"ტერიტორიულ მთლიანობაზე კი აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ, სახელმწიფოს არსებობის უფლებას უსვამს კითხვის ნიშანს, უკრაინის არსებობას კომუნისტების შეცდომად მიიჩნევს"
რუსეთმა ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს. როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის - კიევში... ჯერ კიდევ 16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთი განცხადება გაავრცელა:
„ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე - ოდესმე...“
იმ პერიოდში, ამერიკული დაზვერვა ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საზღვართან 130 000 რუსი სამხედრო იყო მობილიზებული, მაგრამ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო აცხადებდა, რომ ვერ ხედავდა რუსეთის შემოჭრის საფუძველს. უფრო მეტიც, საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობდა, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო... რატომ უარყოფდა უკრაინის უშიშროება ამერიკული დაზვერვის ინფორმაციას, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულ რუსულ ძალებთან დაკავშირებით, როგორი იყო ომის ერთი წელი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი ფრონტის ხაზზე, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:
- ომი იყო გარდაუვალი. რუსეთის ფედერაცია ამისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა და შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა პრეზიდენტ ზელენსკის. უბრალოდ, მისი ასეთი პოზიცია იმით იყო განპირობებული, რომ პანიკის დათესვა არ სურდა. რუსეთის ფედერაციამ ძალიან დიდი დრო მოანდომა შეტევითი პოტენციალის მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან. როგორც სჩვევია, ძალების მაქსიმალიზაცია განახორციელა. პრაქტიკულად, შეტევის ორი ოპერატიული ოპერაცია მოამზადა - ერთი აღმოსავლეთის მიმართულებიდან, მეორე - ჩრდილოეთიდან, ასევე, განახორციელა საზღვაო ძალების მობილიზება სამხრეთიდან, ე.ი ყველაფერი მოამზადა უკრაინის ანექსიისთვის. საქართველოში ინტერვენციის, ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმის წახალისების შემდეგ, რუსეთი დაუსჯელი რომ დარჩა, შეეცადა, კიდევ უფრო შორს წასულიყო და საბჭოთა კავშირის აღდგენა დაეწყო.
- პუტინის მთავარი შეცდომა რა იყო, დღეს არსებული მსოფლიო წესრიგის ფონზე, საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა თუ არასწორად დაგეგმილი სტრატეგია?
- ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მეზობელი ქვეყნის ანექსიისკენ, შეცდომაა და პოლიტიკური ელიტის დიპლომატიურ უნარებზე ცუდ წარმოდგენას იძლევა. რუსეთს მეზობლებთან კონსტრუქციული, პოზიტივზე ორიენტირებული ურთიერთობის უნარი არ აქვს, ყველა მეზობლის ტერიტორიას თავის დაკარგულ მიწად მიიჩნევს. ასეთია რუსული ბუნება. საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გამოდის და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს. ასეთ ხალხთან ორი კითხვა მაქვს - როდის ვიყავით მეზობლები და რა სიკეთე მივიღეთ რუსეთთან ურთიერთობებით. ჩვენ რუსეთს ან დაპყრობილი ვყავდით, ან დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. სხვა ტიპის ანუ მეგობრული ურთიერთობა რუსებსა და ქართველებს შორის არასდროს ყოფილა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ მოცემულობა, როდესაც რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცდილობს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და ცდილობს ეკონომიკური პროექტების, ინვესტიციების შემოტანას. ასეთი რუსეთი რეალურად რომ არსებობდეს, დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იქნებოდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის?! რუსეთმა ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში მეზობელი სახელმწიფო ვერ დაინახა. ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე პუტინმა ძალიან საგანგაშო რამ თქვა, რაც დასავლეთს, რატომღაც, მხედველობიდან გამორჩა. პუტინმა განაცხადა, - საქართველოს რომ უნდა ნატოს წევრობა, ეს კიდევ შეიძლება რაღაცით აიხსნას, მაგრამ უკრაინის სურვილი საერთოდ გაუგებარია, ის ხომ ხელოვნური წარმონაქმნიაო. პრაქტიკულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის საკითხი.
- ვერსია იმის შესახებ რომ უკრაინა ხელოვნური წარმონაქმნია, ბევრ სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში განიხილებოდა.
