ზ. გამსახურდიას "საბედისწერო მონანიება": უკან დახევა, თუ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის კარგად მოფიქრებული ტაქტიკა?
საბჭოთა საზოგადოებაში იმდენად დიდი იყო უშიშროების ორგანოებისადმი (უპირველესად "პოლიტიკური პოლიციის" სტრუქტურებისადმი, რომელსაც კონტრდაზვერვა და "იდეოლოგიური" დანაყოფები წარმოადგენდნენ) უარყოფითი დამოკიდებულება, რომ "სუკ-ის აგენტის” დაძახება საშვილიშვილო დამღა იყო. დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის გასახლეჩად კა-გე-ბეს ერთ-ერთი, მრავალგზის შემოწმებული ხერხი სწორედ რომ "სუკ-ის აგენტობის” ბრალდება იყო. მისთვის არასასურველი პირების კომპრომეტირებისთვის კა-გე-ბე თავად ავრცელებდა ამ, უფრო ხშირად დეზინფორმაციას. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში "გაურჩებულ აგენტს", რომელიც გარკვეული მიზეზები გამო ცდილობდა კა-გე-ბესთან თანამშრომლობის შეწყვეტას, სწორედ იმით აშანტაჟებდნენ, რომ მის სამსახურში, თუ სასწავლებელში "შემთხვევით" გავრცელდებოდა ინფორმაცია მისი აგენტობის შესახებ. ეს მუქარა, როგორც წესი მოქმედებდა. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც შანტაჟი არ ჭრიდა და კა-გე-ბე ყოფილ აგენტს სასტიკად უსწორდებოდა: მორალურადაც და ფიზიკურადაც. ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული "ოპერატიული კომბინაციების" მიზანი იყო გამოძიების ეტაპზევე ჩამოეგდოთ განხეთქილება და შუღლი ქართველ დისიდენტებს შორის, ამიტომაც იყო რომ ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა და ვ. რცხილაძე სხვადასხვა დროს დააკავეს: ამით უნდოდათ შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი, რომ ადრე დაპატიმრებულმა "ჩაუშვა" მეგობრები. კა-გე-ბეს ქართული (და ზოგადად საბჭოთა) დისიდენტური მოძრაობის დისკრედიტირების ოპერაციისთვის სჭირდებოდა მათ შორის "გამცემისა" და "მოღალატის" მძიმე ეპითეტით ნიშანდება. დისიდენტური მოძრაობის კომპრომეტირებისთვის მრავალჯერ აპრობირებული მეთოდი იყო რომელიმე პატიმრის მიერ დანაშაულის აღიარება და საჯაროდ მონანიება. ამის მისაღწევად კა-გე-ბე ზემოქმედების მრავალფეროვან ხერხებს იყენებდა, მათ შორის ბრალის დამძიმების მუქარას.
ბრალდების მტკიცებით ზ. გამსახურდიას კონტაქტები მოსკოვში აშშ-ის საელჩოს დიპლომატ ი. ბელოუსოვიჩთან და ვერმახტის გენერალ შ. მაღლაკელიძის დადებით კონტექსტში მოხსენიება სსრ კავშირის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად ითვლებოდა. ამიტომაც ზვიად გამსახურდიას სუკ-ის გამომძიებლები ემუქრებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა ბრალს დაუმძიმებდნენ და საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლს (ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა) - მუხლ 65 (სამშობლოს ღალატი) დაუმატებდნენ, რაც უკვე თიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ქართველ დისიდენტებში ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნების, ზ. გამსახურდიას მიერ ბრალის აღიარება და საჯაროდ მონანიება კა-გე-ბეს მთავარი და ძალზე შორს მიმავალი მიზანი იყო. 1978 წლის მაისს და ივლისში საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიით ორჯერ გადაიცა ზვიად გამსახურდიას მიერ ბრალის აღიარებისა და "მონანიების" კადრები: პირველად ეს იყო გამოძიების პროცესში გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, ხოლო მეორე შემთხვევაში მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე ზ. გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა. რბილად რომ ვთქვათ ამ ფაქტებს ძალზე უარყოფითი რეზონანსი ჰქონდა დისიდენტურ მოძრაობაში. ქვემოთ გაგაცნობთ იმ არგუმენტებს, რითაც ზ. გამსახურდია საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნიდა. ჯერ კიდევ 1988 წელს გავრცელდა ზ. გამსახურდიას ღია წერილი "ვისაუბრე თუ არა ცენტრალურ ტელევიზიაში 1978 წლის მაისში?", სადაც მისი საჯარო მონანიება ტაქტიკური უკანდახევის საჭიროებით დაასაბუთა. ამ თემაზე უფრო ვრცლად ზ. გამსახურდია 1993 წელს გამოცემულ "ავტობიოგრაფიაში" საუბრობს (სტილი დაცულია - ბ.ა.): "ცოტა ხნის წინ გადავხედე ამ საქმის ფურცლებს, რომელიც გადაიტანეს კგბ-ს არქივში სამუდამო შესანახად. . . . ეს საქმე მოიცავდა მთელ ჩვენს ცხოვრებას, დისიდენტური მოძრაობის მთელ ისტორიას. . . . ჩემთან ერთად დააკავეს და გაჩხრიკეს მერაბ კოსტავა, რომელმაც ჩემსავით უარი თქვა გამოძიებაში მონაწილეობაზე და არ პასუხობდა გამომძიებლების კითხვებს. .. . . .
