"ველოდები, რა კომენტარს გააკეთებს კობახიძის ბოდვაზე შს მინისტრი" - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება?
ველოდები რა კომენტარს გააკეთებს ირაკლი კობახიძის ბოდვაზე შს მინისტრი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას აგენტების თაობაზე.
ბესელია ფიქრობს, რომ მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელის და ამჟამად შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოზიცია საინტერესო იქნება, რადგან იმ პერიოდში, როდესაც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა, ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში იყო და სახელმწიფო საიდუმლოებასთან ჰქონდა შემხებლობა.
ეკა ბესელიამ გაიხსენა 2018 წელი, როდესაც, მისი თქმით, მასა და ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი დაიწყო და აღნიშნა, რომ კობახიძე "ტრავმირებულია“ და "გავლენის აგენტების თაობაზე“ კანონპროექტიც სწორედ მის სურვილებსა და წუხილებს ეხმიანება.
"კობახიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ვისი მხილებაც დამჭირდა, რადგან ის ვნახე კაბინეტში ჩინჩალაძესთან ერთად, როდესაც ჩინჩალაძე მას კარნახობდა ტექსტებს, რა უნდა ჩაეწერა კონსტიტუციაში. ჩვენი კონფლიქტი დაიწყო აქედან. სხვათა შორის ბევრი დეპუტატის თანდასწრებით მოხდა. კახა კალაძე ამას არ დაადასტურებს, ზუსტად ვიცი, რა საცოდავ დღეში იყო, როდესაც ერთი ხელით კალაძე მოათრევდა, მეორე ხელით ივანიშვილი, ჩემთან მოჰყავდათ ბოდიშის მოსახდელად. ეს იყო იანვარში, უმრავლესობის სხდომა იყო და მას ბოდიში მოახდევინეს. მესმის, რომ ტრავმირებულია და მძიმე ემოციები გამოჰყვა. ეს კანონპროექტი, რომელმაც გამოიწვია ძალიან სერიოზული ვნებათაღელვა, რადგან ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, რეალურად ამბობს მის წუხილებს და სურვილებს. უნდა კუდიანებთან დაიწყოს ბრძოლა. ველოდები რა კომენტარს გააკეთებს მის ბოდვაზე შს მინისტრი, გომელაური, რომელიც მაშინ უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მე ნდობის ჯგუფში ვიყავი ბევრი წლის განმავლობაში, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მქონდა. ამ სულელ ბიჭს ესეც არ ახსოვს, წარმოიდგინეთ, რეებს ლაპარაკობს. დაზიანება მიიღეს რა თქმა უნდა, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა დაიშალა, როცა წამოვედი უმრავლესობიდან. ღიად ვამხილე, რომ ეს იყო გარიგება სასამართლო კლანთან, თუ ამას გულისხმობს გასაგებია, მაგრამ რა მერაბიშვილის მრევლი. მე რომ მერაბიშვილს ვებრძოდი, ეს უბედური ბიჭი, სად იყო საერთოდ, სად იმალებოდა“, - აცხადებს ბესელია.
ბესელიას თქმით, კობახიძის განცხადებაში ლოგიკა არ არის და „შეშლილი ბიჭის“ საუბრებია.
"წარმოიდგინეთ ჯაშუში, აგენტი, რომელიც ითხოვს, მისი გადამბირებლის დაპატიმრებას. მის წინააღმდეგ გამოდის, როგორი სურათია, რა ოდიოზური სურათი იხატება. მერაბიშვილის დაპატიმრებას მუდმივად ვითხოვდი, ქუჩაში ვიდექით და ტყვიებში, მისი ტყვიები გვარბევდა. მთავარი სააკაშვილის შემდეგ იყო მერაბიშვილი, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდოდი, მთელი ხუთი წელი ვიდექი ქუჩაში. ლოგიკა სად ვიპოვოთ, სად დავიჭირო ლოგიკა ამ სულელი, შეშლილი ბიჭის საუბარში. ამის სერიოზული განხილვა მეორე უკიდურესობაში ჩაგვაგდებს. მგონია, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობს ყველაფერს, რასაც ამბობს, ის წუხილი შფოთვა, რაც თვითონ აქვს, როგორც მარია ზახაროვას თანაშემწეს და გავრილოვის შემომყვან ბიჭს, აწუხებს თავისი მონური მდგომარეობა და ახლა დაიწყო კუდიანებთან ბრძოლა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიამ ისაუბრა უშუალოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე და განაცხადა, რომ აგენტებზე საუბრის დაწყება "გამიზნულად ხდება“.
"პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არ არის შემთხვევითი, შეგნებულად არის შემოტანილი“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ მისი მიზანი "რეპრესიული მექანიზმების გამოყენებაა“, რომელიც სჭირდებათ დარჩენილი თავისუფალი სივრცეების ამოსაგმანად.
"ეს არის რუსული დღის წესრიგის გაგრძელება, ამავდროულად ეს არის პირდაპირ საქართველოს ზურგშექცევა ევროპული ოჯახისგან“, -დასძინა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, კობახიძემ გუშინდელი განცხადებებით აღიარა, რომ კანონპროექტის ტექსტი „მის ტვინში მომწიფდა“ , რაც სახიფათოა.
"ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ეს სოზარ სუბარის დაწერილი კი არ არის, მის ტვინში მომწიფდა ტექსტი, ოღონდ რუსეთის დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს არის სახიფათო, როგორი მტრული ქცევაა ქვეყნის მიმართ. ომის წლისთავზე, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას, უკრაინას თავს ესხმის, თავს ესხმის მის ხელისუფლებას, აშშ-ს. ევროკავშირს გამოუცხადა ჯვაროსნული ომი“, - დასძინა მან
"ინტერპრესნიუსი"