"მიწისძვრა არ კლავს, კლავს უხარისხოდ აგებული შენობები" - სპეციალისტის რჩევები - კვირის პალიტრა

"მიწისძვრა არ კლავს, კლავს უხარისხოდ აგებული შენობები" - სპეციალისტის რჩევები

მსჯელობა იმაზე, რომ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა შეიძლება, არასერიოზულია

თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარმა, დამანგრეველმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. შედარებით მცირე მიწისძვრები საქართველოს მოსახლეობისთვისაც არ არის უცხო. გვესაუბრება თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო წერეთელი.

- თურქეთ-სირიის საზღვართან დატრიალებული ტრაგედია არაბეთის, აფრიკისა და ანატოლიის ფილების შეჯახების შედეგია. ამ თვალსაზრისით, იქ საკმაოდ დაძაბული გარემოა. ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც სეისმოლოგები არ მოელოდნენ. ანატოლიის ქედის გასწვრივ ისტორიულადაც მომხდარა ძლიერი მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 7,5 იყო.

- 6 თებერვლის შემდეგ, შეთქმულების თეორიებიც გავრცელდა: ითქვა, რომ ეს ხელოვნური მიწისძვრა იყო.

- ეს ადამიანის უსუსურობით აიხსნება: როდესაც ამ მასშტაბის სტიქიური უბედურება ხდება, ადამიანი თავს უსუსურად გრძნობს და შეთქმულების თეორიებს იჯერებს. დღეს, ყოველგვარი ტექტონიკური იარაღის არსებობა გამორიცხულია და მსჯელობა იმაზე, რომ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა შეიძლება, არასერიოზულია, უფრო მეტიც - ეს შეუძლებელია!

- აბა, რას დავაბრალოთ მეორე მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ, იმავე ადგილას მოხდა?

- საერთოდ, იშვიათია, როდესაც ამ სიმძლავრის მიწისძვრას მეორე, ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვება, მაგრამ ეს განპირობებული იყო მეორე, ახალი რღვევით.

- რამდენიმე დღის შემდეგ, მცირე სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის ტერიტორიაზე. სეისმური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა ჩვენთან?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია. თუმცა, ჩვენთან ძლიერი მიწისძვრები ისე ხშირი არ არის, როგორც თურქეთსა და ირანში. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენს რეგიონში დაძაბულობას ქმნის, არაბეთის ფილის მოძრაობა. შედეგად, კავკასიონი "იჭეჭყება" ამ ფილასა და რუსეთის ბაქანს შორის, რომელიც სტაბილურია და ადგილიდან არ იძვრის - სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ჩვენი რეგიონის სეისმურობას.

- არსებობს გამონათქვამი: მიწისძვრა კი არ კლავს, არამედ უხარისხოდ აგებული შენობები...

- ეს ცნობილი გამონათქვამი რეალობას ზუსტად ასახავს: თუ შენობა არ დაინგრევა, მიწისძვრა ადამიანს ვერაფერს დააკლებს. როდესაც გაშლილ ველზე ან ისეთ ადგილას ვდგავართ, სადაც შენობები არ არის, რაც უნდა ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, არაფერი გვემუქრება. ეს დედამიწის ბუნებრივი, დამახასიათებელი პროცესია, რადგან დედამიწა ცოცხალი არსებაა, ის ფეთქავს. ეს პროცესი კატასტროფაში მაშინ გადადის, როდესაც ადამიანები უხარისხო შენობებში ცხოვრობენ... ამავე სიმძლავრის მიწისძვრები იაპონიაში ხშირად ხდება, მაგრამ ამხელა მსხვერპლი და ნგრევა არ არის. გამოსავალი სწორედ მტკიცე, სეისმომედეგი შენობების აგებაშია, მაგრამ სამწუხაროდ, მშენებლობის ხარისხი საქართველოშიც ძალიან დაბალია; ხარისხი და გამძლეობა საერთაშორისო ნორმებს საერთოდ არ შეესაბამება. უკვე რამდენი წელია, სპეციალისტები არასწორად გათვლილ სეისმურ საშიშროებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამაოდ. სეისმური საშიშროების რუკა უნდა შეიცვალოს ისევე, როგორც სამშენებლო ნორმები, მაგრამ ამ საქმეს საშველი არ დაადგა!

