ომის წლისთავზე უკრაინა რუსეთისგან მასიურ საჰაერო დარტყმას ელოდება - კვირის პალიტრა

ომის წლისთავზე უკრაინა რუსეთისგან მასიურ საჰაერო დარტყმას ელოდება

ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის 5 სთ-ზე, კიევის დროით, რუსეთის ფედერაციამ ღია სამხედრო აგრესია წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ.

რუსეთის არმიის ასამდე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის შეტევა არანაკლებ ცხრა სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელდა, თუმცა ამას დროში წინ უძღვოდა რუსეთის სახმელეთო ჯარების, საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის მიერ უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასობრივი საჰაერო დარტყმები, განხორციელებული „ისკანდერის“ აერობალისტიკური, „კალიბრის“ ფრთოსანი და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებით, ასევე, უმართავი და მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით.

ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინის ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, მოსახლეობაც, ელოდება, რომ რუსი აგრესორები „ტრადიციას“ არ უღალატებენ და კვლავ ეცდებიან უკრაინულ ქალაქებზე მასიური საჰაერო იერიშის მიტანას ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგშიც.

ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა არანაკლებ ორი ათეული ასეთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა კამიკაძე-დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით და ამჯერადაც მისი „ხელწერა“ არ შეიცვლება - უკრაინელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ადრეულად აღმოაჩინოს რუსული რაკეტების სტარტი და საჰაერო განგაშით დროულად გააფრთხილოს იმ ქალაქების მოსახლეობა, რომლებისკენაც, სავარაუდოდ, გაფრინდებიან ეს რუსული რაკეტები.

ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი - აშშ-ის კოსმოსური და საჰაერო რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები, ძირითადად, ადრეულად აფიქსირებენ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომებიდან აფრენასა და მათი ბორტებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვებას, ისევე, როგორც შავი ზღვის აკვატორიაში მცურავი რუსული სამხედრო ხომალდებიდან „კალიბრების“ სტარტს და ამ ინფორმაციას, იმედია, ოპერატიულად აწვდიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

2-isk-1677146608.png
ყოველი მორიგი საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ უკრაინის ეს ელექტრონული რუკა ასე წითლდება...

თუმცა ბევრად რთულია რეაგირება იმ რუსულ აერობალისტიკურ და საზენიტო რაკეტებზე (ამ მოძველებულ საზენიტო რაკეტებს რუსი ოკუპანტები „მიწა-მიწას“ პრინციპით იყენებენ), რომელთა სტარტი უშუალოდ უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრის სიახლოვიდან ხდება და იმავე „ისკანდერის“ რაკეტას, რომელიც 2 კმ/წმ-ში სიჩქარით მიფრინავს, ბრიანსკის ოლქიდან კიევამდე სამასიოდე კმ-ის „დასაფარად“, 180 წმ-ი ანუ 3 წთ-იც კი არ სჭირდება...

სამიოდე წუთი კი არასკმარისია ბომბსაფარში ჩასასვლელად, მაშინაც კი, თუკი საჰაერო განგაშის სიგნალი დროულად იქნა ჩართული...

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარდლობა არ მალავს და მოსახლეობას გულახდილად ეუბნება, რომ მას არ გააჩნია ისეთი საზენიტო და ანტისარაკეტო შეიარაღება, რომელიც შეძლებდა „ისკანდერისა“ და მისი საჰაერო ბაზირების ვარიანტის - "კინჟალის“ ჩამოგდებას...

მოწინააღმდეგის სარაკეტო თავდასხმების მოგერიების საუკეთესო საშუალებაა... ამ რაკეტების განადგურება სტარტამდე, მათ გამშვებ დანადგარებში, იქნება ეს „ისკანდერის“ მობილური სარაკეტო დანადგარები, „კალიბრის“ გადამტანი სარაკეტო ფრეგატები, კორვეტები და წყალქვეშა ნავები, ასევე, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების გამშვები სტრატეგიული და შორი მოქმედების დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენები.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინამ ეს არ სცადა - გაიხსენეთ უკრაინული მცურავი კამიკაძე-დრონების ღამისეული თავდასხმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის შიგნით, როდესაც მათი აფეთქებების შედეგად რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა.

„სარაკეტო შურისძიების“ ანალოგიური თავდასხმები, ოღონდ უკვე საჰაერო კამიკაძე-დრონების გამოყენებით, განხორციელდა იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, სადაც ბაზირებდნენ ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ბომბდამშენები და უკრაინელების გაშვებულმა „სტრიჟებმა“ რამდენიმე მათგანი დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა.

3-isk-1677146635.png
რუსული ბარბაროსული საჰაერო თავდასხმის მორიგი მსხვერპლი - საცხოვრებელი კორპუსი უკრაინულ ქალაქში, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სამხედრო ობიექტთან...

სტაციონალურ ობიექტებზე - საზღვაო ბაზებსა და აეროდრომებზე თავდასხმებისგან განსხვავებით, ბევრად რთულია ბრიანსკის, კურსკისა თუ ბელგოროდის ტყეებში გაკაფულ გრუნტის გზებზე მუდმივად მოძრავი „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარების აღმოჩენა და მათი განადგურება შორსმოქმედი მართვადი რაკეტებით, მით უმეტეს, რომ ასეთი, 300 კმ-მდე მოქმედი რაკეტები უკრაინელებს შეირაღებაში ჯერ კიდევ არ აქვთ.

სწორედ ამიტომაც ეხვეწება კიევი ვაშინგტონს „ჰაიმარსებისთვის“ ოპერატიულ-ტაქტიკური აერობალისტიკური რაკეტების გადაცემას, მაგრამ თეთრი სახლის პოზიცია ჯერჯერობით ისევ ურყევია, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი ფრთხილობს, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების გაშვებულმა ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა რუსეთ-უკრაინის ომს შეიძლება სახელი არ შეუცვალოს და ნომერი - სამი მიანიჭოს... მესამე მსოფლიო ომი...

პ.ს. ისრაელი, რომელსაც საჰაერო განგაშების გამოცხადების სისტემა მსოფლიოში, ეტყობა, ყველაზე დახვეწილი აქვს, იწყებს ანალოგიური სისტემის შექმნას უკრაინელებისთვისაც...