- კი ბატონო, რუსული აკადემიური, საექსპერტო წრეები, პოლიტიკოსები და სამხედროები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ამ ვერსიას. ყველა ერთად გაიძახოდა - „აკრაინა რასიისკი იმპერიი“ (окраина российской империи) და საერთოდ არ აინტერესებდათ, რომ უკრაინელებს სხვა ტიპის ეროვნული მენტალობა აქვთ ჩამოყალიბებული და უნდათ, საკუთარი ქვეყანა ჰქონდეთ, როგორც ნებისმიერ სხვა ერს. რუსეთმა თავდაყირა დააყენა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული სახელმწიფო ნებელობის პრინციპი. ტერიტორიულ მთლიანობაზე კი აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ, სახელმწიფოს არსებობის უფლებას უსვამს კითხვის ნიშანს, უკრაინის არსებობას კომუნისტების შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ თავად უნდა გამოასწოროს ეს „შეცდომა“. ეს აღარ არის საგარეო პოლიტიკის საკითხი. პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება, საუკეთესო შემთხვევაში, მისი იზოლირება და მკურნალობაა საჭირო. თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მისი სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლება.
- ის, რასაც დღეს პუტინი აკეთებს, რუსი ხალხის სახელით, დაახლოებით, იგივე გააკეთა 1938 წელს ჰიტლერმა, გერმანელი ხალხის სახელით. როგორც ახლა, მაშინდელმა მსოფლიო ლიდერებმაც ბევრი დაუთმეს იმპერიული ზრახვებით შეპყრობილ მმართველს და გერმანიამ ავსტრიის შეერთებისა და ჩეხოსლოვაკიის დანაწევრების საშუალება მისცეს, შედეგად კი მეორე მსოფლიო ომი მიიღეს. როგორ გგონიათ, მსოფლიო ლიდერებმა ახლაც ხომ არ დააგვიანეს?
- რა თქმა უნდა, დააგვიანეს. როგორც იმ პერიოდში შეარჩინეს გერმანიას სუდეტის ოლქი და ავსტრია, ისე შეარჩინეს ახლა რუსეთს საქართველო. მოდი, ღიად ვთქვათ, საქართველო „გაატარეს“ და ტალიავინის სამარცხვინო დასკვნა მოგვახვიეს თავს. თურმე, ნუ იტყვით და საქართველოც ყოფილა პასუხისმგებელი, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთს გაუწია წინააღმდეგობა. პირველად ქართველებმა ისროლეს საარტილერიო ჭურვებიდანო. ვის ვესროლეთ და რა ჯანდაბა უნდოდა რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიაზე, იმაზე აღარაფერს ამბობენ. 2008 წელს დასავლეთს იმაზე რომ დაეწყო ლაპარაკი, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა დაიწყო ომი თუ საქართველომ, რუსეთი ასე მარტივად ვეღარ გაბედავდა უკრაინაში შეჭრას. გავიხსენოთ რა მოხდა ყირიმის ანექსიის დროს. შეიქმნა მინსკის ჯგუფი და მოლაპარაკებების დროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არც კი ახსენებდნენ. ამის მერე რუსეთი სირიაში შევიდა, იქაც არავინ შეაჩერა და რატომღა გვიკვირს, რომ რუსეთს მადა სულ უფრო ეზრდება?!
- თქვენი ვერსიით, რატომ არ ითვალისწინებენ ისტორიულ გამოცდილებას?
- ნუ გვექნება ძალიან მაღალი წარმოდგენა ევროპელ პოლიტიკოსებზე. გერმანია იქნება, უნგრეთი თუ სხვა ევროპული ქვეყანა, რუსეთის სახით ისინი საფრთხეს კი არა, შესაძლებლობას ხედავდნენ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ევროპა ისე შესვა საკუთარ ენერგორესურსებზე, როგორც ნარკომანი - წამალზე. აი, ეს დაემართათ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ მოსწონდათ, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ბევრ ფულს ხარჯავდნენ მათ ქვეყნებში, შვილებსაც იქ აძლევდნენ განათლებას. პესკოვის შვილი, საერთოდაც, საფრანგეთის მოქალაქეა. ე.ი. რუსეთი და ევროპა ძალიანაც კარგად გრძნობდნენ თავს ერთად, მაგრამ მოსკოვს მადა ზედმეტად გაეზარდა, ევროპას კი მაშინ გაეღვიძა, როდესაც რუსეთმა ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის ანექსია გადაწყვიტა. პუტინის გარემოცვამ ისე გააფრინა, რომ კიევის 4-მილიონიანი ქალაქის აღება 25 000 კაცით გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ამ ქალაქს მარტო ბლოკირებისთვის სჭირდება 85 000 ადამიანი. იმდენად იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ სხვა ალბათობა ვერც კი დაუშვეს.
- ახლა, რუსეთს ომის დაწყების წლისთავზე, დიდი შეტევა აქვს დაანონსებული. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ომის სცენარის განვითარება?
- ვფიქრობ, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ომში ორივე მხარეს აქვს პრობლემები - უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან ძალიან დაუზიანდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და მთლიანად იმპორტირებულ შეიარაღებაზეა დამოკიდებული. რუსეთს კი აქვს თავისი სამხედრო მრეწველობა, მაგრამ უხარისხოა და ძველი.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე