"აფხაზებმა იციან, რომ თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთიდანაც მოითხოვს რუსული ჯარის გაყვანას და ამის ძალიან ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"აფხაზებმა იციან, რომ თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთიდანაც მოითხოვს რუსული ჯარის გაყვანას და ამის ძალიან ეშინიათ"

საქართველოში რუსული მზაკვრული გეგმის შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ამჯერად მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის - ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერების - ასლან ბჟანიასა და ინალ არძინბას შორის მინსკში გამართული შეხვედრებია. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? რატომ არის საჭირო ამის საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება? პირიქით, ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები... ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც - ყველანი რაღაცნაირად უნდა გავერთიანდეთ, ერთმანეთისკენ ვისწრაფვოდეთ... ამ კონტექსტში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დაპირება შეასრულეთ და ჩვენთან ჩამოხვედით“ - ასეთი იყო ლუკაშენკოს განცხადება. თავის მხრივ, ბჟანიამაც აღნიშნა, რომ მის სიტყვებს ბევრი გაიგონებს, მათ შორის - საქართველოში და იმედოვნებს, რომ მისი „ბრძნული სიტყვები ამ ხალხის გულებამდეც მიაღწევს“.

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ რამდენიმე თვის წინ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში და ახლა უკვე აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერების მინსკში ვიზიტი, საუბრები ეკონომიკურ პროექტებსა და დაახლოებაზე, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია და აშკარად მიანიშნებს, რომ ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გეგმა უკვე ამოქმედდა.

რამდენად რეალურია ახლა ე.წ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა, უნდა ველოდოთ თუ არა, ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას? - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

- ჩემი ვერსიით, ბელარუსი აფხაზეთს, რუსეთის დავალებით ეთამაშება, ილუზიებს უქმნის. რა თქმა უნდა, ლუკაშენკოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება არ გაუჭირდება და გააკეთებს კიდეც ამას ადრე თუ გვიან, როცა კრემლისგან მიიღებს დავალებას, მაგრამ არა მგონია, ეს ახლა მოხდეს. მაშინ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, ლუკაშენკოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არაფერში არ ჯდება. რაში აწყობს ახლა კრემლს საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყება და მისდამი ლოიალურად განწყობილი „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემების შექმნა?! ჩემი აზრით, ლუკაშენკო ახლა სიტყვებით თამაშობს, სპეკულაციებს ეწევა და ასე ცდილობს აფხაზური საზოგადოებისთვის ილუზიების შექმნას. რატომ ცდილობენ აფხაზებისთვის ილუზიების შექმნას? იმიტომ, რომ დღის წესრიგში დგას ბიჭვინთის მიწის საკუთრების დათმობა. რუსებს ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა უნდათ, ერთი მხრივ, აფხაზებს ჰპირდებიან აღიარებას, მეორეს მხრივ, ქართველებს ეუბნებიან, ნუ ნერვიულობით, ხომ ხედავთ, არ ვაღიარებთ, რა გინდათო. რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. უკრაინაში შესაძლო წარუმატებლობის ფონზე, საქართველოს დაკარგვა ნამდვილად აღარ უნდათ. პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს და უკრაინის საკითხს ერთ კონტექსტში არ განიხილავს. მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა „მშვენიერი“ მაგალითი იყო იმისა, რომ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი გეგმები გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არაფერი არ გვაკავშირებს უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომთან. ოფიციალური თბილისის ასეთი პოზიცია კარგად ჯდება რუსული პროპაგანდისტული პოლიტიკის სქემაში. რატომ გააფუჭებს ახლა ამ სიტუაციას პუტინი?!

- ლუკაშენკომ რომ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, - რა დღეში ჰყავთ ქართველებს ყოფილი პრეზიდენტიო, ესეც რაიმე სპექტაკლის შემადგენელი ნაწილია?

- კი, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნებოდა, კრემლის დავალება. მე მგონია, რომ ქართველების გაკიცხვით აფხაზებს ასიამოვნა. ზოგადად, გააკრიტიკა ქართული პოლიტიკა და სააკაშვილის ამბავიც ერთ-ერთ ისეთივე უაზრობად, გაუგებრობად წარმოაჩინა, როგორიც, მაგალითად, ოფიციალური თბილისის უკმაყოფილებაა, ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობის გამო. ისე, არც ის არის გამორიცხული, რომ ლუკაშენკოს ფროიდისეული წამოცდენა ჰქონოდა. ისიც პრეზიდენტია და ეშინია, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე მასაც სააკაშვილივით მოექცნენ. ხომ იცით, „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წადმოსდინდების“. როგორც კი საქართველომ დაიწყო საუბარი, მაშინვე სააკაშვილი გაახსენდა.

- როგორ გგონიათ, აფხაზები ამ თამაშს ვერ ხედავენ? ან როგორი გათვლა შეიძლება ჰქონდეთ რუსეთ-უკრაინის ომზე და მის შესაძლო შედეგებზე?

- ახლა აფხაზების მთავარი ამოცანა ის არის, რომ არ დაკარგონ მიღწევები, რაც მოიპოვეს, მაგალითად, რუსების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და რუსული ჯარის აფხაზეთში ყოფნა, რომელიც მათი აზრით, საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიისგან იცავთ. აფხაზებმა იციან, რომ თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთიდანაც მოითხოვს რუსული ჯარის გაყვანას და ამის ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, ურჩევნიათ, ყველაფერი ძველებურად დარჩეს. მთლად რუსების გამარჯვებაზეც არ ოცნებობენ, მაგრამ ურჩევნიათ, იმდენად წარმატებული მაინც იყოს, რომ დასავლეთმა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა არ მოითხოვოს.

- რუსეთ-ბელარუსის თამაშებისა და აფხაზების შიშის, მოლოდინის გათვალისწინებით, რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს ახლა საქართველოს ხელისუფლება?

- საქართველოს ხელისუფლებას ახლა ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთოდ არ ერევა ამ საქმეში. როგორც ჩანს, რუსეთისგან აქვს დავალება, რომ არანაირი პოზიციონირება არ განახორციელოს. ახლა შესაძლებლობა აქვს საქართველოს და არა - „ქართულ ოცნებას“. ამ პოლიტიკური ჯგუფის ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვაზე მხოლოდ ხელისუფლება კი არ ამბობს უარს, არც ოპოზიციას ადარდებს ეს ამბავი, დიდად. პარლამენტში არავინ მსჯელობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ახლა იქ (პარლამენტში - რედ.) იმაზე დავობენ, უნდა გავიდეს თუ არა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოდან და რა უნდა გააკეთოს ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად. გასაგებია, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ... ერთი სიტყვით, ახლა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე საუბარი მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი ან - სადღეგრძელოებში.

ასევე ნახეთ: რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის მიერთებას აპირებს?!

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე