"ისევ პირველი ლედი რომ ვიყო, რასაკვირველია, დღეს უკრაინაში ვიქნებოდი!" - კვირის პალიტრა

"ისევ პირველი ლედი რომ ვიყო, რასაკვირველია, დღეს უკრაინაში ვიქნებოდი!"

"ზუსტად ახლა უნდა თქვა, კი, - "ურა", ვაშა, მაგრები ხართ უკრაინელებო, მოახერხეთ ერთად დგომა და ჩვენ თქვენს გვერდზე ვართო... ახლა ხომ არ მოგვინდა უკრაინის გვერდით დგომა? ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც რუსეთმა დაჩაგრა... როგორ სასტიკად მოექცენ ბავშვებს, მოხუცებს, სახლის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანი, დახოცილი ჯარისკაცები, რომლებმაც ქვეყნისთვის ბრძოლას თავი შეწირეს... ამ ყველაფერს როგორ "მიბაიბურებ", როგორ მიბითურებ და შეგიძლია ამ გმირების ოჯახის წევრებს თვალებში ჩახედო და უთხრა, ფულის გულისთვის იბრძოდნენო... როგორ უნდა აკადრო, როგორ უნდა დაუშვა ასეთი რამ?!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა, რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი წლის შემდეგ...

- საქართველოში დღეს ურთულესი ვითარებაა და აქედან თუ გამოვძვრებით, ისევ იმის ხარჯზე, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი, ისტორიული გზა ევროპაა... ჩვენი ბრძოლა, ძალისხმევა, მსხვერპლი, ყველაფერი ჯერ კიდევ როდიდან, ამას ადასტურებს! ცივილური, განვითარებული მხარე ავირჩიეთ, სადაც სახელმწიფოები კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულები, სადაც შეთანხმდნენ, რომ ომი ცუდია, ადამიანი პროგრესისკენ უნდა ისწრაფვოდეს და არა - რეგრესისკენ.

რას ვუყურებთ დღეს რუსეთის მხარეს - ვინ დარჩა მათი მეგობარი ცივილიზებული სამყაროდან? ყველამ ზურგი აქცია, გარდა ჩაძირული, გაუბედურებული ირანისა (სამწუხაროდ, მათ მოახერხეს და ჩაძირეს თავიანთი სახელმწიფო). რუსეთის გვერდით არის, ასევე, ბელარუსი, რომელიც რუსეთს წაჰყვა და სად აღმოჩნდა?!

ჩვენი ვალია, აწმყოს, მომავალს, ჩვენს შვილებს შევუნახოთ და არ გავწიროთ ქვეყანა, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაიღო! რამდენი ვიწვალეთ, ამ დღეს რომ მოვსწრებოდით, როცა უკვე რეალურად დადგა ჩვენი ბედის საკითხი, თუ საით წავალთ. ახლა წყდება ჩვენი მომავალი და ამასობაში, ასე გვიმუხთლა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ამბობდა, დიახ, ჩვენი გზა ევროპისკენ არის, ევროატლანტიკური არჩევანი გვაქვს, დიახ, ჩვენ გვეკუთვნის ევროკავშირი, უნდა გავწევრდეთო და ასე შემდეგ... ახლა კი ამბობენ, არა, ჩვენ მშვიდობა გვინდაო... ეს ხომ მშვიდობა არ არის! მშვიდობა მაშინ არის, როცა მაგისთვის იბრძვი! არა ის, რომ წაგებულ მხარეს დადგები და ამდენი ძალისხმევით მოპოვებულს ჩაძირავ!

ჩვენ ყოველთვის მებრძოლი ერი ვიყავით! სამასი არაგველით, დიდგორის ბრძოლით ვამაყობთ, ორი კონა ქართველი რომ იმხელა ურდოს იგერიებდა. ანუ რაღაც დიდი ძალა ჩვენში არსებობს თავმოყვარეობის, თავისუფლების შესანარჩუნებლად. ახლა კი რაღა ღირსებაზე ვლაპარაკობთ, როცა ამ ერთმა მუჭამ, ამ ბანდამ მახე დაგვიგო და ჩვენი სახელით მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან სამარცხვინო ტექსტებს აფრქვევს... ბოლო დროსაც მოვისმინეთ პრემიერისგან მიუნხენის კონფერენციაზე...

