"ბიძინა ივანიშვილი თუ საგინებელია და აღარ ვიცი! დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა, ბიძინამ - სამება და რამდენი სამებისნაირი"
"... ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა - არა!" - ამბობს მსახიობი იმედა კახიანი... იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას "კვირის პალიტრას" უზიარებს:
- სულ ვამბობ და ამ მთავრობის მიკვირს კიდეც, რომ ამბობენ, არჩევნები ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთო... უბრალო ხალხს ჯერ უნდა გაგვაგებინონ, რომელი კარგია, რომელი - ცუდი და მერე გვკითხონ არჩევანი... არ ვიცი, ბატონო, მე პოლიტიკა, ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. სოფელში გლეხს რა უნდა ჰკითხო, ხმა ვის მისცეს?! რუსეთი ჯობია, ევროპა თუ ამერიკა, ეს მეცნიერებმა, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა გაარკვიონ ჯერ და ჩვენც აგვიხსნან. მერე შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, ვისკენ გადაიხაროს...
- რუსეთის, პუტინის შესახებ ხომ მთელმა მსოფლიომ ვიცით?
- პუტინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს... არ შეიძლება პუტინთან, რუსეთთან ომი! ჩვენ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, ეს არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა - არა!
მე არც რუსი მინდა, არც - ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება და ყველა ქართველი, თავისუფლების მოყვარული, ოცნებობდა ნეიტრალური და დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქონოდა. თუმცა ვერასოდეს გავხდით და ამის საშუალებას არც ამიერიდან მოგვცემენ. ამ რეგიონში ვინც ძლიერი იყო, მას ჰქონდა ჩვენზე გავლენა და ბატონობდა... არავინ მინდა, მაგრამ პუტინს და რუსეთს აქედან არავინ წაიყვანს! ამიტომ, მათთან ომი არაფრით არ შეიძლება! როცა უნდა, რუსი მაშინ იპოვის მიზეზს, საქართველოში რომ შემოვიდეს. ორ საათში საქართველო აღარც იქნება!
- იმას გულისხმობთ, რომ ამერიკა ვერ გვიშველის, თუ რუსეთი თავს დაგვესხმება?
- ვერც ამერიკა და ვერც - ვერავინ! როგორც უკრაინას "შველის", ისე გვიშველის! ღმერთმა გადმოხედოთ...
ჩვენთან სხვა ვითარებაა. საქართველოს სახელმწიფო ჯერ კიდევ როდის დაარსდა და რამდენი საუკუნე იყო! ვიმეორებ, რუსეთთან ომი არ გამოვა, არაფრით არ შეიძლება! მე ასე მესმის და ზოგი პირიქით ამბობს, კი, უნდა ავიშალოთ, ზარბაზნებით ვეომოთ რუსეთსო... მერე რაც იქნება, ისიც წარმოსადგენია.
ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი ძმა, მეგობარი არავინაა, ჩვენზე არავინ ფიქრობს. პირველ რიგში, ყველას თავის კეთილდღეობა სურს და საქართველო იმიტომ სჭირდება! ჩვენც გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და რომელიც ნაკლებს გვავნებს, იმასთან უნდა ვიყოთ... ვინც ბოლომდე არ შეგვჭამს. ყველაფერი ისე უნდა ვთქვათ, არავინ გავაღიზიანოთ. რუსებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რუსი მოქალაქე თუ სადმე დაიჩაგრება, რუსეთის სახელმწიფოს უფლება აქვს, ჯარით შევიდეს იმ ქვეყანაში და თავისი მოქალაქის ინტერესები დაიცვასო... როგორ გგონიათ, ამის მიზეზს რუსი საქართველოში ვერ იპოვის?
შენ უნდა გიყვარდეს შენი მოძმე, სისხლი და ხორცი! ჩვენზე არავინ ფიქრობს! დღეს გამოჩნდა, რომ ევროპას საქართველო ძალიან სჭირდება! ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირში და ყველგან მიგიღოს... რა ვქნათ ახლა, როგორ მოვიქცეთ, რომ არც ამას ვაწყენინოთ, არც - იმას?! აი, პოლიტიკა და დიპლომატია აქ არის საჭირო... ჩემნაირია ამ საქმეში საქართველოს მოსახლეობის 90% და ჩვენ გვეუბნებიან, აირჩიეთო.
- ხშირად ისმის, რომ საქართველოში კიდევ ერთ პრეზიდენტს ვკლავთ...
- ეს კიდევ ცალკე მსჯელობის თემაა... მსოფლიოში ცნობილ ჯალათებს, დესპოტებს რაც გაუკეთებიათ, ამ ჩვენს "საწყალ" პრეზიდენტს მათზე ნაკლები ცოდვა არ აქვს ჩადენილი ერის, ხალხის წინაშე... როგორ შეიძლება, ასეთი კაცი გავათავისუფლოთ, წადი, გენაცვალეო?.. ეს სხვა პატიმრების დაცინვაა!
ისედაც გათავისუფლებულია, უმაღლეს პირობებშია, აქ არ მოსწონს და ევროპაში წასვლა ნებავს! არ უნდა მოეკითხოს მას, ვინც ქვეყნის 20%-ს რუსეთს ჩააბარებს?! ხომ მან ჩააბარა? რად უნდა მაგას ბევრი ძიება? ასეთ კაცს მოღალატე არ უნდა ერქვას?! მოღალატე არ უნდა დაისაჯოს?! ავად არისო და ეგ ჩემი ბრალი კი არ არის, არ ჭამს საჭმელს და ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ევროპაში წავიდეს...
ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" ხომ გვახსოვს?! მამამ რომ გაიგო, შვილმა ქვეყანას უღალატა, თავისი ხელით მოკლა! ვერ აპატიებდა, ხალხმა რომ თქვა, ქვეყნის მოღალატეაო, თორემ მას არც უღალატია... ადამიანმა მეტი რა უნდა დააშავოს, ვიდრე ქვეყანა გაყიდოს და სამშობლოს უღალატოს?!
- აქ ოპონენტი აუცილებლად გეტყოდათ, რომ პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა აქცია საქართველო რუსეთის გუბერნიადო...
- ბიძინა ივანიშვილი თუ საგინებელია და აღარ ვიცი! ახლა იმის შესახებ თავს ვერ დავდებ, ბიძინა თუ როგორი პოლიტიკოსია, მაგრამ ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ აღარაფერი მესმის!
შეიძლება რაღაცაში შეცდეს, მაგრამ კი არ უნდა მოვკლათ და გავაგდოთ, უნდა ვუთხრათ, ვურჩიოთ, ერთად ვიმსჯელოთ... მე მიკვირს, რა ბუნების არის ეს კაცი, ყოველდღე რომ აგინებენ და კიდევ რაღაცას აშენებს, სულ სიკეთეს თესავს! კაცო, ხეებს იპარავდაო და სირცხვილი არ არის?! რა ხეებს იპარავდა, სად წაიღო? პარკი გააკეთა, ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეული.
რუსეთში იშოვა ფული და რუსული სუნი ასდისო. რას ასდის რუსული სუნი? - ქუთაისში რომ უნივერსიტეტი ააშენა, მარტო ის რომ გაეკეთებინა და მეტი არაფერი, უკვე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტია! მარტო ლექციებს კი არ კითხულობენ, კვლევითი ცენტრიც არის იქ.
თეატრი, კინო, ყველაფერი მან აღადგინა! გავაგდოთ ეს კაცი?! დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა... ამან სამებისნაირი კიდევ ბევრი ააშენა!
ჩვენი, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მართლაც შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა... რა ქნა ამ კაცმა? - ვინმეს რამე წაართვა, ქვეყანა სხვას ჩააბარა, შეარცხვინა თუ რა გააკეთა?
რუსეთის გუბერნიად გადაგვაქციაო და ძალიან დიდი ტყუილია ეგ! საქართველო მთელი თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე ხარკს უხდიდა ბერძნებს, არაბებს, მონღოლებს, თურქებს, ბოლოს - რუსებს... გარდა იმისა, რომ ოქრო-ვერცხლს აძლევდა, საუკეთესო გოგო-ბიჭები მიჰყავდათ... მარტო გლეხების კი არა, მეფის შვილებიც... ეს წარსული ჰქონდა ქვეყანას და რაღაცაში ობიექტური ხომ უნდა ვიყოთ?! ცოტა ხანს იყო ქვეყანა დამოუკიდებელი, ისიც იმ დროს, როცა ჩვენ ირგვლივ ძლიერი სახელმწიფოები (ირანი, საბერძნეთი) დასუსტდნენ, თან მაშინ გენიალური მეფეები გვყავდა. ეს არის რამდენიმე შემთხვევა და პერიოდი საქართველოს ისტორიაში. დანარჩენი, სულ ხარკს ვიხდიდით, თან საშინელ ხარკს.
დღეს მე, მაგალითად, ვამჩნევ, როგორი მონდომებაა ევროპიდან, საქართველო ევროკავშირში შეიყვანონ და აუცილებლადაც შეიყვანენ... ვხედავთ, როგორი მონდომებაა რუსეთიდანაც! ორივე დაინტერესებულია, რადგან ღმერთმა ასეთი ქვეყანა გვარგუნა, აქ დაგვასახლა. ევროპისა და აზიის დაკავშირება საქართველოს გარეშე არ გამოდის... აქ ბევრი ინტერესია და ამ ყველაფრით უნდა ვისარგებლოთ! რუსეთს ომს თუ გამოვუცხადებთ, დავამარცხებთ?
რუსეთიდან ინიშნებოდა ცეკას მდივნები, მაგრამ რუსები ვერ ბედავდნენ ისე აქტიურად ქვეყნის საქმეებში ჩარევას, რასაც ზოგიერთი ბედავს... ბოლოს და ბოლოს, მართლა მონები ვართ? შენ ვინ გეკითხება ჩემს ქვეყანაში მინისტრად ვის დავნიშნავ?! პატარა ქვეყანას ადვილად ერევიან, მაგრამ ჩვენ პატარა კი არა, საჭირო ქვეყანა ვართ და ძალიან ვჭირდებით ამერიკასაც, ევროპასაც და რუსეთსაც! ჩვენი მეგობარი არცერთია, ყველა თავის თავზე ზრუნავს! ჩვენი უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი და ვინც ნაკლებად იქნება ჩვენთვის მავნე, საქმე მასთან დავიჭიროთ!
(სპეციალურად საიტისთვის)