ვინ გადაარჩინა კიევი და რატომ მოკლა ის უკრაინის უშიშროებამ - უკრაინის სპეცსამსახურების ერთწლიანი უთანასწორო ბრძოლა ვერაგ მტერთან
24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა, რაც უკრაინა გმირულად იგერიებს ვერაგი მტრის შეტევებს და თავადაც უტევს. პუტინის ოცნება, რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა და როგორც სახელმწიფო, ორ-სამ კვირაში ჩამოიშლებოდა, საბედნიეროდ, არ ახდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიხვდა პუტინი, რომ სწრაფი და ყოვლისმომცველი გამარჯვება არ ექნებოდა და მან გრძელვადიანი ომის მოსაგებად დაიწყო მზადება. ამის შემდეგ რუსეთის დიქტატორის უახლოეს "კრიმინალურ კლანს" დიდი საფიქრალი გაუჩნდა:
საჯაროდ გაცხადებული გეგმებიც უნდა შეასრულოს, დანაკარგები შეამციროს და "გამარჯვებულის სახეც" არ უნდა დაკარგოს. პუტინს უკრაინის სრული განადგურება უნდოდა: ხელისუფლების, არმიის, ხალხის და 2022 წლის 9 მაისს „გამარჯვების აღლუმის" გამართვა სურდა მოსკოვში, თუმცა იმედია, რომ 2023 წლის ბოლოს უკრაინის გამარჯვების აღლუმი კიევში გაიმართება.
განვლილი ერთი წლის მანძილზე მთავარი კითხვა ასეთი იყო: გაუძლებდნენ კი უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის გაცილებით მრავალრიცხოვანი და უფრო გამოცდილი სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებს?
დაუნდობელ სამხედრო შეტაკებებთან ერთად, უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაძაბული ბრძოლები "უხილავ ფრონტზეც" მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ამ ფართომასშტაბიანი ომისთვის რუსეთი თვეებით ადრე ემზადებოდა და მას „მოულოდნელობის ეფექტის" უპირატესობა ჰქონდა.
და, აი, რატომ
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა (პირველ რიგში, აღმოსავლეთ ოლქები) რუსი ეროვნებისაა (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის გარდა, ესენია: ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქები), მაშინ უკვე ნათელია, რომ უკრაინას დიდი საფრთხე შიგნიდან ელოდა. "მეხუთე კოლონა" და ღალატი სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო ელიტაში - სწორედ ამის იმედი ჰქონდა რუსეთსაც და ამ მიმართულებით წლების მანძილზე აქტიურად მუშაობდნენ "ეფ-ეს-ბე" და "გე-ერ-უ". ეს იყო უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა.
პუტინი ცდილობდა და კვლავ ეცდება, მცირერიცხოვანი, მობილური სადაზვერვო-დივერსიული რაზმები (სდრ) შეაგზავნოს კიევსა და უკრაინის დიდ ქალაქებში. პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის (რომელსაც ის ნარკომანებსა და ნაცისტებს უწოდებს) "განეიტრალება" (მათი ლიკვიდაციის ჩათვლით) და უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანა იყო და არის. "პატარა დიქტატორი" ამას ვერ შეძლებს ზელენსკისა და უკრაინის მთავრობის რამდენიმე წამყვანი წევრის ლიკვიდაციის ან გადაბირების გარეშე. ბრიტანული გამოცემა The Times ჯერ კიდევ შარშან, 28 თებერვალს წერდა: კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებულიო. ამჟამადაც ასე გრძელდება.
დღეს ყველა აღიარებს, რომ ზელენსკის კიევი რომ დაეტოვებინა (რასაც ბევრი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ურჩევდა), დღეს რუსეთს კიევი აღებული ექნებოდა და ომიც დამთავრებული იქნებოდა. ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ, ქვეყნის ეკონომიკა ფუნქციონირებს და უკრაინელების საბრძოლო მუხტი არ შენელებულა, - ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უპირველესად უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა. ამ ვითარებაში ზელენსკის და მთავრობის რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია ან მწყობრიდან გამოყვანა უკრაინას ისევ სამი-ოთხი წლის წინანდელ პოლიტიკურ დაპირისპირებაში დააბრუნებს და რუსეთს უკვე აღარ გაუჭირდება „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა".
ამ სტრეტეგიული მიზნის გარდა, რუსეთის სპეცსამსახურებს ტაქტიკური ამოცანებიც ჰქონდათ: მოქმედი და „დაკონსერვებული" აგენტურის გააქტიურება უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გასანადგურებლად და პოლიტიკური ხელისუფლების კოპრომეტირებისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მისაღწევად. რუსეთის მობილურ სადაზვერვო-დივერსიულ რაზმებს, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გარდა, დავალებული აქვთ უკრაინის ქალაქებში დივერსიების მოწყობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის (ელექტროსადგურები, წყალსადენი, გათბობის სისტემა, ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემა და ა.შ.) მწყობრიდან გამოყვანა, მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელება, პანიკის დათესვა და სხვ.
ომი სწრაფად დამთავრდება პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაციის შემთხვევაში, რაც კარგად იცის რუსეთის დიქტატორმა. პოლიტიკური მკვლელობისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დივერსიებისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. საბჭოთა და შემდეგ - რუსეთის "სპეცრაზმები" ითვლებოდა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ დანაყოფებად, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ჩამორჩებოდნენ მოწინააღმდეგეს ტექნიკური აღჭურვისა და დაფინანსების მხრივ, ფანატიზმის ხარჯზე, ხშირად პირადი შემადგენლობაში დიდი მსხვერპლის მიუხედავად, დასახულ მიზანს მაინც აღწევდნენ. ნათქვამია: "ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებაო": რუსეთი ამ ერთი წლის მანძილზე ცდილობდა უკრაინის ხელისუფლებაზე შიგნიდან, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის საშუალებით ზეწოლის განხორციელებას, თუმცა ჯერჯერობით მიზანს ვერ მიაღწია.
ვფიქრობ, რომ უკრაინას ღია ბრძოლებში უფრო აქვს წარმატების შანსი, ვიდრე - სპეცსამსახურების ფარულ "პოზიციურ" დაპირისპირებაში. რატომ? იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე რუსეთი აქტიურად ნერგავდა საკუთარ აგენტურას უკრაინის არმიაში, სპაეცსამსახურებში, დიპლომატიურ კორპუსში, პოლიტიკურ პარტიებში და ა.შ.
ერთი შეხედვით, საკმაოდ დიდი დრო გავიდა და "რუსული დესანტი" უკრაინის "ძალოვან ბლოკში" უკვე გამოვლენილი და განეიტრალებული უნდა იყოს. ეს ხელმძღვანელობას ეხება, თუმცა სპეცსამსახურების სპეციფიკაც ისაა, რომ აგენტურა საშუალო და ქვედა რგოლებში უფრო შეუმჩნევლად და ეფექტიანად მოქმედებს. მერწმუნეთ, რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს იღონებდნენ, რომ მათი აგენტურა არა მარტო დარჩენილიყო უკრაინის სპეცსამსახურებში, არამედ - დაწინაურებულიყო კიდეც. რუსეთზე ორიენტირებული ჩინოვნიკები აუცილებლად დატოვებდნენ "ღრმა დაშიფრვის ოფიცრებსაც" და - არა მარტო სპეცსამსახურებში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, არამედ - ყველა სტრატეგიულ სამინისტროსა და უწყებაში, ასევე პოლიტიკურ პარტიებში.
ვინ შეიძლება იყოს "ღრმა დაშიფრვის ოფიცერი"?
