რატომ უნდა წაიკითხო "პიანისტი" მისი ეკრანიზაციის ნახვამდე?
რომან პოლანსკის 2002 წლის ფილმი „პიანისტი“ გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. ფილმმა მალევე დაიმსახურა მაყურებელთა აღიარება. მის მიმართ ინტერესი დღესაც არ წყდება და ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ კინოსურათად რჩება, რაც ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილა.
სურათმა სამი „ოსკარი“, კანის „ოქროს პალმა“, ათი „პოლონური არწივი“ და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები მიიღო. როგორც ოსკარის დაჯილდოებაზე მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ედრიენ ბროუდიმ თქვა, ეს ამბავი არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა უბედურებისა და დეჰუმანიზაციის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს ომის დროს ესა თუ ის ადამიანი.
გერმანელი სამხედრო, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად ეხმარება პიანისტს ამ დეჰუმანიზაციის პერიოდში სწორედ ჰუმანიზმის მაგალითია. ამ შთამბეჭდავი კინოსურათის ნახვამდე გირჩევთ გაეცნოთ მთავარი პერსონაჟის, პიანისტ ვლადისლავ შპილმანის მემუარებს, რომელიც წიგნად გამოიცა, შემდეგ კი რომან პოლანსკის ფილმს დაედო საფუძვლად.
წიგნში მთავარი გმირი თავად იხსენებს ჰოლოკოსტის პერიოდში მომხდარ ამბებს
ფილმის მთავარი გმირი ვლადისლავ შპილმანი, რომლის როლსაც ედრიენ ბროუდი ასრულებს, რეალური პიროვნებაა, რომელიც 1935 წლიდან პოლონურ რადიოში მუშაობდა, ასრულებდა დიდი კომპოზიტორის ნაწარმოებებს და თავადაც ქმნიდა მუსიკას კინოფილმებისთვის, ასევე მსუბუქი ჟანრის სიმღერებს, რომლებსაც საოცარი პოპულარობა ხვდა წილად.
1939 წლიდან კი პიანისტისა და კომპოზიტორის ცხოვრების უმძმესი პერიოდი იწყება. მან გამოიარა ჰოლოკოსტი, მთელი მისი ოჯახი ბანაკში დახოცეს, რის შემდეგაც თავად თავს აფარებდა პოლონელ მეგობრებს, ბოლოს კი თვეობით ცხოვრობდა განადგურებული ვარშავის ნანგრევებში, სადაც უკვე სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებული მოულოდნელად გერმანელმა სამხედრომ ვილმ ჰოზენფილდმა იპოვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ამ ისტორიას შპილმანი თავად იხსენებს მემუარებში, რომელიც 1998 წელს გამოიცა და 38 ენაზე ითარგმნა. წიგნი „პალიტრა L-ის“ მიერ ქართულ ენაზეც არის გამოცემული.
შპილმანი კინოსურათ „პიანისტის“ ეკრანებზე გამოსვლამდე გარდაიცვალა. წიგნის წინასიტყვაობაში მისი შვილი ფილმის შესახებ მკითხველს თავის მოსაზრებას უზიარებს
საინტერესოა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა შპილმანზე პოლანსკის კინოსურათი. როგორც პიანისტის შვილი ანდჟეი შპილმანი განმარტავს, წიგნი გერმანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოცემისთანავე გახდა მსოფლიო ბესტსელერი.
„წიგნის პოლანსკისეული ეკრანიზაცია კი უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის,“ - წერს ანდჟეი შპილმანი წიგნის წინასიტყვაობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეკრანიზაცია წიგნში აღწერილ მოვლენებს ზუსტად მიჰყვება, მაინც საინტერესოა, რეალურად რა ემოციები ჰქონდა თავად ავტორსა და მთავარ პერსონაჟს და როგორ გადმოსცემს იგი მათ.
საინტერესოა, შპილმანი თავად როგორ იხსენებს გერმანელ ოფიცერს, რომლის გვარიც მხოლოდ 1950 წელს შეიტყო
მიუხედავად ამისა, ჰოზენფილდის გადარჩენის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 1948 წლის შემდეგ რუსული ბანაკებიდან თითქმის არცერთი დასავლეთგერმანელი არ გათავისუფლებულა. ჰოზენფილდიც ტყვეობაში გარდაიცვალა.
საინტერესოა, შპილმანი როგორ აღწერს მომენტს, როცა ოფიცერმა სთხოვა, ფორტეპიანოზე რაიმე შეესრულებინა, რა შთაბეჭდილება მოახერხა მასზე და როგორ გაგრძელდა მათი ურთიერთობა. როგორც ფილმში, ისე მემუარებში ეს მომენტები ემოციურადაა გადმოცემული.
გერმანიის დამარცხებისა და პოლონეთში კომუნისტების შესვლის შემდეგ შპილმანის წინააღმდეგ ახალი რეპრესიები დაიწყო, რომელიც მის საქმიანობას ზღუდავდა, თუმცა აღიარებული პიანისტის დიდებას ამან ვერაფერი დააკლო.
2001 წელს სახელგანთქმულ საერთაშორისო მუსიკალურ გამომცემლობებთან Sony Classical-სა და Boosay & Hawkes-თან ერთად გამოვიდა უაღრესად წარმატებული კომპაქტდისკი შპილმანის ჩანაწერებით. მისმა მემუარებმა, მუსიკამ და პოლანსკის ფილმმა შპილმანის სახელი სამუდამოდ დაგვამახსოვრა.