"წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, ყვირილს, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და როცა თავისას მიაღწია, მითხრა, არ ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყავიო..."
ამბავი, რაც ახალგაზრდა ქალმა მიამბო, სულისშემძვრელი და დაუჯერებელია. ის ამბობს, რომ საკუთარმა დედამ ცხოვრება დაუნგრია და უმძიმესი ცხოვრების გამოვლა მოუხდა. ერთი შვილის დედაა და არ მალავს, რომ ის მოძალადისგან გააჩინა. მომხდარში საკუთარ დედას ადანაშაულებს. წლებია, სახლიდან გამოიქცა, კარგა ხანს თავშესაფარში ცხოვრობდა, დღეს კი შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაშია.
მაკა:
- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი. იმდენი რამ გადამხდა თავს, ამის გახსენება ძალიან მიჭირს. თუმცა ეს ამბები ჩემი ცხოვრების თანმდევია და თავსაც ხშირად მახსენებს - მაგალითი ვარ, თუ როგორ შეიძლება შვილი ემსხვერპლოს საკუთარი დედის საქციელს. სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარაფრის შეცვლა შემიძლია, მაგრამ ამ გზის თავიდან გავლა რომ მიწევდეს, ერთი წუთით არ გავჩერდებოდი ასეთ დედასთან და ასე საკუთარ თავსაც გადავარჩენდი.
ჩემი შვილი უკვე სკოლაში დადის, მარტო გავზარდე, ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა ბავშვს ვუყურებ, ხშირად ის შემზარავი დღე მახსენდება, როცა ჩემზე იძალადეს და ამას ძალიან განვიცდი. შვილი იმ მამაკაცისგან გავაჩინე, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მეზიზღება. დღეს ვერაფერს შევცვლი.
ფსიქოლოგის დახმარებით, ამ წლების განმავლობაში, ბევრი რამ გადავლახე, ვცდილობ, ცხოვრება გავაგრძელო და ამის ძალას ისევ ჩემი შვილის სიყვარული მაძლევს. შიშით ველოდები იმ დღეს, როცა მკითხავს მამა ვინ არის. ალბათ დადგება დრო და მე მისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევს, მაგრამ იმისიც მეშინია, ამით მასაც არ ვატკინო გული. ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ, ოდესმე შევძლებ თუ არა მისთვის სიმართლის თქმას.
- საკუთარ დედას რაში ადანაშაულებთ?
- ვერ ვიტან დედაჩემს, რადგან მის გამო ცხოვრება დამენგრა. პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, მახსოვს, სახლში სულ ჩხუბი იყო, მამა ეჭვიანობდა და მართალიც იყო. ბოლოს, დედაჩემს ღალატის გამო დაშორდა. მამაჩემს ახლა სხვა ოჯახი აქვს და იქ ძალიან კარგად ცხოვრობს, შვილებიც ჰყავს და ბედნიერია მათთან ერთად.
- მამა გნახულობდათ?
- ოფიციალურად რომ გაშორდნენ, კარგა ხანს არ გამოჩენილა, მერე პერიოდულად მოდიოდა ჩემს სანახავად, მაშინ ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი და ბებოსთან მივყავდი. მეც პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი ყველაფერს, მაგრამ დღეს ვხვდები, მამა დედასთან მართალი იყო.
ქმართან გაშორების შემდეგ, მალე, დედაჩემის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გაჩნდა და ის მის სახლში მოყვანასაც არ ერიდებოდა. ჩვენთან ცხოვრობდა დედაჩემის დედა, მაგრამ მას სიმსივნე ჰქონდა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო აღარ ერიდებოდა სახლში უცხო ხალხის მოყვანას. მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს მწარე რეალობაა, დამალვას რა აზრი აქვს, ის მეძავია...
მამიდაჩემი სულ მეუბნებოდა, შვილო, ფრთხილად იყავი, დედაშენი ცუდი ქალია და იმის მეშინია, შენც რამე ცუდი არ დაგმართოსო. თავიდან მეგონა, მამიდა ამას სიბრაზის გამო ამბობდა, მაგრამ რომ წამოვიზარდე და დედის საქციელებს ვხედავდი, მივხვდი, მამიდა მართალი იყო. დედაჩემი იმდენად გათავხედდა, რომ სახლში მოჰყავდა ქალები და კაცები, სვამდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და იყო ხორხოცი და ღრიანცელი. მე ჩემს ოთახში ჩამკეტავდა და მეტყოდა, აქედან არ გამოხვიდეო. როცა ყველაფერი გავაცნობიერე, ამას ძალიან განვიცდიდი. სახლში მისვლა არ მინდოდა, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. ბევრჯერ ღამე მეგობართან გამითენებია, რადგან იქ ძალიან კარგად მხვდებოდნენ, კარგი მშობლები ჰყავდა, მაგრამ სულ იქ ხომ არ ვიქნებოდი?
დედას ბევრჯერ ვუსაყვედურე და ვუთხარი, რომ არ მსიამოვნებდა სახლში უცხო ხალხი რომ მოჰყავდა და ისიც ვუთხარი, თუ კიდევ მოიყვანდა, სახლიდან გავიქცეოდი. ძალიან მეზიზღება საკუთარი დედა, რადგან მან ვერ შეძლო ჩემი დაცვა. გარკვეული პერიოდი მამიდასთან ვცხოვრობდი, მაგრამ მას ძალიან დიდი ოჯახი აქვს და მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო, ისევ სახლში დავბრუნდი. ახლა ვფიქრობ, მამიდისთვის მაშინ რომ მეთქვა რატომ გამოვრბოდი სახლიდან და მას მიზეზი სცოდნოდა, შეიძლება იქ არ დავეტოვებინე. მეზობლებიც ხშირად მე მსაყვედურობდნენ, სახლიდან ხმაური გამოდისო, არ ვიცოდი, მათთვის რა მეპასუხა და სად დავმალულიყავი. თან ვხვდებოდი, ყველამ იცოდა, რისი მაქნისიც იყო დედაჩემი.
- მამასთან არ გიცდიათ საცხოვრებლად გადასვლა?
- მამასთან არ მქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ მასთან გადავსულიყავი, თან იმ პერიოდში მამას უკვე სხვა ოჯახი ჰყავდა და იქ ვერ გავჩერდებოდი. ბებო კი მეუბნებოდა ხოლმე, აქ დარჩი, ეს შენი სახლიც არისო, მაგრამ ვხედავდი, რომ ასე არ იყო, ამიტომ, სხვა წასასვლელიც არ მქონდა და იძულებული ვიყავი, ისევ დედასთან ვყოფილიყავი.
ვინ იცის, რამდენი ღამე გამითენებია ტირილში.
მერე ძალიან გულჩათხრობილი გავხდი, სადმე შორს მინდოდა გაქცევა.
მისი საქციელის გამო მეც ვერ შევძელი ნორმალური ოჯახის შექმნა, ხომ იცით, საქართველო ძალიან პატარაა, არსად არაფერი იმალება. ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს, არავის უნდა ასეთი ქალის შვილი რძლად რომ შეუვიდეს, სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემი სკოლელი ბიჭი რომ შემიყვარდა, ის ჩემზე ერთი წლით უფროსია, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მიზეზი დედაჩემი იყო. ძალიან ძნელია როცა იგებ, რომ ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია. მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ერთად არ ვყოფილიყავით. მერე შექმნა კიდეც ოჯახი მან და ორი შვილი ჰყავს, ფაქტობრივად, დედაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველანაირად, თორემ შეიძლებოდა ახლა მშვიდი ცხოვრება მქონოდა და ბედნიერიც ვყოფილიყავი.
- ამბობთ, რომ თქვენი შვილი ძალადობის ნაყოფია, გაგაუპატიურეს?
- კი, ისიც საკუთარ სახლში და დედასთან მოსულმა კაცმა. იმ დღეს სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი, კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა, კარი დედაჩემმა გააღო, მთვრალი იყო და ძლივს მიბარბაცდა კართან, ოთახში მამაკაცი შემოვიდა, მე ჩემს ოთახში ჩავიკეტე, ცოტა ხანში ჩემს საძინებელ ოთახში კაკუნის ხმა გაისმა, ხმა არ ამომიღია, არ ვუპასუხე, მაგრამ რომ არ გაჩერდა, იძულებული გავხდი, კარი გამეღო, ის კაცი გამომწვევად მესაუბრა, მოვთხოვე სახლიდან წასულიყო, მაგრამ მან იძალადა ჩემზე და გამაუპატიურა...
ამ დროს იქვე ეგდო მთვრალი დედაჩემი. წინააღმდეგობის გაწევას, ყვირილს ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან პირზე ხელი ამაფარა, როცა თავისას მიაღწია, მერე მითხრა, არ ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყავიო...
მისმა ქცევამ ძალიან გამაღიზიანა, ძალიან ცუდად ვიყავი...
არ მინდა ამ დეტალების გახსენება, რადგან მანადგურებს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.