ესაა სპეცსამსახურების შტატში მყოფი ფარული ოპერატიული თანამშრომელი, რომელიც წარგზავნილია ოპერატიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე, ფარული ოპერატიული საქმიანობის წარმართვის მიზნით. კადრების, საფინანსო და სხვა სამსახურები მას აფორმებენ დაშიფრული მონაცემებით. "ოფიცრის" პირადი საქმე და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინახება მის უშუალო ხელმძღვანელთან. დაზვერვასთან მისი კავშირი ცნობილია მხოლოდ მისი უშუალო და პირდაპირი ხელმძღვანელებისთვის. ასე რომ, "ღრმა დაშიფრვაში" შეიძლება იმყოფებოდეს სპეცსამსახურების არაოპერატიული დანაყოფების: სამეურნეო ან საფინანსო სამმართველოს, არქივის რომელიმე თანამშრომელი ან კადრების განყოფილების მომხიბლავი ქალბატონი, რომლებიც ღრმა კონსპირაციაში მოქმედებენ და მხოლოდ ერთეულებმა იციან მათი რეალური დავალება.
უკრაინის წინაშე დიდი პრობლემები ღალატთან რომ იქნებოდა დაკავშირებული, ეს შემდეგი ფაქტებითაც დასტურდება - გაირკვა, რომ გასულ წელს, 23 თებერვალს, რუსული არმიის შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ეს, ფაქტობრივად, "შიდა კონტრდაზვერვაა") ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ნაუმოვმა რამდენიმე ადამიანის თანხლებით დატოვა უკრაინა. მისი ოჯახი კი უფრო ადრე წასულა. მალევე ისინი სერბეთში აღმოჩნდნენ.
როგორ ფიქრობთ, ნაუმოვი ხელცარიელი წავიდოდა თუ საიდუმლო დოკუმენტებითა და ინფორმაციით დატვირთული? ანდრეი ნაუმოვისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ხერსონის ოლქის სამმართველოს ყოფილი უფროსის, სერგეი კრივორუჩკოს წინააღმდეგ აღიძრა საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით („ღალატი"). 2022 წლის 31 მარტს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით ორივეს ჩამოართვეს გენერლის სამხედრო წოდება.
ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა: „დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ ანტიგმირთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუმკლავდე, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი, ყველანი დაისჯებიან".
შეძლებს კი ზელენსკი ამას? რამდენად არიან მზად უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის აგენტურის გამოსავლენად? შეძლებენ კი უკრაინის სპეცსამსახურები, უპირველესად კი - უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, მათ განეიტრალებას? როგორია მათი პროფესიული მომზადების დონე? - ეს კითხვები იყო და კვლავ არის ყველაზე აქტუალური.
გასული წლის მანძილზე უკრაინის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო (სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება) ნეპოტიზმი საკადრო პოლიტიკაში და, აქედან გამომდინარე - პროფესიონალიზმის დაბალი დონე.
უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზელენსკიმ სპეცსამსახურებში „დიდი „საკადრო წმენდა" მოაწყო და გაათავისუფლა პოროშენკოს დანიშნული კადრები. ეს „გარდამავალი დემოკრატიის" ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა ერთმა დანიშვნამ ყველაზე მეტი შეკითხვა გამოიწვია: მან უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსად ბავშვობის მეგობარი ივან ბაკანოვი დანიშნა.
ძალზე მცირეა ქვეყნები, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არა პარტიული ნიშნით ან ნაცნობობა-მეგობრობით, არამედ - გამორჩეული პროფესიული თვისებების გამო არჩევენ. აშშ-ის ისტორიაში ძალზე ხშირია, როდესაც „დემოკრატი" პრეზიდენტის დანიშნული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ან გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) დირექტორი, „რესპუბლიკელი" პრეზიდენტის (ან პირიქით) ადმინსტრაციაშიც აგრძელებს მუშაობას. იგივე შეიძლება ითქვას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვ. სპეცსამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის შემთხვევაშიც. ამგვარი საკადრო პოლიტიკა მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მაჩვენებელია. ამასთან ერთად, გაცილებით ბევრია ისეთი ქვეყნები, სადაც სპეცსამსახურების ხელმძღანელები არა პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, არამედ - პირადი ერთგულებითა და კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის გამო ინიშნებიან. ამ დროს კი შეფასების ობიექტური კრიტერიუმები უკვე დაკარგულია. ეს შეფასება არა მხოლოდ სპეცსამსახურებს, არამედ, ზოგადად, საჯარო სამსახურს (მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში) ეხება.
