რითი მისწვდნენ უკრაინელები ოკუპირებულ მარიუპოლში რუსების ბაზას? - კვირის პალიტრა

რითი მისწვდნენ უკრაინელები ოკუპირებულ მარიუპოლში რუსების ბაზას?

21-22 თებერვლის ღამეს უკრაინელებმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საარტილერიო-სარაკეტო შეტევა განახორციელეს რუსი ოკუპანტების ბაზებზე, ფრონტის ხაზის სიღრმეში.

დაბომბილი იქნა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე დონეცკის, მაკეევკის, ხარციზსკის, დებალცევოსა და ილოვაისკის ის კონკრეტული ადგილები, სადაც რუს ოკუპანტებს დროებითი დისლოცირების პუნქტები, შტაბები და იარაღის საწყობები აქვთ მოწყობილი.

მასშტაბური და, ამასთანავე, ზუსტი დარტყმები დროში სწრაფად და თითქმის ერთდროულად განხორცილდა, რაც აჩენს იმის მტკიცების საშუალებას, რომ უკრაინელმა არტილერისტებმა ამისთვის „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტები გამოიყენეს, მით უმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამიზნეები ფრონტის ხაზიდან არაუმეტეს 50-55 კმ-ით არიან დაშორებულნი და 86 კმ-ით, მაქსიმალურ სიშორეზე მფრენი „ჰაიმარსის“ „ჭკვიანი“ რაკეტებისთვის ამ მიზნებამდე მიღწევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

მაგრამ, გარდა ამისა, უკრაინელებმა იმავე დროს ზუსტი დარტყმები მიაყენეს, ასევე, ფრონტიდან საკმაოდ დაშორებულ მარიუპოლის აეროდრომსაც, სადაც რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაა განთავსებული, არადა, ფრონტის ხაზიდან ამ აეროდრომამდე პირდაპირი ხაზით თითქმის 90 კმ-ია და უკრაინელებიც არ გარისკავდნენ „ჰაიმარსის“ მობილური გასაშვები დანადგარების ზედ ფრონტის ხაზთან მიყენებას და იქიდან რაკეტების გაშვებას, რადგან მაშინვე მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლის მსხვერპლნი გახდებოდნენ.

მაშინ, რით მისწვდნენ უკრაინელები ფრონტის ხაზიდან 90 კმ-მდე დაშორებულ რუსი ოკუოპანტების ბაზას მარიუპოლის აეროდრომზე?

თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის კიევში მოულოდნელი ვიზიტის მეორე დღესვე უკრაინელ სამხედროებს არსენალში გამოუჩნდათ ის უცნაური რაკეტა-ბომბები, რომელთა უკრაინის არმიისთვის გადაცემაზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ლაპარაკი...

2-bom-1677071322.jpg
ეს „ჭკვიანი“ ბომბი თითქმის უხმაუროდ პიკირებს სამიზნეზე...

ჩემს ბლოგშიც ვწერდი GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბის შესახებ, რომელმაც შეიძლება ისეთივე გარდატეხა შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომში, როგორც ეს გასული წლის ზაფხულში „ჰაიმარსების“ რაკეტებმა მოახდინეს და დიდწილად აიძულეს რუსი ოკუპანტები, დაეტოვებინათ ხერსონი და მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპირო.

მკითხველს შევახსენებ, რომ ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - მათ აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარის" სტარტი ხორციელდება "ჰაიმარსის" დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითკენაც გზას GPS-ის დახმარებით იკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც დამატებით აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც, უკვე მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა.

ჩვეულებრივ ვარიანტში კი ეს პლანირებადი საავიაციო ბომბი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა დამზადებული, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია იმავე 150 კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე.

GLSDB-ის კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისიცაა, რასაც "ჰაიმარსის" ყველაზე "ჭკვიანი" რაკეტაც კი ვერ შეძლებს - თუკი მოწინააღმდეგის პოზიცია მთის უკანა კალთაზეა, მისი დაზიანება რაკეტით ურთულესია, რადგან რაკეტის ფრენის ტრაექტორია ასე მკვეთრად ვერ შეიცვლება მთის წვერის გადაფრენის შემდეგ. GLSDB-ისთვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სარაკეტო ძრავას მოცილებული საავიაციო ბომბი პლანირებას იწყებს, უპრობლემოდ შეუძლია, მკვეთრი მანევრის შემდეგ უკან გამობრუნდეს და მთის კალთაზე შეფარებულ მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან (საიდანაც არავინ ელოდება) დაეცეს...

უკრაინის მხარე, ტრადიციულად, არც ადასტურებს და არც უარყოფს ოკუპირებულ მარიუპოლში ამ ახალი კლასის იარაღის საშუალებით რუსების სამხედრო ბაზის ზუსტად დაბომბვას.

არც ისაა გამორიცხული, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ზუსტი დაბომბვის შედეგად დაშინებულ რუს ოკუპანტებს სწორედ ეს რაკეტა-ბომბები მოელანდათ, ხოლო სინამდვილეში უკრაინელებმა სხვა, ტრადიციული იარაღი გამოიყენეს.

მაგრამ, თუკი მართლაც გამოჩნდა GLSDB-ები უკრაინის არმიის შეირაღებაში, მაშინ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებში, რომლებიც დღეს აქვთ ოკუპირებული რუსებს, თითქმის არ დარჩება ადგილი, სადაც უკრაინელები წერტილოვან დარტყმებს ვერ მიაყენებენ...

ანექსირებული ყირიმის შემთხვევაში კი ეს ბევრად რთული იქნება, რადგან უკრაინის არმიამ ჯერ არმიანსკი-ჩონგარის ხაზამდე მაინც უნდა მიაღწიოს...