისიდენტები: მიკოლა მათუსევიჩი და მიროსლავ მარინოვიჩი 1977 წლის 23 აპრილს დააპატიმრეს და 7 წელი "ბანაკები" და 5 წელი გადასახლება მიუსაჯეს. ლიტველი დისიდენტი ბალის გაიაუსკასი 1977 წლის აპრილში დააპატიმრეს და 10 წელი "ბანაკები" და 5 წელი გადასახლება მიუსაჯეს. მათთან შედარებით ქართველი დისიდენტების (ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა და ვ. რცხილაძე) სასჯელი გაცილებით ლმობიერი იყო: 1978 წლის 15-19 მაისს თბილისში მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

მ. მარინოვიჩი გადასახლებაში
გამსახურდიას და კოსტავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის "ბანაკებში" მოხდით და 2 წლით გადასახლება მიუსაჯეს. მაშინ აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა ასეთი რამ განაცხადა: "სასჯელი შედარებით რბილია, მაგრამ არა საქართველოს რბილ კლიმატს მიჩვეული ადამიანისთვის და არა საბჭოთა კავშირის ციხის პირობებში".
თუმცა შემდეგ ზ. გამსახურდიას სასჯელი კიდევ უფრო შეუმსუბუქეს: გამოძიების პროცესში წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ერთი წელი სამად ჩაუთვალეს და სასჯელის ზომად დაღესტანში, ყიზლარის რაიონის სოფელ კოჩუბეიში ორი წლით გადასახლება დაუტოვეს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ამგვარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ზ. გამსახურდიამ აღიარა ანტისაბჭოთა მოქმედებები და მოინანია ჩადენილი დანაშაულიო. მერაბ კოსტავას სასჯელი არ შეუმსუბუქეს და ის 1978 წლის აგვისტოს დასაწყისში პერმის 37 " ბანაკში" გადაიყვანეს. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მ. კოსტავას სასჯელ-აღსრულებით ბანაკებში რამდენჯერმე მოუწყვეს პროვოკაცია, რის საფუძველზეც სასჯელი დაუმძიმეს და მხოლოდ 1987 წელს, დაპატიმრებიდან ათი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. თბილისში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მ. კოსტავას შეკითხვა დაუსვა შალვა მაღლაკელიძის მარტიროლოგის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაზედაც მერაბ კოსტავამ მართლაც რომ წინასწარმეტყველური პასუხი გასცა: " შესაძლებელია ამ სტატიის პუბლიკაცია ნაადრევი იყო, თუმცა მომავალი ისტორიკოსების მიერ მაღლაკელიძის ცხოვრება ისევე აღიქმება, როგორც დღევანდელი ისტორიკოსების მიერ გიორგი სააკაძის". ამ პასუხს სასამართლო დარბაზში შეკრებილი "მოთვინიერებული საზოგადოების" უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. ისტორიამ კი დაამტკიცა თუ ვის მხარეს იყო სიმართლე! ვიქტორ რცხილაძე, რომელიც 1978 წლის იანვარში დააპატიმრეს და მისი საქმე ცალკე გამოიყო, მაისში თბილისში მიმდინარე გამსახურდია-კოსტავას სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაჰკითხეს. ვ. რცხილაძესაც შედარებით რბილი სასჯელი - სამი წლით ყაზახეთში გადასახლება მიუსაჯეს.
ქართველი და სხვა ეროვნების დისიდენტები ზვიად გამსახურდიას 1978 წლის "სატელევიზიო აღიარება-მონანიებას” და 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისთვის ძალზე მსუბუქი სასჯელის "დამსახურებას” არ პატიობდნენ. დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირში მაშინ ორ ბანაკად გაიყო: ერთი გმობდა ზ. გამსახურდიას სატელევიზიო გამოსვლას, მეორე კი ამ ფაქტში კარგად გათვლილ ტაქტიკურ სვლას ხედავდა. 1978 წლის 19 მაისში საკავშირო ცენტრალური ტელევიზიით ზ. გამსახურდიას დაკითხვის დროს გაკეთებული ჩანაწერი, როგორც "ზ. გამსახურდიას სტელევიზიო მონანიება", ისე გადასცეს. ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია ეს ჩანაწერი, სადაც ზ. გამსახურდიას აცხადებს:"1974 წელს, ჩემი მოსკოველი ნაცნობების დახმარებით, დავამყარე კონტაქტი და შემდგომშიც ვაგრძელებდი ურთიერთობას მოსკოვში მყოფ (აკრედიტირებულ) ბურჟუაზიული სახელმწიფოების თანამშრომლებთან. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირში აშშ-ის საელჩოს შიდაპოლიტიკური სექციის პირველი მდივანი იგორ ბელოუსოვიჩი. მისგან მივიღე საზღვარგარეთ გამოცემული და ჩვენს ქვეყანაში გასავრცელებლად შემოტანილი ანტისაბჭოური ლიტერატურა. გამოძიების დროს მე დაწვრილებით ვისაუბრე ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულზე. მინდა ავღნიშნო: ხანდრძლივი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ღრმად ვცდებოდი და რომ ჩემი საქმიანობა დიდწილად მტრული იყო. ამიტომ გულწრფელად ვწუხვარ ჩემს ნამოქმედარზე, ვინანიებ და ვგმობ ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს”.
ტელეეკრანიდან კარგად ჩანს, რომ ამ სიტყვებს ზ. გამსახურდია დაწერილი ტექსტიდან კითხულობს, რომელიც ბუნებრივია სუკ-ში იყო შედგენილი.

ზ. გამსახურდია ვიდეო ჩანაწერში შემდეგ აგრძელებს: " აგრეთვე მსურს აღვნიშნო, რადგანაც ვალდებული ვარ ეს გავაკეთო, რომ მამაჩემისთვის, კონსტანტინე გამსახურდიასთვის, არაფერი იყო ცნობილი ჩემი ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ. ჩემი მამა ყოველთვის მინერგავდა აზრს საბჭოთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის უპირატესობის შესახებ სხვა სახელმწიფო სისტემებთან შედარებით. ამას კონკრეტულ მაგალითებზე მაჩვენებდა კიდეც. ის ცდილობდა ჩაენერგა ჩემთვის საბჭოთა ხალხის სიყვარული და ერთგულება. ამჟამად ძალზე ვწუხვარ, რომ არ, დავუჯერე მამას და ანტისაბჭოთა საქმიანობის გზას დავადექი. არასდროს დავივიწყებ მამაჩემის სიტყვებს: "ერთგულად ემსახურო ჩვენ ხალხს, კულტურას და ენას, შესაძლებელია მხოლოდ ღიად და პატიოსნად”.
1978 წლის სასამართლო პროცესების შემდეგ საქართველოში დისიდენტური მოძრაობა იმდენად გაიხლიჩა, ლიდერები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ორგანიზებული დისიდენტური მოძრაობა მაშინ ფაქტიურად დასრულდა.
ამ დაპირისპირებამ კიდევ უფრო გაიხლიჩა დისიდენტური მოძრაობა და მთლიანად ქართული საზოგადოებაც. კა-გე-ბეს მიზანიც ეს იყო.
(მეთორმეტე ნაწილის დასასრული)