როგორც უკვე ვთქვი, 2019 წლის 29 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის უფროსად ივან ბაკანოვი დანიშნა. ბაკანოვი და ზელენსკი კრივოი როგში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ბავშვობიდან მეგობრობენ. იქვე მიიღეს უმაღლესი განათლება. შემდეგ ზელენსკი სამსახიობო კარიერას გაჰყვა, ხოლო ბაკანოვი ბიზნესში წავიდა. ზელენსკი მისივე დაარსებული "სტუდია კვარტალ 95"-ის გენერალური დირექტორი და თანამფლობელი იყო. მოგვიანებით, 2013 წელს, მათ ბაკანოვიც შეუერთდა და ის "სტუდია კვარტალ 95"-ის მთავარი იურისტი გახდა. 2017 წლიდან ბაკანოვი პარტია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე იყო.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაკანოვი ზელენსკის შტაბის უფროსი და უმაღლეს რადასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი იყო. "მასთან ერთად გავიზარდე, ერთ სადარბაზოში, ეს ჩემი გუნდია", - ბაკანოვის შესახებ განაცხადა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. ზელენსკის პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში 30-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც „სტუდია კვარტალ-95"- თან იყვნენ დაკავშირებული, მაღალი თანამდებობები მიიღეს უკრაინის ახალ ხელისუფლებაში (პრეზიდენტის ოფისი, უსაფრთხოების უწყებები, ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები, პარლამენტი), მათ უმეტესობას არანაირი გამოცდილება ამ სფეროებში არ ჰქონდათ. მათ შორის იყო ივან ბაკანოვიც, რომელიც ზელენსკიმ 2019 წლის 22 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილედ, ხოლო 2019 წლის 29 აგვისტოს ამ სამსახურის უფროსად დანიშნა. ბაკანოვს სამხედრო წოდება - ლეიტენანტი 2019 წლის მაისის ბოლოს მიენიჭა, რათა საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვება ჰქონოდა. საიდუმლო არავისთვის იყო, რომ ბაკანოვის დანიშვნის მთავარი მიზანი ზელენსკის ოპონენტების - კონკურენტი პოლიტიკური პარტიების, უპირველესად კი - პოროშენკოს პარტიის წინააღმდეგ მუშაობა იყო.
2020 წლის 20 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივან ბაკანოვს უკრაინის ისტორიაში უშიშროების სამსახურის საუკეთესო ხელმძღვანელი უწოდა. მაშინ ზელენსკი ამგვარად ახასიათებდა თავის ბავშვობის მეგობარს: "ივან ბაკანოვს არაფრის ეშინია. ყველაფერი, რაც აქვს, პოლიტიკურ კარიერამდე, მრავალი წლის წინ შეიძინა. მანამდეც კი, სანამ "კვარტალ 95"-ის სტუდიაში დაიწყებდა მუშაობას. მას თავისი სახლი ჰქონდა, სადაც ცხოვრობს. ჩვენ ნამდვილად მეგობრები ვართ, მე ნამდვილად პატივს ვცემ ღირსეულ ადამიანს. მე ვიცი და თქვენ იცით, რომ... შეიძლება რაღაც აკლია... მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მან აჩვენა, რომ უკრაინაში უშიშროების ასეთი პატიოსანი ხელმძღვანელი არასოდეს ყოფილა". თუმცა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ივან ბაკანოვმა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
2014 წლის მოვლენების (რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნაწილზე პრორუსული ძალების გამარჯვება) დროს უკრაინის სპეცსამსახურებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-ანალიზით თავი არ გამოუჩენიათ. იგივე განმეორდა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის წინ.
„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან რუსეთის აგენტები" - ასე განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვასილ ბურბამ ერთ-ერთ ინტერვიუში. 2022 წლის 15 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავმა უწყებებმა აღკვეთეს უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა: „ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა", - განაცხადა მაშინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე იენინმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. 2022 წლის 21 ივნისს კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის აგენტები უკრაინის მთავრობაში გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის შედეგად კიევში დააკავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს დეპარტამენტის უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დირექტორატის ხელმძღვანელი. ამ აგენტმა-ჩინოვნიკებმა რუსეთს გადასცეს სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია: უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობის; სახელმწიფო საზღვრის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის; უკრაინელი სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების პერსონალური მონაცემების და სხვ. შესახებ. ამ საიდუმლო ინფორმაციაში რუსი კურატორები მათ 2-დან 15 ათას დოლარამდე უხდიდნენ.
გასულ წელს უკრაინის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კოორდინაციის დაბალი დონე. უფრო მეტიც: მათ შორის ღია და პირდაპირ დაპირისპირებას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ფარული თანამშრომლის, დენის კირეევის სიცოცხლე შეეწირა. დღესაც არ ცხრება დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ იყო ცნობილი უკრაინელი ბანკირი დენის კირეევი: რუსეთის აგენტი თუ უკრაინელი მზვერავი?
ვინ გადაარჩინა კიევი და რატომ მოკლა ის უკრაინის უშიშროებამ?
გასული წლის 5 მარტს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სახელისუფლებო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ყოფილმა წევრმა ოლექსანდრ დუბინსკიმ თავის "ტელეგრამ-არხზე" შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: "უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებისას მოკლეს გომელში პირველი მოლაპარაკების დროს უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი. ღალატში ეჭვმიტანილი კირეევი კლიუევების კაცია. 2006 და 2008 წლებში დენის კირეევი მუშაობდა SCM Finance-ში, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა; 2006-2012 წლებში დენის კირეევი იყო "უკრექსიმბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010 წლიდან 2014 წლამდე კლიუევის კვოტით ეკავა Oschadbank-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. როგორ მოხვდა ის უკრაინის დელეგაციაში ოკუპანტებთან მოლაპარაკებისთვის? - ძალიან მინდა, გავარკვიო პრეზიდენტის აპარატიდან". ცნობილი ბანკირის, დენის კირეევის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირისა და მკვლელობის შესახებ დუბინსკის ეს ინფორმაცია არა ერთმა უკრაინულმა და რუსულმა მედიამაც გაავრცელა. რუსეთმა საკუთარი პროპაგანდისტული შეტევისთვის უმალ "გამოაბა კუდები": ხედავთ კიევის ცენტრში უკრაინელები როგორ კლავენ ცნობილ ფინანსისტებსო? 2022 წლის 5 მარტს, გვიან ღამით, "ფეისბუქზე" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია:
"უკრაინამ დაკარგა თავისი ერთგული შვილები
სპეციალური დავალებების შესრულების დროს დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამი თანამშრომელი - ოლექს ივანოვიჩ დოლია, ვალერი ვიქტოროვიჩ ჩიბინეევი და დენის ბორისოვიჩ კირეევი. ისინი იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თავდადებული იყვნენ თავიანთი საქმისა და უკრაინის დასაცავად. ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა ერთგული შვილები და მამაცი ჯარისკაცები. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპული მზვერავების ოჯახებს. გმირები არ კვდებიან! ისინი ცოცხლობენ მანამ, სანამ ჩვენ გვახსოვს ისინი!".
ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ რამდენიმე კითხვა მალევე წარმოიშვა. 2022 წლის 13 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთმა კერძო ტელევიზიამ - "მე-5 არხმა" (რომლის მფლობელია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო) გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც დენის კირეევი პირდაპირ იყო დადანაშაულებული რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში. ტელეარხის ჟურნალისტი (ბლოგერი იაროსლავ ბონდარენკო) აღნიშნავდა: "დენის კირეევი მრავალი წელია, თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ("ეფ-ეს-ბე" ) ოპერატიულ მასალებში უკრაინელი ბანკირი მოხსენიებულია ოპერატიული ფსევდონიმით - „ხოროში".
2006 წლიდან ის "ეფ-ეს-ბეს" აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იარაღის შესყიდვის შესახებ, ასევე, აწვდიდა უკრაინელი ოლიგარქების გამდიდრების სქემებს. აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები მის შედეგებს არ ავრცელებენ. კირეევი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას თავის კურატორებთან და ამისთვის ყოველთვიურად მიემგზავრება რუსეთში. წელს ის უკვე ორჯერ იყო რუსეთის ფედერაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, კირეევი აგრძელებდა კონტაქტს რუსეთის სპეცსამსახურების კურატორებთან...
შთაბეჭდილება რჩება, რომ კირეევი თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივან ბაკანოვი გახდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, რადგან მათ აქვთ მეგობრული ურთიერთობა".
ცნობილი იყო დენის კირეევის მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ პოლიტიკოსთან, უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის "მარჯვენა ხელთან", ანდრეი კლიუევთან. დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მიერ ა. კლიუევი დასახელებულია იმ უკრაინელ პოლიტიკოსთა შორის, რომლებთანაც რუსეთის სპეცსამსახურები ამჟამადაც ინარჩუნებენ კონტაქტებს და მათ განიხილავენ უკრაინის "მარიონეტული მთავრობის" წევრებად.
თუმცა "უცნაურობები" დენის კირეევთან დაკავშირებით ამით არ სრულდება. 2022 წლის 28 თებერვალს, ბელარუსის ტერიტორიაზე, რუსეთ-უკრაინას შორის გასამართი მოლაპარაკებების დაწყების წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია. უკრაინის დელეგაციის წევრად დასახელებული იყო ექვსი პირი: უზენაეს რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექს რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, დიპლომატი ანდრეი კოსტინი, რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი. დენის კირეევი მოლაპარაკების მონაწილედ არ იყო გამოცხადებული, თუმცა ის მოლაპარაკებებს მაინც ესწრებოდა, რაც ფოტო და ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს.
რატომ ესწრებოდა დენის კირეევი მოლაპარაკებებს და რა სპეციალური დავალება ჰქონდა მას, მაშინ უცნობი იყო. ასევე, უცნობი იყო, უკავშირდებოდა თუ არა მისი მკვლელობა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს.
ამ მოვლენებს რამდენიმე თვის შემდეგ მოეფინა ნათელი, როდესაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დენის კირეევი 2009 წლიდან იყო მათი თანამშრომელი და მას რამდენჯერმე გავლილი ჰქონდა „სიცრუის დეტექტორზე" შემოწმება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ დენის კირეევი რუსეთის აგენტი იყო და ამის დასადასტურებლად კირილ ბუდანოვმა რამდენიმე არგუმენტი დაასახელა.
კირილ ბუდანოვის სიტყვებით, ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე მან პირადად სთხოვა დენის კირეევს რუსეთის სპეცსამსამსახურებში აგენტურული მუშაობის დაწყების შესახებ. კირეევი დათანხმდა ამ წინადადებას და სხვა სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან ერთად მანქანით გადაკვეთა რუსეთთან საზღვარი. რამდენიმე დღის შემდეგ კირეევი დაბრუნდა და ბუდანოვს გადასცა შეგროვებული ინფორმაცია.
ასევე, გაირკვა, რომ 2022 წლის 23 თებერვალს კირეევმა ბუდანოვი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. გარდა ამისა, კირეევს ისიც სცოდნია, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო ანტონოვის აეროპორტი, კიევთან ახლოს. რუსეთის სარდლობა გეგმავდა აეროპორტის ხელში ჩაგდებას, რათა მოგვიანებით იქ გადაესროლა ჯარები და აღჭურვილობა უკრაინის დედაქალაქის შტურმისთვის. ბუდანოვის თქმით, კირეევისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით, აეროდრომზე დამატებითი ძალები გადაიყვანეს. სასტიკი ბრძოლის შემდეგ შეუძლებელი გახდა კიევზე თავდასხმის პლაცდარმად აეროდრომის გამოყენება. „კირეევი რომ არა, დიდი ალბათობით, კიევი აღებული იქნებოდა", - აცხადებს კირილ ბუდანოვი. მანვე გაამხილა, რომ თავად სთხოვა კირეევს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა 2022 წლის 28 თებერვალს რუსეთ-უკრაინულ მოლაპარაკებებში, ბელარუსში, რადგან რუსეთის დელეგაციის ორ წევრს კირეევი კარგად იცნობდა.
კირეევი თავდაპირველად წინააღმდეგი ყოფილა: მას ესმოდა, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში მისი გამოჩენა სარისკო იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა. მოლაპარაკებებზე გამოჩენის შემდეგ კირეევის კავშირი სპეცსამსახურებთან ყველასთვის აშკარა გახდა, მაგრამ სიტუაცია კრიტიკული იყოო, - განაცხადა ბუდანოვმა. კირეევს ბუდანოვისგან (ბუნებრივია, პრეზიდენტ ზელენსკის თანხმობის გარეშე ის ამგვარ დავალებას ვერ გასცემდა) დავალებული ჰქონდა ორმხრივი მოლაპარაკებების მაქსიმალური დროით გაჭიანურება, რათა უკრაინელებს მოესწროთ სამხედრო შენაერთების მობილიზება და თავდაცვითი პოზიციების დაკავება.
უკრაინელი ბანკირის მკვლელობის შემდეგ გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დღეს, 2022 წლის 5 მარტს, დენის კირეევი თავის მცველებთან (!!!) და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ასევე უნდა გამგზავრებულიყვნენ ბელარუსში, კიევის რკინიგზის სადგურში მისვლას გეგმავდა. მან გააფრთხილა დაცვის თანამშრომლები, რომ დაკავების შემთხვევაში არ ჩარეულიყვნენ. კიევის ცენტრში უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების რამდენიმე მანქანამ კირეევის ავტომობილი დააკავა, მისი დაცვა გაანეიტრალეს, თავად კირეევი კი მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დაახლოებით, საათ-ნახევრის შემდეგ დენის კირეევის ცხედარი ქუჩაში იპოვეს. უკრაინის უშიშროების სამსახურს ჰქონდა დენის კირეევის რუსეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტის დამადასტურებელი არა ერთი ფაქტი და ისინი უკრაინელ ბანკირს "ეფ-ეს-ბეს" აგენტად თვლიდნენ. ამიტომაც მოლაპარაკების მეორე რაუნდის დაწყების წინ მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ამ დროს კი კირეევი, თურმე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით მოქმედებდა. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გაირკვა სიმართლე, როდესაც კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: დენის კირეევი 2022 წლის 5 მარტს დაიბარეს უკრაინის უშიშროების სამსახურში, თუმცა იქ მისვლამდე 200 მეტრში უშიშროების სპეცრაზმ „ალფას" თანამშრომლებმა დააკავეს, გადასვეს მიკროავტობუსში და მოკლეს, ცხედარი კი ქუჩაში დააგდეს. ბუდანოვმა ისიც აღნიშნა, რომ პირადად იცნობს იმ ადამიანებს, ვინც კირეევის ლიკვიდაცია განახორციელა. გაირკვა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ის შეხვდა უშიშროების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს - ივან ბაკანოვს, თუმცა მან ვერ ახსნა, თუ რა მოხდა.
