"ე.წ მამაკცები... ისინი ნამდვილი მოღალატეები არიან" - კადიროვი თანამემამულეების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ე.წ მამაკცები... ისინი ნამდვილი მოღალატეები არიან" - კადიროვი თანამემამულეების წინააღმდეგ

რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს, უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები საზოგადოებიდან მოკვეთილად წარმოაჩინოს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს „ერის ღირსეულ შვილებად“ მოიხსენიებს. მათ კი, ვინც არ იჩენს ინიციატივას და არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომი, ჩეჩნეთის ლიდერი და მთავრობის წევრები შეურაცხყოფენ.

ჩეჩნეთის ხელისუფლების ლიდერები საზოგადოებაში ავრცელებენ აზრს, რომ თუ არ იბრძვი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ არც მამაცი ხარ. სწორედ ამაზეა აგებული ბრალდებათა უმეტესი ნაწილი. ქვეყანაში ბრალდებები მაშინ გამწვავდა, როცა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩეჩნეთის დატოვების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

“არ არის საჭირო ლმობიერად მოექცე იმ ხალხს, რომელიც ქვეყნის მამაკაცებს არცხვენს. დაე, მშიშრებმა გადაიხადონ მათი სულმოკლეობის საზღაური. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი: ისინი ნამდვილი მოღალატეები არიან“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, როცა ქვეყნის დატოვების მსურველებზე საუბრობდა.

ღირსეულები და ნაკლებად ღირსეულები

შემოდგომაზე, ერთ-ერთი მიმართვისას, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ნუ მიაქცევენ ყურადღებას იმ დიდ რიგებს საზღვარზე, რომელსაც მედიაში ხედავენ, რადგან საზღვარზე რიგები ყოველთვის იყო და იქ მდგომი ყველა ადამიანი არ ცდილობს ქვეყნის დატოვებას. რეგიონის ლიდერმა ბრძანება გასცა, ნუ შემოუშვებენ უკან მათ, ვინც ჩეჩნეთს დატოვებს.

თანამემამულეები, რომლებიც ერიდებიან უკრაინაში ომში ჩართვას და ქვეყანას ტოვებენ, კადიროვმა ე.წ. მამაკაცებად მოიხსენია, ერთ-ერთი თათბირისას კი ჩეჩნურ ენაზე ისინი პატარძლებს შეადარა:

„ისინი, ვისაც სთხოვენ გაყოლას - პატარძლები არიან, ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნივთები, რომლებიც ღირებულებით ქალის საპირწონეა“, - განაცხადა კადიროვმა.

ამავე თათბირზე კადიროვმა ბრძანება გასცა, წერილი გაუგზავნონ იმ რეგიონის მოქალაქეებს, რომლებიც ომში გაწვევას თავს არიდებენ. ისინი, ვინც საზღვარგარეთის პასპორტის აღებაზე განაცხადი შეიტანა ან დაბადების რეგისტრაციის ადგილის შეცვლა დააპირა, იძულებით გაიწვიეს უკრაინის ომში.

„მე არ ვიცი, ეს რა არსებებია. შეშინებულებმა, რესპუბლიკიდან ამოწერა დაიწყეს, რათა ომში არ წავიდნენ. გამოუსადეგარი, გაქცეული ხალხი ჩვენ საკმარისი გვყავს. ჩვენ მათ მამაკაცებად ვაქცევთ ან დავეხმარებით, მოკვდნენ ღაზავათში (წმინდა ომი), ან მათ თავიდან აღვზრდით“,- განაცხადა რესპუბლიკის ლიდერმა.

ამით არ დასრულებულა იმ მოქალაქეების შეურაცხყოფა, ვინც ქვეყნის დატოვება ისურვა და ომში არ წავიდა:

„არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რთულ დროს ტოვებენ ქვეყანას და საზღვარგარეთ მიდიან. ასეთ მშიშრებს ვურჩევ კაბა ჩაიცვან და კაცის სახელის ნაცვლად ქალის სახელი დაირქვან“, - განაცხადა კადიროვმა ჯერ კიდევ ოქტომბერში.

მენტალიტეტით თამაში

ჩეჩნეთის ლიდერის მსგავსი მიმართვები ჩეჩნეთის ხელისუფლების წევრებისთვის სამაგალითოდ იქცა და ისინი ღირსებაზე მითითებით ცდილობენ, ხალხი აიძულონ და ომში გაუშვან. ერთ-ერთმა მათგანმა ისეთ მამაკაცებს მიმართა, „ვინც არსად მუშაობს და ტყუილად ხარჯავს სიცოცხლეს“, მათი თქმით, ომში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის „მამაკაცების საქმე“.

