"ერთმანეთს ატყუებენ და ურჩევენ, ამერიკაში უნდა შეადგინო ეს "ქეისიო" - ქართველი არალეგალების პირველი ნაბიჯები და პრობლემები ამერიკაში - კვირის პალიტრა

"ერთმანეთს ატყუებენ და ურჩევენ, ამერიკაში უნდა შეადგინო ეს "ქეისიო" - ქართველი არალეგალების პირველი ნაბიჯები და პრობლემები ამერიკაში

ლილია ბეიტერი საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში ემიგრანტებს ეხმარება

უკვე ბევრისთვის ნაცნობი მექსიკა, პანამა, ნიკარაგუა, კანადა, ლიტვა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ გზებისა, რომელთა საზღვრის გავლითაც ქართველები ამერიკაში ლეგალურად თუ არალეგალურად მოხვედრას ცდილობენ... უამრავი ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, ზოგი მათგანი საოცნებო ქვეყანაში მოუმზადებლად, ყოველგვარი თადარიგის დაჭერის გარეშე ჩადის; არ იცის ენა, არ აქვს პირველ ხანებში საკმარისი თანხა, საემიგრაციო ციხეში მოხვედრის შემდეგ იწყებს "სპონსორის" ძებნას... არის შემთხვევები, როდესაც ემიგრანტს სპონსორი ატყუებს, ხანდახან კი თავად ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ ამერიკის შესაბამისი სამსახურები მათ საქმიანობაში ხარვეზებს უპოვიან, რითაც ემიგრანტსაც უქმნიან პრობლემებს და საკუთარ თავსაც.

ქართველი ადვოკატი, ლილია ბეიტერი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ადგილობრივი მეუღლე ჰყავს და საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში ემიგრანტებს ეხმარება, გვიყვება, თუ რა პრობლემების წინაშე დგებიან ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩასული ქართველები.

- ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკას უამრავი ემიგრანტი მოაწყდა, მათ შორის ასობით ათასი ქართველია. ერთი ან რამდენიმე ჯგუფი ჩამოვა და შემდეგ სხვებსაც ეპატიჟებიან, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ აქვთ ბევრი რამ მოგვარებული. ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდება, ვეუბნები, რომ ვინც ამერიკაში ჩაბარებას აპირებს, უნდა წამოიღოს იურისტის დახმარებით შედგენილი "ქეისი", თუ რატომ დატოვა ქვეყანა, რადგან აქ რომ შემოვლენ, ექნებათ სასამართლო პროცესი... თუმცა, არა, მაინც ერთმანეთს ატყუებენ და ურჩევენ, საქართველოში კი არა, ამერიკაში უნდა შეადგინო ეს "ქეისიო". ზოგს აბსურდული ისტორია უწერია და ფოტოც კი არ აქვს დართული... ვერ აცნობიერებენ, რომ ის საბუთი არის პირველი ნაბიჯი, რითაც ამერიკაში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებენ. ამასთან, რადგან ემიგრანტების ნაკადმა იმატა, გართულდა სანდო სპონსორის პოვნაც.

მიგრანტებს ანაბეჭდებს უღებენ, მათი საქმის წარმოებას იწყებენ, სპეციალურ ნომერს ანიჭებენ და ეკითხებიან, ჰყავთ თუ არა სპონსორი, ანუ ამერიკაში მცხოვრები ადამიანი, ვინც მიგრანტზე გარკვეულ პასუხისმგებლობას აიღებს. მისი არსებობა ნიშნავს, რომ მიგრანტს აქვს თავშესაფარი და ქუჩაში არ დარჩება. აშშ-ის ხელისუფლებისთვის ეს არის გარანტია იმისა, რომ პოტენციურ დამნაშავეს ან დამნაშავეთა ნაკადს არ იღებს; ქუჩაში, ღამის გასათევისა და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილმა ადამიანმა, თავის გადასარჩენად ხომ ან უნდა იქურდოს, ან სხვა სახის დანაშაული ჩაიდინოს...

სპონსორებს ზოგი სპეციალურ ემიგრანტთა ჯგუფში პოულობს, რომელიც ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში მრავლადაა, ზოგს კი ამერიკაში მცხოვრები ახლობელი ეხმარება. სპონსორები დაახლოებით 2.000-დან 3.500-მდე დოლარს იღებენ. მათი მოვალეობაა, როდესაც საემიგრაციო ციხიდან დაურეკავენ, უპასუხონ, რომ მზად არიან იმ კონკრეტულ ადამიანს უპატრონონ.

- თუმცა, ეს ფორმალობაა და როგორც წესი, მიგრანტები ასეთ სპონსორებთან არ ცხოვრობენ, არა?

- არა, რასაკვირველია. მას შემდეგ, რაც ისინი ციხეს დატოვებენ, მათ დასაქმებაზე თავად სპონსორი ან ემიგრანტის სხვა, ადრე ჩამოსული ახლობლები ზრუნავენ.