- ცნობილია, რომ ინდიელები აგებდნენ ძალიან გამძლე შენობებს. ჩვენმა ციხეებმა და ტაძრებმაც საუკუნეებს გაუძლეს. 21-ე საუკუნის მშენებლები რატომ ვერ ახერხებენ სეისმომედეგი შენობები ააგონ?

- როგორ ვერ ახერხებენ? ზემოთ უკვე ვთქვი, რომ იაპონელები ძალიან ძლიერ მიწისძვრებს იგერიებენ ისე, რომ მათი შენობები არ ინგრევა ან თუ ინგრევა, ძალიან მცირე მასშტაბით. აშშ-შიც აქვთ მშენებლობები, სადაც სეისმომედეგი ხის და მეტალის მსუბუქ კონსტრუქციებს იყენებენ და ძალიან ძლიერ მიწისძვრებზეა გათვლილი. ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ, როგორ ეშენებინათ და ამის მკაფიო მაგალითია სვეტიცხოველი: ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ ტაძარმა 1275 წელს მომხდარ ძალიან ძლიერ მიწისძვრას გაუძლო, რომელიც სავარაუდოდ, 6,5-7 მაგნიტუდის სიმძლავრის იქნებოდა, მაშინ მხოლოდ ტაძრის გუმბათი დაზიანდა. მაშინ რასაც აშენებდნენ, ხარისხიანი იყო, იაფი მშენებლობა არ არსებობდა. დღეს კი, ჩვენს ქალაქებში სოკოებივით მომრავლებული კორპუსები ყოველგვარი ნორმებისა და სტანდარტების დაუცველად შენდება, ასეთი სახლები სეისმომედეგი როგორ უნდა იყოს?!

- თბილისში არსებული სახლების ნახევარი ავარიულია, ნახევარი - უხარისხო. გამოდის, რომ ეს სახლები დიდ მიწისძვრას ვერ გაუძლებს?

- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენთან სამშენებლო ნორმები 1950-იანი წლებიდან შემოიღეს. ძალიან დიდხანს, 1990 წლამდე, თბილისი ე.წ. 7-ბალიან ზონაში იყო. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, საბჭოთა პერიოდში როგორ იპარავდნენ ცემენტს, სხვა მასალებს და მაშინდელი შენობები რა უხარისხოდაა აშენებული. ასეულობით შენობას ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდა. 1990-იანი წლების შემდეგ, როცა სახელმწიფო ჩამოიქცა, 2006 წლამდე სამშენებლო სფეროში სრული განუკითხაობა იყო და თუ რამე აშენდა, გაუგებარია, რა ნორმებითა და სტანდარტებით. 2006 წლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ რაღაც ნორმები შემოიღო, 2010 წელს უკვე ახალი ნორმები მივიღეთ, მაგრამ 2012 წელს აღმოჩნდა, რომ სეისმური საშიშროების რუკა არასწორად იყო გათვლილი. მიუხედავად ამისა, ყველა სახლი ისევ ამ ნორმებით შენდებოდა და შენდება... პრობლემაზე მუდმივად ვსაუბრობთ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ.

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობების სეისმომედეგობის სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება.

- მე ასეთი შეკითხვა მაქვს: 2024 წლისთვის თბილისში ადგილი დარჩება საერთოდ, სადაც რაიმეს ააშენებენ? ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დღევანდელი სამშენებლო ნორმები საერთოდ არ შეეფერება სეისმური საშიშროების რუკას. ამბობენ, რომ 8-ბალიან შენობებს აშენებდნენ, მაგრამ სად რა შეცდომებია დაშვებული და რამდენად ხარისხიანად შენდება, ესეც საკითხავია.

- ამ სიტუაციაში მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელია. როგორ მოვიქცეთ, რომ მიწისძვრის დროს თავი გადავირჩინოთ?

- რთულია რეკომენდაციის ან რჩევის მიცემა. არსებობს ასეთი გამონათქვამი: თუ თქვენ გაიაზრეთ, რომ მიწისძვრა მოხდა, ე.ი. უკვე გადარჩით, რადგან ნგრევა წამებში ხდება. ეპიცენტრის ზონაში ნგრევის მასშტაბი ყოველთვის დიდია, ამიტომ, მაღალ შენობებში ბინის დატოვება არ შეიძლება, რადგან კიბე და ლიფტი ამ დროს ყველაზე საშიშია. ყველაზე მარტივი გამოსავალია საყრდენ კედელთან დადგომა, რადგან ის ყველაზე გამძლეა. თუ მიწისძვრა საშუალო სიმძლავრისაა და ოთახში მყარი მაგიდა დგას, მის ქვეშ უნდა დაიმალოთ, რომ თავში რაღაც არ დაგეცეთ. მანამდე კი, უნდა გადავკეტოთ ელექტრობა, გაზი და გაყვანილობები, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს - ეს რეკომენდაციები საშუალო ან სუსტი მიწისძვრის დროს გამოდგება, მაგრამ ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში ერთადერთი შანსი არის ის, რომ საყრდენი კედელი გადარჩეს. თუ სახლი ისეა ნაშენები, რომ საყრდენი კედელი პირველ ბიძგს გაუძლებს, დაზიანებული სახლის დატოვება აუცილებელია...

აქვე, მოსალოდნელი რისკებისთვის სახელმწიფო ყოველთვის მზად უნდა იყოს: მაღალკვალიფიციური პერსონალი, ტექნიკა, დროებითი თავშესაფრები - ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული. პირველ რიგში, უნდა შეგროვდეს მონაცემთა ბაზა, თუ რა ტიპისაა ესა თუ ის კორპუსი და რა დონის დაზიანება ემუქრება... ამის შემდეგ უნდა იყოს გათვლილი რისკი, პირველ რიგში რომელი შენობები დაინგრევა, რომელი დაზიანდება და რომელი გადარჩება. აქედან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, მიწისძვრის შემთხვევაში ვინ როგორ იმოქმედოს. მე ასეთი მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით არ მეგულება. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი პროგრამა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება იმაზე, ხელისუფლებაში რომელი პარტია მოვა. შენობები, რომლებიც მიწისძვრას ვერ გადაურჩება ან რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს, ან მათ ადგილას სხვა, გაცილებით გამძლე და საიმედო სახლები აშენდეს. მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა სტრუქტურამ უნდა იმუშაოს მეცნიერებთან ერთად. ამ საქმის დაწყება დღესვე შეიძლება, მთავარია ვიცოდეთ, რომელი ადგილებია მოწყვლადი და საფრთხის შემთხვევაში, როგორ ვუშველოთ იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

- რამდენად გამძლეა მიწისძვრის მიმართ ხის კონსტრუქციები?

- საერთოდ, ხის სახლები ძალიან კარგია, მაღალ სახლებსაც რომ ჰქონდეს ხის კონსტრუქციები, ეს მათ სიმტკიცეს მიანიჭებს, რადგან ხე ყველაზე კარგად იგერიებს მიწისძვრას. მაგალითად: რაჭის მიწისძვრის დროს, იქაური მოსახლეობა სწორედ ხის სახლებმა გადარჩინა; იქ იმხელა მსხვერპლი არ ყოფილა, როგორც სპიტაკში, სადაც 25 ათასი ადამიანი დაიღუპა, არადა, ორივე დაახლოებით ერთნაირი სიმძლავრის მიწისძვრა იყო. უფრო მეტიც, ეზოში ძველი ხის სახლი სადაც იდგა, მიწისძვრას ყველა გადაურჩა, იქვე, ახალაშენებული ბეტონის სახლები კი დაიბზარა და დაზიანდა.

- ესე იგი, ჩვენი წინაპრები ხის სახლებს ტყუილად არ აშენებდნენ?

- არა, რადგან ასეთი სახლის დანგრევა ნაკლებად საშიშია. თანაც, პატარა შენობაში უფრო დიდია შანსი, ადამიანი გადარჩეს. 6 თებერვლის ტრაგედია რამდენიმე ფაქტორმა გააორმაგა: ჯერ ერთი, პირველი ბიძგი გამთენიისას მოხდა, დღის საათებში ძალიან ბევრი ადამიანი გარეთაა, რაც მათ გადარჩენას ნიშნავს. იქ კი ბევრმა გამორკვევაც ვერ მოასწრო, ნანგრევების ქვეშ ისე მოყვა. თანაც, ძირითადად, მაღალი კორპუსები დაინგრა! რამდენი ათასი კაცი უნდა შეგროვდეს, რომ ამხელა ნანგრევები გაiწმინდოს?! ასე რომ, ყველაზე კარგი გზა ხარისხიანი მშენებლობაა - ნანგრევების წმენდას ჯობია, მშენებლებმა თავის დროზე ხარისხიანად და კარგად ააშენონ - ეს ხომ ათასობით სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"