ჩეჩენი ჩინოვნიკები კრიტიკისთვის რეგულარულად იყენებენ “გამოუსადეგარი ჩეჩენის” იმიჯს, რომელიც სალანძღავად თავადვე შექმნეს. მათი თქმით, ასეთია ვიწრო ჯინსის შარვლით შემოსილი ჩეჩენი, რომელიც „ქუჩაში დაეხეტება, მზესუმზირას მიირთმევს და ხმამაღლა საუბრობს“.

„ალაჰს ვფიცავ, შემრცხვებოდა ქუჩაში გამოსვლა მაშინ, როცა ჩემი ძმები იბრძვიან და იღუპებიან. ეს სირცხვილია, თქვენ შეურაცხყოფთ ჩვენს ისტორიას. თუ სახლში დავბრუნდებით, არ მოგცემთ ქუჩაში გამოსვლის საშუალებას“, - განაცხადა რუსტამ აგუევმა.

აღსანიშნავია, რომ, პარალელურად, არ წყდება იმ მებრძოლთა ქება-დიდება, რომლებიც ამ დრომდე უკრაინაში იბრძვიან. მათი საქციელი სამაგალითოა ჩეჩენი ლიდერებისთვის, ხოლო უკრაინაში დაღუპული ჩეჩენი მებრძოლების პატივსაცემად ზოგიერთ სკოლას მათი სახელიც კი დაარქვეს.

„ევროპაში ჩეჩენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ასლან მურთაზალიევის თქმით, ჩეჩენი ჩინოვნინები უკვე ნაცად ხერხს მიმართავენ და სწორედ ამიტომ აქვთ არჩეული „ჩეჩნების შერცხვენის“ სტრატეგია. მურთაზალიევის თქმით, კრემლის მხარეს გადასული ჩეჩნები რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს რუსებს ასწავლიდნენ, მენტალიტეტისა და რელიგიის გამოყენებით, როგორ ებრძოლათ ეფექტიანად მათი თანამემამულეების წინააღმდეგ.

„რუსები ჩეჩნებს აიძულებდნენ, ყურანზე დაეფიცათ, რომ არ იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ ან არ ინახავენ იარაღს და ა.შ. იყო შემთხვევა, როცა ჩეჩნებს არ სურდათ ტყუილზე დაფიცება და საკუთარ თავს გასცემდნენ. შემდეგ ჩვენმა რელიგიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისლამის მიხედვით, ასეთ დროს ფიცის გატეხა არ იქნებოდა ცოდვა“, - აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას მურთაზალიევმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩეჩნეთის ხელისუფლების ახალი სტრატეგია, შეარცხვინონ მამაკაცები და მათ ბრალი დასდონ, რომ არ არიან მამაცები, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს.

„ალბათ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტყვიან უარს უკრაინაში ომზე, რადგან სისტემის წარმომადგენლები არიან და არ სურთ სამსახურის დაკარგვა. იქნება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფიც, რომელიც აყვება ახალგაზრდულ მაქსიმალიზმს, რადგან მათთვის სიტყვა „ომი“ რომანტიზებულია იქამდე, ვიდრე თავად არ აღმოჩნდებიან ამ სიტუაციაში“, - აღნიშნავს მურთაზალიევი.

ექსპერტ თომაშ ბარანეცის აზრით, ჩეჩნეთის მთავრობა მებრძოლებს აღიქვამს, როგორც „ვალუტას, რომლითაც აუცილებელია კრემლს საზღაური გადაუხადონ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩეჩენს ეს შეურაცხყოფს და აქვე საყურადღებოა, რომ კადიროვის ხელისუფლების ფუნდამენტს არჩევნები ან ხალხის დიდი სიყვარული არ წარმოადგენს. ამ მმართველობის საძირკველი - შიში და დაშინებაა, ამიტომ კადიროვი არ განიცდის, თუ ამ მეთოდებით მოსახლეობას გაანაწყენებს და ხმებს დაკარგავს. ის ამაზე მეტად ფიქრობს, დაუჭერს თუ არა მას კრემლი მხარს. ამიტომ მსგავს ქმედებას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მოსახლეობას მისი ეშინია“, - განაცხადა ექსპერტმა Кавказ.Реалии-სთან საუბრისას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ჩეჩნები უკრაინაში ომში მონაწილეობაზე მორალისა და იდეოლოგიის გამო ამბობენ უარს და არა იმიტომ, რომ მათ ომის ეშინიათ. (წყარო)