"ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ვერასდროს გამოაღწევდა" - კვირის პალიტრა

"ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ვერასდროს გამოაღწევდა"

ემიგრანტი, რომელიც ამერიკიდან შინ ბრუნდება

ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში მწერალ ირმა ბეგლარიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. როგორც თავად გვითხრა, საღამო მისი შემოქმედების 50 და საიუბილეო - მე-60 წლისთავს მიეძღვნა. ამერიკაში ყოფნისას ყოველთვის უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა; იმ იმედით სუნთქავდა, რომ ოდესმე აუცილებლად ექნებოდა სახლი და იცხოვრებდა სოფელში, სადაც თავისი ბავშვობა ეგულებოდა... ერთ ლექსში წერს: "არ ბრუნდებიან ძველ სახლებში ზოგჯერ მერცხლებიც... იმათმა ფრთებმა ვერ გაუძლეს გზაზე ქარიშხალს", მაგრამ შეძლო და 24-წლიანი განშორების შემდეგ, ზაფხულში ერთადერთ შვილთან ერთად "ძველ სახლში", სამშობლოში ბრუნდება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"1999 წელს წამოვედი საქართველოდან და უკან ზუსტად 7 წლის, 3 თვისა და 2 დღის შემდეგ დავბრუნდი. ჩემი შვილი, პაპუნა წლისა და 10 თვის დავტოვე და როდესაც ვნახე, უკვე 9 წლის ხდებოდა. დღემდე არ დამვიწყებია ამდენწლიანი განშორების შემდეგ ჩვენი შეხვედრის ემოცია - პაპუნა კარგა ხანს მიყურებდა, მაკვირდებოდა..."

"13 წლის იყო, ამერიკაში რომ ჩამოვიყვანე. არ მეუბნებოდა, მაგრამ აქაურობასთან შეგუება გაუჭირდა. აქ განათლების განსხვავებული სისტემაა, უცხო ბავშვებში, უცხო გარემოში აღმოჩნდა... როდესაც ამერიკაში წამოსასვლელად საბუთებს ვამზადებდით, უხაროდა, მაგრამ არა ის, რომ აქ მოდიოდა, არამედ ის, რომ დედასთან იქნებოდა. მერე მითხრა, სად არ წავიდოდი, ოღონდაც შენ გვერდით ვყოფილიყავიო. მაშინ ბევრმა მითხრა, მორჩა, პაპუნა უკვე დაკარგულია, აღარც საქართველოში დაბრუნდება და აღარც ქართველს მოიყვანს ცოლადო..."

" გავიდა წლები, დაამთავრა მაგისტრატურა, დიპლომი ერთი კვირის წინ აიღო და მანამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი რამ მითხრა: დედა, აქ ცხოვრება არ მინდა, უნდა დავბრუნდეთო. მე ისედაც ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ პაპუნამაც ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, ძალიან გამიხარდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი