"ქართული ოცნება" სრულიად გათავხედდა...ფიალა აშკარად, თითქმის სავსეა“
სრულიად ბრმა და ყრუ უნდა იყო, ვერ დაინახო ის, რომ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოთხოვნას. ასეთ ხელისუფლებას ჰქვია კონსტიტუციის დამრღვევი და კონსტიტუციის დამრღვევი არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში. კონსტიტუციის დამრღვევმა უნდა აგოს პასუხი , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს იმას, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
„კონსტიტუციის დამრღვევმა უნდა აგოს პასუხი. როდესაც ლაპარაკია მოქმედ ხელისუფლებაზე პასუხისგების მხრივ, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არჩევნების დროს დგება. ბრმა და ყრუ ვინც არ არის,ის უნდა იყოს ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი თუ არ იქნა ბრმა და ყრუ, მაშინ არსებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს“, - აცხადებს ხმალაძე.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცენ.
„ყველას გაგვიგია გამოთქმა „ეს იყო ფიალაში ბოლო წვეთი“. ანუ ჩაესხა, ჩაესხა და ბოლო წვეთის გამო გადმოიღვარა. ჩვენ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. რა იქნება ეს ბოლო წვეთი, აღნიშნული კანონი თუ რა, არ ვიცი. ფიალა აშკარად, თითქმის სავსეა“,- განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ 2015 წელს, გაუჩნდა, როდესაც თავადაც მმართველი პარტიის გუნდში იყო და პარლამენტში კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან პირველი ნიშანი იყო ის, როდესაც მის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტი კი, ითვალისწინებდა ფარული მოსმენების რეგულირებისთვის ცალკე უწყების შექმნას და მიიღო კანონი, რითაც მოსმენა უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში დარჩა. ხმალაძის თქმით, ამ კანონით უნდა შემცირებულიყო მოსამართლეებში „კლანების“ ზემოქმედების შესაძლებლობა.
„2016 წლის მერე ასეთი უფრო და უფრო მეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ეს გამოჩნდა იმის მერე, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ანუ დაიწყო ომი. ამის მერე სრულიად გათავხედდნენ, ისეთი ნაბიჯები გადაიდგა“, - განაცხადა ხმალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"