ფაქტია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ფარული თანამშრომელი დაიღუპა იმის გამო, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს შორის არ არსებობდა ნდობა და კოორდინაცია. კირილ ბუდანოვს დენის კირეევის გაშიფრვა არ უნდოდა უშიშროების ხალხთან, იმიტომ რომ მათ არ ენდობოდა. თავის მხრივ ივან ბაკანოვს „რუსეთის აგენტის გამოვლენითა და ლიკვიდაციით" თავის მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკისთან „ქულების ჩაწერა" სურდა - ამ „შეჯიბრს" კი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დასამალი არაა, რომ ამგვარი უწყებრივი დაპირისპირება საკმაოდ ხშირად ხდება. უკრაინის შემთხვევაში კი, კიდევ ერთხელ დადასტურდა: თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ერთმანეთს არ ენდობიან და ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად ინფორმაციას არ ცვლიან, ამგვარი ტრაგიკული შეცდომები კიდევ მრავალი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მხოლოდ 2022 წლის ივლისის ბოლოს გაათავისუფლა თანამდებობიდან უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად იმით ახსნა , რომ იმ პერიოდში უკრაინის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატის 700-მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჩემი აზრით, ეს უკრაინის კონტრდაზვერვის სუსტ მუშაობაზე პირდაპირი მინიშნება იყო. პრეზიდენტს დენის კირეევის ტრაგიკული სიკვდილის ფაქტი არ უხსენებია, თუმცა ეჭვი არაა, ამ გარემოებამაც ითამაშა როლი ბაკანოვის გათავისუფლებაში. 2023 წლის 7 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსად გენერალი ვასილ მალიუკი დაამტკიცეს, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე მოვალეობის შემსრულებელი იყო.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ახალმა უფროსმა ვასილ მალიუკმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა უკვე რამდენიმე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს, ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.
ერთი კი პირდაპირ უნდა ითქვას: სრულიად გაუმართლებელია გამოუცდელი და არაპროფესიონალი ბავშვობის მეგობრების და თანაპარტიელების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებად დანიშვნა და მათი მფარველობა, მით უფრო - ომის დროს. უკრაინის მესამე სპეცსამსახური - საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელსაც 2021 წლის 23 ივლისიდან ოლექსანდრ ლიტვინენკო ხელმძღვანელობს, გარკვეულწილად, ჩრდილშია მოქცეული. ამ სამსახურს მართლაც რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, ესაა სადაზვერვო საქმიანობა: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, საინფორმაციო და გარემოსდაცვით სფეროებში. რუსეთთან ომის პირობებში ამ ამოცანების შესრულება განსაკუთრებით გართულებულია. დაზვერვის წარმატებები ყოველთვის არაპირდაპირი გზებით ხდება ცნობილი, ჩავარდნას კი უსწრაფესად ვიგებთ. უკრაინელი მზვერავების ფარული საქმიანობის შეფასება უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებზე არის დამოკიდებული.
უკრაინას მუდმივ დახმარებას უწევენ ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები. ამის დადასტურება იყო 2023 წლის 20 იანვარს ცსს-ს დირექტორის, უილიამ ბერნსის კიევში ვიზიტი და შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებთან. ბერნსმა ზელენსკის აცნობა უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმების შესახებ. ამერიკული დაზვერვა და დასავლელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ამზადებს ახალ შეტევას უახლოეს კვირებში ან თვეებში, რა დროსაც, შეიძლება, უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მარაგის შესაძლო ამოწურვაც გამოიყენოს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებს სულ სხვა რეალობაში მოუხდათ მუშაობა და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული ნაკლოვანებები უკვე აღარ იმალება. მათ წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეცსამსახურები მოქმედებენ, რომლებიც მრავალია წელია, აგენტურით „ნაღმავდნენ" უკრაინას. ამ ვითარებაში მხოლოდ პროფესიონალების დროა.
შეიძლება შევაჯამოთ:
ერთი წლის შემდეგ უკრაინის სპეცსამსხურების მთავარი პოზიტიური შედეგი ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და ხელისუფლების წევრების ლიკვიდაცია პუტინმა ვერ შეძლო, ასევე, ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის ხელისუფლებაში შიდადაპირისპირების შეტანა. უმთავრესი ნეგატიური შედეგი კი ნეპოტიზმი და უკრაინის სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მოქმედებებია.
ჩემი აზრით, უკრაინის საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება: შეძლებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება დღეს არსებული ერთიანობის შენარჩუნებას; მოასწრებს თუ არა დასავლეთის სამხედრო დახმარების ეფექტიანად გამოყენებას და რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემენ უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული რაზმების მოქმედებებს.
(სპეციალურად საიტისთვის)
ბესიკ ალადაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, რომელსაც, შესაძლოა, რედაქცია არ ეთანხმებოდეს