"სერიალებს ბევრი მაყურებელი ჰყავს. კარგად მახსოვს, როგორ ჩამითრია "სანტა ბარბარამ" - "საპნის ოპერების" უჩვეულო ხიბლი, ანუ როგორი სერიალები მოსწონთ ცნობილებს - კვირის პალიტრა

"სერიალებს ბევრი მაყურებელი ჰყავს. კარგად მახსოვს, როგორ ჩამითრია "სანტა ბარბარამ" - "საპნის ოპერების" უჩვეულო ხიბლი, ანუ როგორი სერიალები მოსწონთ ცნობილებს

1895 წლის 28 დეკემბერს, ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა პარიზის რჩეული საზოგადოება გააოცეს: ძმებმა ყველასათვის ცნობილ "გრანდ კაფეში", სინემატოგრაფის ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის" პირველი ნიმუში აჩვენეს. ასე მოევლინა ქვეყანას ახალი სასწაული - კინოხელოვნება. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და თანამედროვე ადამიანებს კინოს გარეშე ცხოვრება უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ. 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. საპნის ოპერები, რომელსაც ბევრი აქებს, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ უმეტესობა მაინც უყურებს. ჩვენს რესპონდენტებს ასეთი შეკითხვით მივმართეთ: რა ადგილი უკავია სერიალებს თქვენს ცხოვრებაში?

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

მაკა მახარაძე:

"ნათქვამია, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი და ზოგს - მისი შვილიო. მე უფრო ცხოვრებისეულ თემებზე გადაღებულ სერიალებს ვანიჭებ უპირატესობას. დეტექტივებიც მომწონს, მაგრამ ერთი პირობით ვუყურებ - საშინელება არ უნდა იყოს..."

ქეთი ჩხეიძე:

"მსახიობი ვარ და ჩემთვის ყველა ჟანრი საინტერესოა: კომედიაც, დრამაც და ტრაგედიაც. ვერ ვიტყვი, რომ ესა თუ ის ჟანრი სხვაზე მეტად მომწონს. ყველა ერთნაირად მიყვარს და მაინტერესებს, ამიტომ, ყველგან სიამოვნებით ვითამაშებდი. უპირატესობას რომელი ქვეყნის სერიალებს ვანიჭებ? - ამერიკული ფილმები და სერიალები ძალიან საინტერესოა, თუმცა მათ არც ევროპული ჩამოუვარდება. სხვათა შორის, რამდენიმე კარგი სერიალი ქართველებმაც გადაიღეს..."

ზალიკო სულაკაური:

"კარგად მახსოვს პირველი სერიალი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და მთელი საქართველო უყურებდა - "იზაურა". სერიალებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ უდროობის გამო, კარგა ხანია, ვერ მოვიცალე. საინტერესო სერიალმა ჩათრევა იცის და როდისღა ვხატო? ამიტომ, მირჩევნია, ჯერ ჩემი საქმე ვაკეთო და ფილმებს მაშინ ჩავუჯდე, როცა თავისუფალი დრო მექნება..."

ირმა სოხაძე:

"სერიალებს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს, რადგან ეს ერთგვარი თერაპიაა: თითქოს შენს პრობლემებს გავიწყებს და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ. კარგად მახსოვს, როგორ ჩამითრია "სანტა ბარბარამ" - მგონი, ეს ყველაზე ხანგრძლივი სერიალი იყო, რომელსაც შუამდე ვუყურე, მაგრამ მერე მივხვდი, დროს ვკარგავდი: ერთი ოჯახის დაუსრულებელ, მოგონილ ამბებს ვაკვირდებოდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე