"როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს არის „ფეიკ“ კამპანიის გაგრძელება"
როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს არის „ფეიკ“ -კამპანიის გაგრძელება და თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, შაჰინის განცხადებას ივანიშვილთან დაკავშირებით არ იცნობს, თუმცა, თუ საუბარი იყო დეოლიგარქიზაციის ჭრილში, მაშინ ეს იმის გაგრძელებაა, რაც მან თქვა უცხოური გავლენის თაობაზე პროექტთან დაკავშირებით, რაც სიმართლე არ იყო.
"მე არ მქონია შეხვედრა შაჰინთან, არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა, პარლამენტიდან არავის შეხვედრიან, ასეთი იყო მათი სურვილი, ჩვენ ბუნებრივია, მათ სურვილს უნდა გავყოლოდით. კანონპროექტს რაც შეეხება, სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება, ამერიკული და რუსული კანონი ერთმანეთის ანალოგიურია და ქართულს არც ერთთან შეხება არ აქვს, ორივე კანონი არის კატასტროფული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არ ვიცი, რა კონტექსტში იყო გაჟღერებული მისი სახელი, თუ ქალბატონმა შაჰინმა გაიხსენა, რომ 2012 წელს დემოკრატიული გარდატეხა საქართველოს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა, რომ მას აქვს 3 მილიარდის ქველმოქმედება გაწეული, მაშინ მისასალმებელია, თუ დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში იყო გაჟღერებული, მაშინ ეს იმის გაგრძელებაა, რა განცხადებაც გაკეთდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. ანუ როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს არის "ფეიკ" კამპანიის ჩვეულებრივი გაგრძელება, ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როცა ასეთ დროს საუბრობენ დეოლიგარქიზაციის ჭრილში მასზე, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის,"- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირად საუბარში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა.
სენატორი ასევე გამოეხმაურა უცხოური გავლენის შესახებ კანონს, რომლითაც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი უნდა შეიქმნას და აღნიშნა, რომ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია.
როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა. "როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.