"ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია - საკუთარ თავს განვიხილავ კანდიდატად"
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.
“ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა.
მან გაიხსენა, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ევროკავშირის წარმომადგენლის არჩევის იდეით გამოდიოდა.
“სრულიად არ ვეთანხმები მას. ვფიქრობ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არიან სხვა კანდიდატები. აუცილებელი არაა ევროკავშირი იყოს. საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, განვიხილავ კანდიდატად. ეს კარგი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა”, - თქვა ჯონსონმა.
მან აღნიშნა, რომ ნატო ახლა “როგორც არასდროს ძლიერია” და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრებიც შეუერთდებიან - შვედეთი და ფინეთი.
ინფორმაციისთვის, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება თანამდებობაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება. ნატო-ს სპიკერმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მას არ აქვს განზრახვა, მოითხოვოს მანდატის კიდევ ერთხელ გაგრძელება.
"ინტერპრესნიუსი"