ის კაცი წავიდა, ამის შემდეგ მივვარდი დედაჩემს, მთვრალს ეძინა და სასტიკად ვცემე, სახლიდან წამოვედი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, მერე არაფერი მახსოვს, ჩემს მეგობართან დამირეკავს. მას ვუთხარი სიმართლე, სიკვდილი მინდოდა. განადგურებული ვიყავი. იმ გოგომ თავის მშობლებს უთხრა და პოლიციაში წამიყვანეს. ის კაცი დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, მაგრამ მე გაუბედურებული დავრჩი.
სიცოცხლე აღარ მინდოდა... მაგრამ გადამარჩინეს.
- დედას რა რეაქცია ჰქონდა?
- ის უსულგულო ქალია. მისი დანახვა აღარ მინდა, ამბობდა, რომ არ დაეჭირათ ის კაცი და მას მე ცოლად შემრთავდა.
ის მამაკაცი ჩემზე 12 წლით უფროსი იყო და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, წარმოუდგენელი იყო ამაზე საუბარიც კი.
ის დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი.
ეს რომ გავიგე, ნაყოფი უკვე დიდი იყო, იძულებული გავხდი, დედაჩემისთვის მეთქვა და მან წამიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ აბორტს ვერ გამიკეთებდნენ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
მე ამაზეც თანახმა ვიყავი, თუ არ გადავრჩებოდი, უკეთესი იყო ჩემთვის, რადგან სიცოცხლე მართლა აღარ მინდოდა, მაგრამ არ გამიკეთეს აბორტი.
საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკიც და სახლში არ დავბრუნებულვარ. თავშესაფარში გადამიყვანეს, იქ გაჩნდა ჩემი შვილი. დიდხანს ვცხოვრობდით იქ, რადგან წასასვლელი არსად მქონდა.
ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა სტრესიდან გამოსვლაში, სულ ვტიროდი, იქაც ისეთ ამბებს ვისმენდი, რომ მივხვდი, მარტო მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. მერე პროფესიაც შემასწავლეს - სტილისტობა ვისწავლე. ამასობაში, ჩემი შვილიც გაიზარდა და ბაღში შევიყვანე. ნაქირავებ ბინაში გადავედით. სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს და ბინის ქირის გადახდაშიც მეხმარებიან, თან მეც ვმუშაობ.
ახლა ბავშვი უკვე სკოლაში დადის და ვცდილობ, მას არ ვატკინო გული. ალბათ მოვა დრო და მომიწევს მისთვის ყველაფრის ახსნა და ამაზე ფიქრიც კი მზარავს. ვცდილობ, ჩემს შვილს არაფერი მოვაკლო. ჩემს თავს ვადანაშაულებ მომხდარში. ჯობდა დედასთან არ მეცხოვრა, ჯობდა მამასთან დავბრუნებულიყავი, ასეთ დღეში მაინც არ აღმოვჩნდებოდი. ამაზე მეტ ტკივილს ვინ მომაყენებდა, რაც საკუთარმა დედამ მომაყენა.
ის კაცი მეზიზღება, ჩემი შვილი ჩემს გვარზეა და მამის გრაფაში მამაჩემის სახელი უწერია, რომ გაიზრდება ალბათ გაიგებს სიმართლეს და არ ვიცი, რა რეაქცია ექნება, დედასთან ურთიერთობა აღარ მაქვს, ამ ამბის შემდეგ თურქეთში წავიდა და როგორც ვიცი, იქ არის, მან მე მთელი ცხოვრება დამინგრია.
- მამამ გაიგო ეს ამბავი?
- მან ეს ამბავი გვიან გაიგო და დედაჩემს მოსაკლავად დასდევდა. ძალიან ვეცოდები. პერიოდულად, ეკონომიკურადაც მეხმარება, თუმცა მას კიდევ ჰყავს შვილები და ამდენი გასაქანი არ აქვს, მე ვიბრძვი ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის, მამას სოფელშიც ჰქონდა სახლი და ის ჩემს სახელზე გადააფორმა, მაგრამ ჯერჯერობით მე და ჩემი შვილი თბილისში ვართ, ნაქირავებში. სოფელში სამსახურს ვერ ვიშოვი.
ჩემი შვილი ახლა უკვე გაიზარდა და იმასაც ვგეგმავ, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ. ასე ავარიდებ ალბათ იმ ტკივილს, რაც უნდა გაიგოს ამ ამბის გახმაურებით. ხომ იცით, საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს, არ მინდა, სხვამ უთხრას ეს ამბავი და მერე მასაც დაენგრეს ცხოვრება, ეს მის ცხოვრებაზე აისახოს.
შევეცდები საქართველოდან წავიდეთ ერთად. მე ვიშრომებ, ვიმუშავებ და მისი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მინდა მამაზე არაფერი გაიგოს. იმ არაკაცს არასოდეს მივცემ შვილთან მიახლოების საშუალებას.
(სპეციალურად საიტისთვის)