გამოძიების მთავარი პრობლემა იყო მოსკოვში იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც გადავეცი "სამიზდატის" მასალები საზღვარგარეთ გასატანად და მათგან არალეგალურის ლიტერატურაც მივიღე. ამ ადამიანების უმეტესობა მაშინ დააკავეს, მაგრამ ისინი მე არ მასახელებდნენ და არც მე არ ვასახელებდი მათ. .. .
თუმცა მე პრობლემის წინაშე ვიდექი: გამოძიების გაჭიანურებას შეეძლო გამოეწვია ფაქტების გაშიფვრა სხვა პირების მეშვეობით და დაპატიმრებული ს.კოვალიოვის, ი.ორლოვის, ტ.ველიკანოვას, ა.გინზბურგის და სხვების ბედი დამძიმდებოდა "ქართული საქმის" დამატებით. შევამჩნიე, რომ ქართულ სუკ-საც არ სურდა დაემძიმებინა თავი "მოსკოვის საქმით" და დაიწყო ჩიხიდან გამოსავლის ძებნა. გამომძიებელმა გადაწყვიტა შეექმნა ვერსია, რომ მთელი ლიტერატურა, რომელსაც მე ვიღებდი მოსკოვიდან, გადმომცეს უკვე (გამოძიების პერიოდში -ბ.ა.) საზღვარგარეთ მყოფმა პირებმა (ნ. გორბანოვსკაიამ და ა. ამალრიკმა) და ისინი უკვე მიუწვდომელი იყვნენ გამოძიებისთვის. ამიტომ, ჩემს საქმეში ისინი "გააფორმეს", როგორც ლიტერატურის გადმოცემის ძირითადი წყაროები და ყველა ეპიზოდი მათ მიაწერეს. . . . .მეც არ გამიპროტესტებია და დავადასტურე ეს ვერსია, რათა გამოძიებაში მყოფი ჩემი მოსკოველი მეგობრების ბედი არ დამემძიმებინა".
ეს ვრცელი ამონარიდი იმიტომ მოვიტანე, რომ მკითხველს კარგად დაენახა ზ. გამსახურდიას პოზიცია. შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტი აგრძელებს (სტილი უცვლელია - ბ.ა.): " გამოსავალი იპოვეს (იგულისხმება სუკ-ი - ბ.ა.) , მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც რჩებოდა: რეჟიმისთვის ჩემი გასამართლება და ციხეში გაგზავნა ძალზე არასასურველი იყო , მამაჩემის უზარმაზარი პოპულარობისა და ჩემი მზარდი პოპულარობის გამო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, დილემის წინაშე დავდექი: ან ფორმალური მონანიება ჩემი ქმედებების გამო, ან მუხლი "ღალატისთვის", საზღვარგარეთ გაძევება და მოქალაქეობის ჩამორთმევა. იძულებული გავხდი მეფიქრა, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ( რომელიც ახლად იწყებდა ფორმირებას და შედგებოდა ძირითადად გამოუცდელი ახალგაზრდებისგან, რომლებიც ვერ ახერხებდნენ არალეგალური ლიტერატურის გამოცემას, ვერ შეძლებდნენ ინფორმაციის საზღვარგარეთ გადაცემას . . ) უმეთაუროდ დატოვებას" .
ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" ასევე აღნიშნავს (სტილი დაცულია -ბ.ა.) : "ამავდროულად კა-გე-ბე მიმანიშნებდა, რომ ჩემი ფორმალური "მონანიების" შემთხვევაში, ხელისუფლება წავიდოდა მნიშვნელოვან დათმობებზე და შეასრულებს ჩემს კონკრეტულ მოთხოვნებს . . . გამოძიების დროს მ.კოსტავასთან დაპირისპირებისას მოვახერხე მისთვის ჩემი ფორმალური მონანიების მიზეზების ახსნა და მისი მხრიდან დავინახე გაგება. ასე რომ, ჩემი ნაწილობრივ კომპრომისული პოზიცია და მისი უკომპრომისო პოზიცია წინასწარ იყო შეთანხმებული . . . . ჩემი "მონანიება" დაფიქსირდა "სონის" მარკის ვიდეომაგნიტოფონზე, როგორც გამოძიებისა და დაკითხვის ეპიზოდი. . . . . თუმცა, ჩემი სასამართლო პროცესის შემდეგ, ეს ჩანაწერი, შემოკლებული და დამონტაჟებული სახით, გადაიცა "ვრემიას" გადაცემაში, როგორც ჩემი გამოსვლა ტელევიზიით. . . . . ამ მონტაჟმა წარმოშვა ბევრნაირი ჭორი ჩემი დროებითი ტაქტიკური უკანდახევის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება. . .