აქვე გეტყვით, რომ არის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ემიგრანტს გათავისუფლების შემდეგ ფეხზე სამაჯურს უმაგრებენ და მის გადაადგილებას აკონტროლებენ. სამაჯურიან მიგრანტს სპონსორის მისამართიდან, სადაც თითქოს უნდა იცხოვროს, მხოლოდ 70 მილის ტერიტორიაზე შეუძლია გადაადგილება.

- რა შემთხვევაში უკეთდება მიგრანტს სამაჯური?

- ეს არავინ იცის. არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტის სპონსორი ნიუ-იორკში ცხოვრობს, თავად კი სამუშაოს ან სხვა პირად საქმეზე არიზონაში, ჩიკაგოში ან სხვა შტატში უწევს გადასვლა, რაც საემიგრაციო სამსახურში უნდა დააფიქსიროს და ნებართვა მიიღოს. გარკვეულ შემთხვევებში, საემიგრაციო სამსახური მას სამაჯურს ხსნის, სამაგიეროდ პერიოდულად სელფ-ფოტოს გადაგზავნა უწევს, რომ საემიგრაციო სამსახურს მისი ადგილმდებარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მისი საქმის წარმოება არ დასრულდება.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სპონსორს პრობლემები აღმოაჩნდება?

- ეს არის ძალიან რთული საქმე. ასეთ დროს ადვოკატი ავსებს ფორმა I-589-ს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოში თავშესაფრის განაცხადის წარდგენას აკეთებს, რაც რთული პროცესია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რატომ იდევნება პირი და აქვს თუ არა თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლები, რა ისტორია აქვს... ყოფილა შემთხვევა, სპონსორს დარღვევები აღმოუჩინეს, ანუ ბიუჯეტში გადასახადი არ შეჰქონდა და ასე ცხოვრობდა წლების მანძილზე. ამის შესახებ შესაძლოა, კიდევ დიდხანს ვერ გაეგოთ, რომ არა ცდუნება, რომელსაც მიგრანტის მიერ სპონსორობის შემთხვევაში აიღებდა - 2-3 ათას დოლარს. აშშ-ში გადასახადების დამალვას ქურდობა, ხულიგნობა სჯობს... ამ ყველაფრის გამო საქმე დიდხანს გრძელდება, მაგრამ თუ ამის შემდეგ მოხერხდება და ციხეში მყოფისთვის ვინმე სანდო სპონსორს იპოვის, მიგრანტი საემიგრაციო ციხიდან გამოდის. შესაძლოა, მასაც მოუწიოს სამაჯურის ტარებამ, მაგრამ მაინც თავისუფალია და თუ კარგი ადვოკატი ჰყავს, შეიძლება, მუშაობის უფლება მიიღოს.

ზოგ შემთხვევაში ქართველ მიგრანტებს ადვოკატი და თარჯიმანი ერთი და იგივე ჰგონიათ. შესაძლოა, იყოს კარგი ადვოკატი, მაგრამ ენას სრულყოფილად ვერ ფლობდეს, რაც ნიშნავს, რომ ის პროფესიულად ვერ თარგმნის საქმეს, არასწორი თარგმანი კი ართულებს საქმეს და მთლიანობაში, კლიენტს უფრო ძვირის გადახდა უწევს. ბევრი თარჯიმანს ქირაობს ადვოკატად, რათა თანხა დაზოგოს, მაგრამ იურიდიულ დოკუმენტზე მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა...

ბოლო ხანებში არაერთი საქმის თარგმნა მიწევს, სადაც მიგრანტი ჰყვება, თუ რატომ შემოვიდა აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნით. უმეტესობას ქართველი ადვოკატი ეხმარება და კარგად აქვს ახსნილი შემოსვლის მიზეზი, მაგრამ თუ ზუსტად არ ითარგმნა, მოსამართლე, რომელზეც ადამიანის მომავალი და ბედია დამოკიდებული, აზრს ვერ გამოიტანს, 26-გვერდიან საქმეს უბრალოდ დახურავს და მიგრანტს დეპორტი არ ასცდება. არადა, უმეტესობა, ყველა თუ არა, ვალით არის წამოსული, ხარჯები კი, ვიდრე საემიგრაციო ციხეს არ დატოვებენ, იზრდება... უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ამერიკაში მოდის ისე, რომ არც ინგლისური იცის და არც რუსული. აქ, სხვადასხვა შტატში, სხვადასხვანაირი მომსახურებაა. ზოგან თავად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერ ინსტანციაში, ბანკი იქნება, სასამართლო, პოლიცია თუ სამედიცინო დაწესებულება, ჰყავთ თარჯიმანი, რომელიც საჭირო ენაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულად შეძლებს მიგრანტთან კომუნიკაციას. არის შტატები, მაგალითად, ნიუ-იორკში კლიენტს თავად შეუძლია თარჯიმნის მიყვანა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტს სპონსორთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, ადამიანს სასამართლოზე დასჭირდება ადვოკატი, რომელიც მის საქმეს ისე წარმართავს, რომ დეპორტისგან იხსნას, მერე კი იქ ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.

