ამ ბირთვული ხელშეკრულებისთვის ერთხელ უკვე გაიწირა საქართველოს ინტერესები კრემლის სასარგებლოდ, დათმობს თუ არა მეორედაც ამერიკა... უკრაინის ხარჯზე? - კვირის პალიტრა

ამ ბირთვული ხელშეკრულებისთვის ერთხელ უკვე გაიწირა საქართველოს ინტერესები კრემლის სასარგებლოდ, დათმობს თუ არა მეორედაც ამერიკა... უკრაინის ხარჯზე?

რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის 21 თებერვლის მიმართვაში ფედერალურ კრებისადმი, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან წლისთავის მოახლოებას. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კვლავ მხოლოდ ფაქტების დამახინჯება, სრული ტყუილი ჭარბობდა...

თუმცა პუტინმა მაინც გააკეთა „სვლა მხედრით“ და ამერიკელების ყველაზე მტკვნეულ თემას - სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის მექანიზმს დაარტყა, როდესაც გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის“ ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსები СНВ-III -ად მოიხსენიებენ, ხოლო ამერიკელები კი - New START -ად.

ეს ხელშეკრულება ორ ბირთვულ სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2010 წლის 8 აპრილს გაფორმდა პრაღაში და მას ხელი აშშ-ისა და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, მაშინ პრეზიდენტმა ობამამ კრემლთან დაიწყო ე. წ. გადატვირთვის პოლიტიკა, რითაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირა, რადგან ორიოდე წლით ადრე საქართველოში შემოჭრა და მისი ორი რეგიონის ოკუპირება კრემლს შერჩა, რადგან თეთრ სახლში ჩათვალეს, რომ რუსული ბირთვული სარაკეტო საფრთხის შემცირება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში ბევრად მეტად ჯდებოდა, ვიდრე ერთი პატარა საქართველოს შემდგომი ბედი რუსი ოკუპანტების ხელში...

და 13 წლის შემდეგ პუტინი იმავე კარტის გათამაშებას აპირებს - ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გამო რუსეთი აჩერებს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე შედეგების გათვალისწინებით...

ასეთს რას წარმოადგენს აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ეს „ბირთვული ხელშეკრულება“, რის გამოც თეთრ სახლში შეიძლება სერიოზულად ჩაფიქრდნენ, გააგრძელონ თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარება?

1972 წლიდან მოყოლებული, ეს მეშვიდე ხელშეკრულება გახლდათ, რომელიც ამერიკული და საბჭოთა/რუსული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების პარიტეტს განსაზღვრავდა და ამით არეგულირებდა ბირთვულ დაპირისპირებას ამ ორ სახელმწიფოს შორის, რადგან ურთიერთინსპექციებს ითვალსიწინებდა სტრატეგიულ ობიექტებზე, რაც თითქმის გამორიცხავდა აღურიცხავი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ფარულად, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას.

სხვათა შორის, ამ ხელშეკრულებას, რომელიც 10 წლის ვადით იყო დადებული, მოქმედების ვადა ჯერ კიდევ 2021 წელს გაუვიდა, მაგრამ მაშინ თავად პრეზიდენტმა პუტინმა უპრობლემოდ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულების კიდევ ხუთი წლით გაგრძელებას, 2026 წლის თებერვლამდე.

ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ აშშ-ს და რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მზადყოფნაში შეიძლება ჰქონდეთ არა უმეტეს (თითოეულ მხარეს) 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტა და მძიმე ბომბდამშენი, რომლებზეც განთავსებული შეიძლება იყოს არაუმეტეს 1 550 ბირთვული ქობინი, ასევე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი არა უმეტეს 800 სარაკეტო გამშვები დანადგარი. გააგრძელე კითხვა