სასამართლო პროცესზე თავიდანვე განვაცხადე, რომ არ დავთმობ ჩემს ძირითად მოთხოვნებს ეროვნული კულტურის სფეროში, მოვითხოვდი ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის პატივისცემას, მოვითხოვე საქართველოს ისტორიის სწავლება განახლებულიყო ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოვითხოვე ქართული ეკლესიის გაწმენდა იქ შეგზავნილი აგენტებისა და დამნაშავეებისგან".
ამავე დროს ზ. გამსახურდიამ განაცხადა (სტილი დაცულია - ბ.ა.) : "ვნანობ და ვინანიებ ზოგიერთი ანტისაბჭოთა მასალის გავრცელებას" და დაასახელა არალეგალურ ჟურნალ "საქართველოს მოამბის" მეორე ნომერში დაბეჭდილი НТС-ის პროკლამაცია საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და სტატია ვერმახტის გენერალ მ. მაღლაკელიძის შესახებ . "მერაბ კოსტავამ არ აღიარა დანაშაული და არ მოინანია, როგორც წინასწარ შევთანხმდით ციხეში" წერს ზ. გამსახურდია. დანაშაულის აღიარებისა და "მონანიების" მეორე ფაქტის შესახებ ზ. გამსახურდია აღნიშნავს (სტილი დაცულია - ბ.ა.): "ამასობაში New York Times-ის კორესპონდენტებმა ჰაროლდ პაიპერმა და კრეიგ უიტნიმ გამოაქვეყნეს სტატია თავიაანთ გაზეთში, სადაც საბჭოთა ტელევიზიას ჩემი გამოსვლის ფალსიფიკაციასა და მონტაჟში ადანაშაულებდნენ . ტელევიზიამ სარჩელი შეიტანა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოწმის სტატუსით მიმიწვიეს. დავთანხმდი, იმიტომ რომ იმედი მქონდა, სასამართლო პროცესზე, სადაც უცხოელი კორესპონდენტებიც აუცილებლად დაესწრებოდნენ, მექნებოდა შესაძლებლობა მეთქვა სიმართლე ამ "გამოსვლის" შესახებ და ამეხსენა საზოგადოებსთის, თუ რა "მოვინანიე" და რა არა. თუმცა, პაიპერი და უიტნი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და ჩემი დაკითხვა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მე მოსამართლე ალმაზოვმა სიტყვა შემაწყვეტინა და დარბაზიდან გამიყვანა, ჟურნალისტები კი ტრიბუნიდან მოშორებით ისხდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა ".
როგორც უკვე ავღნიშნე კა-გე-ბეს მიზანი იყო განხეთქილების შეტანა ქართველ დისიდენტებს შორის. ამ შემთხვევით კარგად ისარგებლა სუკ-მა და ზ. გამსახურდიასა და ვ. რცხილაძის შორის სამუდამო შუღლი და დაპირისპირება ჩამოაგდო.
ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" ხაზს უსვამს (სტილი დაცულია - ბ.ა.): "ვ.რცხილაძე პირველივე დღესვე დაიბარეს კა-გე-ბეში დაკითხვაზე და გაათავისუფლეს, რადგან მან უკვე მოასწრო წინასწარ განცხადების შეტანა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში, სადაც ჩვენ გაგვემიჯნა და გააკრიტიკა "ანტისაბჭოური ელემენტები. . . 1978 წლის 27 იანვარს დააპატიმრეს ვ.რცხილაძე, რომელიც ჩვენს არალეგალურ ჟურნალებში აქვეყნებდა სტატიებს. . .. რადგანაც საზოგადოება მის კა-გე-ბესთან თანამშრომლობაზე ეჭვობდა, ის იმიტომ დააპატიმრეს, რომ უკეთ შენიღბათ . მან ვრცელი ჩვენება მისცა ყველა იმ პირის შესახებ, ვინც მე და მერაბ კოსტავამ დავუმალეთ გამოძიებას, მისი ჩვენებით, კა-გე-ბემ ჩაატარა რამდენიმე ჩხრეკა და ჩვენი გადამალული არქივი ხელში ჩაიგდო. . . სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით მიიყვანეს ვ.რცხილაძე, რომლის საქმეც ცალკე გამოიყო. მან წაიკითხა ვრცელი ჩვენება- დაბეზღება ჩემზე, სადაც ყვებოდა, თუ როგორ "ჩავითრიე" იგი "ანტისაბჭოთა" საქმიანობაში და თითქოს ვაიძულებდი გაევრცელებინა "ანტისაბჭოთა" ლიტერატურა.. . . . . ვ.რცხილაძე გაასამართლეს იმავე წლის აგვისტოში, სასამართლო პროცესზე მან მთელი თავისი ძველი საქმიანობა დაგმო და განაცხადა, რომ მისი წარსული სირცხვილია. რცხილაძე, რომელიც ჩემი დაკავებიდან ათი თვის შემდეგ დააკავეს, შვიდი თვით ალმა-ათაში გადაასახლეს და გაათავისუფლეს. (გათავისუფლების შემდეგ ის არ მალავდა კავშირს კა-გ-ბესთან, პუტჩისა და გადატრიალების შემდეგ კი შევარდნაძის "სახელმწიფო საბჭოს" წევრი გახდა)".
ობიექტურობისთვის ქვემოთ გაგაცნობთ ვ, რცხილაძის პოზიციასაც მაშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ის აღნიშნავდა (სტილი უცვლელია - ბ.ა.): "ზვიადისა და მერაბის დაპატიმრებიდან 9 თვის შემდეგ მეც დამაკავეს. . . . დისიდენტურ მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე ვიყავი შემჩნეული, მაგრამ ??? (იგულისხმება ს უ კ -ი -ბ.ა.) "ფაქტზე ვერ მიჭერდა". დისიდენტური ჯგუფის წევრებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ??? (იგულისხმება ს უ კ -ი -ბ.ა.) ჩემი მოღვაწეობის შესახებ არ უნდა სცოდნოდა. დაპატიმრებამდე ორჯერ მოვხვდი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევების გამო. ამიტომ ჯგუფის წევრები მიფრთხილდებოდნენ. საბოლოოდ ზვიად გამსახურდია გატყდა და შეთანხმება დაარღვია. ჩემი დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ გამომძიებელმა ზვიადის მიერ ინაურის სახელზე დაწერილი განცხადება მაჩვენა, რომლითაც იგი გენერალს მიღებას სთხოვდა. ირწმუნებოდა, რომ ციხეში ყოფნამ მას "თვალები აუხილა" და სხვანაირად დაანახა "სოციალისტური სამშობლო". გამსახურდია აცხადებდა, რომ არც თვითონ და არც მერაბ კოსტავა არ იყვნენ "ოქროს საწმისში" გამოქვეყნებული შალვა მაღლაკელიძის ნეკროლოგის ავტორები და ითხოვდა მოწმეებთან დაპირისპირებას აერიდებინათ. შალვა მაღლაკელიძე ქართული წარმოშობის გერმანელი გენერალი იყო მეორე მსოფლიო ომში და მისი ხსენება ფაშისტობის ტოლფასი იყო. ნეკროლოგის ავტორი, რომელიც გამსახურდიას დაჟინებული მოთხოვნით დაიბეჭდა, მე ვიყავი. სტატიის ბოლოს ჩემი გვარი არ ფიქსირდებოდა. მართალია, გამსახურდიას პირდაპირ არ დაუსახელებია ჩემი გვარი, მაგრამ იმის განცხადება, რომ ნეკროლოგი არც მისი და არც კოსტავას დაწერილი არ იყო, პირდაპირ მიუთითებდა, რომ მისი ავტორი მე ვიყავი. სამკაციან ჯგუფში სხვა ავტორი, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა". სასამართლომ ვიქტორ რცხილაძეს ორი წლით ყაზახეთში გადასახლება მიუსაჯა. ვ. რცხილაძე ინტერვიუში აცხადებდა (სტილი უცვლელია -ბ.ა.): "საქართველოში 80-იანი წლების პირველ ნახევარში დავბრუნდი, როცა "პერესტროიკამდე" დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი. დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ ჩემი ფანჯრების წინ გამსახურდიას "ვილისი" შევნიშნე. დაპატიმრებამდე ზვიადი ამ მანქანით ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად და ერთსა და იმავე ადგილზე მიცდიდა ხოლმე. შინ არასოდეს ამოდიოდა. იცოდა, დედაჩემი მის მიმართ კეთილგანწყობილი რომ არ იყო და ზედმეტ სკანდალებს ერიდებოდა. გამსახურდია ისევ ჩვეულ ადგილას მელოდა. მის სანახავად არ გავსულვარ. ვიცოდი, თავის გასამართლებლად იყო მოსული...".
რადგანაც იმედი არ მაქვს, რომ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივები დღის სინათლეს ოდესმე იხილავს და აღვადგენთ რეალურ სურათს, მკითხველმა თავად განსაჯოს თუ ვის მხარეს იყო სიმართლე.
(მეცამეტე ნაწილის დასასრული)