ამერიკაში ძალიან გავრცელებულია ონლაინთარგმნა, ანუ მიგრანტსა და ადვოკატს შორის ინტერნეტით ან ტელეფონით კომუნიკაცია. ზოგჯერ სასამართლო პროცესები ონლაინ იმართება, რა დროსაც ადვოკატიც და დაცვის ქვეშ მყოფიც ონლაინ ერთვებიან. უამრავი დეტალია, რაშიც ადვოკატი უნდა ერკვეოდეს. მოსამართლესთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია, მით უფრო, რომ ამას ემატება ფსიქოლოგიური ფონი. პირველ ხანებში ისე ვნერვიულობდი, როდესაც რაღაცას ჩამეკითხებოდა, ისე ვიძაბებოდი, რაც ვიცოდი, ისიც მავიწყდებოდა. პროცესზე ადამიანი ისედაც დაძაბულია, სხვის ცხოვრებაზეა პასუხისმგებელი...

ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, ამერიკაში ჩამოსულ არალეგალებს გონზე მოსასვლელად რამდენიმე დღე სჭირდებათ. თუ ვინმეს იქ ნაცნობი ხვდება, მისთვის ადაპტაცია ცოტა უფრო მარტივია, მაგრამ მათ, ვისაც არავინ ხვდება და არც ენა იცის, ძალიან უჭირთ...

ამას წინათ დამირეკეს: ჩემი ქმარია საემიგრაციო ციხეში, სპონსორი არ პასუხობს, ჩვენ კი მისი გაშვების სანაცვლოდ თანხას, "ბონდს" გვთხოვენო... საქმე ის არის, რომ ოფიცრებმა მასთან კომუნიკაცია ვერ შეძლეს, რადგან არც ინგლისური იცის, არც რუსული.

სასწრაფოდ, პირადი კონტაქტებით ვიპოვე სპონსორი და ვუთხარი პატიმრის ნომერი. იმ შემთხვევაში 1.500 დოლარი იყო გადასახდელი, თუმცა, შაბათ-კვირა ემთხვეოდა და ონლაინ გადახდა უწევდათ, რის გამოც გადასახადი რამდენადმე ძვირდება, ანუ უამრავი დეტალი და ხარჯია გასათვალისწინებელი. არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტებს ბონდის გარეშე უშვებენ, სპონსორი კი უსინდისოდ ატყუებს, ამდენი გადავიხადეო და ვალად ადებს თანხას, რომელიც ემიგრანტმა მუშაობას დაწყების შემდეგ უნდა დაფაროს... ზოგი ისეთი დაბნეულია, სპონსორს ამის დამადასტურებელ ქვითარსაც არ სთხოვს. იცოდეთ, აქ ყველაფრის ქვითარს ინახავენ. ზოგი თავის დოკუმენტაციასაც უდიერად ექცევა და კარგავს. ამიტომ, ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ: ხალხს ვთხოვთ, ტელეფონით გადაუღონ ფოტო ყველა საბუთს.

რამდენიმე დღის წინ დავიწყე ძალიან რთულ საქმეზე მუშაობა - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა არალეგალური გზებით. ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და ჰგონიათ, თუ ამერიკაში ჩამოვლენ, ყველაფერი თავისით მოგვარდება, ამიტომ წამოსვლამდე სპონსორის აყვანაზე არც უფიქრიათ, ბედის ანაბარად ჩამოვიდნენ. შემდეგ ეტყობა, მათ ვიღაცამ საკუთარი გამოცდილებიდან რაღაც ურჩია და თავისი ყოფილი სპონსორის მისამართი მისცა, ოღონდ იმ ადამიანისთვის არ უკითხავთ, უნდოდა თუ არა სპონსორობა... საემიგრაციოდან რეკავდნენ, წერილიც გაგზავნეს, მაგრამ სპონსორი არ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ტრაილერზე მუშაობს და რამდენიმე კვირა ან მეტიც, ნიუ-იორკში არ იქნება. ეს ამბავი საქართველოში მყოფი ნათესავებისგან გაარკვიეს...

როდესაც ადამიანებს ვეუბნები, სანამ წამოხვალთ, პირველი დონის ინგლისური მაინც ისწავლეთ-მეთქი, ბრაზდებიან. არადა, ეს ხალხი ხომ აქ საცხოვრებლად, სამუშაოდ მოდის და თუ ქართულის გარდა, სხვა არც ერთი ენა არ ეცოდინებათ, სად უნდა იმუშაონ ან როგორ უნდა შეძლონ ვინმესთან კომუნიკაცია, ამაზე არ ფიქრობენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"