ძალიან სამარცხვინოა, როცა ბნელ მხარეს დგები, კუთხეში იტუზები!

რისი გულისთვის წირავ ამხელა შრომას, რაც ჩვენ ოდითგანვე დეკლარირებული გვაქვს?! ყველაზე კრიტიკულ მომენტში ამდენი ხალხი მძევლებად აღმოვჩნდით. ამიტომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ საშუალებას გვაძლევს, გავიდეთ და საქართველოს არჩევანი, ხმა მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ! მძევლები, რუსეთის გუბერნია რომ არ დავრჩეთ... ვინ არის რუსეთი, რომელმაც თავის ხალხი დაჩაგრა?! უნიტაზი არ უნახავთ და ჯერ საქართველოდან, ბრძოლის ველიდან წაიღეს და მერე - უკრაინიდან...

აი, ამ სამარცხვინო სახელმწიფოს, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია, როგორ შეგიძლია გვერდით დაუდგე და უარი თქვა ისეთ პროგრესზე, დოვლათზე, რასაც დღესაც ვიღებთ ევროპიდან?! რუსეთიდან რას ვიღებთ? - ოკუპაციას, მუქარას, თავში ჩარტყმას, დამცირებას, დაცინვას...

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან რომელი რას იტყვის, ეგენი საერთოდ ვინ არიან? ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები, რომლებიც სელექციით შეარჩია და არიან ყველაზე დამჯერი, უპრინციპო, განუვითარებელი ადამიანები, რომლებიც ბიძინას ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

ბიძინას მოტივაცია რა არის? - რუსეთი რასაც უბრძანებს, ის შეასრულოს იმ ბნელი მხარისთვის, რომელსაც მთელმა მსოფლიომ ზურგი შეაქცია. რუსეთმა მიიღო თავისი სისასტიკის, სიბოროტის, განუვითარებლობის, კრიმინალური აზროვნების საფასური... ამხელა ქვეყანას, რომელსაც შეეძლო, ისე განვითარებულიყო, რომ ყველას სდომოდა რუსეთი მისი მოკავშირე ყოფილიყო.

უკვე ამოიწურა ის აზრი, რომ რუსეთთან მოლაპარაკება, შეთანხმება შეიძლება!

რამდენჯერაც ეს მოხდა (გეორგიევსკის ტრაქტატიდან დაწყებული, სადაც სხვა გზა არ გვქონდა), სულ ტყუილის, ღალატის, პირობის არშესრულების მსხვერპლი ვართ. როდემდე უნდა ვუყუროთ რუსეთს, როგორც ჩვენს ერთმორწმუნე მეგობარ სახელმწიფოს?! ასეთი ქვეყანა გვაქვს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული და მოფრთხილება სჭირდება! თუმცა მაგას ვერ ვეღირსეთ და რატომღაც ვინც კი ხელისუფლებაში მიდის, ყველა ივიწყებს, რომ ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ის, რომ სახლში წაიღო ყველაფერი, შენი ქვეყანა გაქურდო და მერე იქიდან გამოიხედო, ხალხს როგორ უჭირს.

აი, უკრაინამ ეს სიმტკიცე, გამარჯვების ჟინი აჩვენა! მათ ვერაფერი მოერევა! აქ ჩვენ გავთითოკაცდით, მაგრამ ახლა ისევ გვაქვს დრო, გავიდეთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ... ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს რუსეთთან კოლაბორაციას, გამყიდველი ქვეყნის მხარეს დგომას. ესენი ვინც აღმოჩნდნენ, ვერაფრით წარმოვიდგენდი! ყოველთვის გვიჭირდა, ყველა ხელისუფლებამ იმედი გაგვიცრუა, მაგრამ ჩვენი ევროპული მიზანი არც ერთი ხელისუფლების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დასმულა! ახლა კი რას გვეუბნებიან, როგორ იქცევიან, რა სამარცხვინოა?!

ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი ისევ ხალხმა უნდა გამოვასწოროთ და როგორც უკრაინა, ჩვენც ერთად დავდგეთ! უკრაინამ ამხელა მსხვერპლი გაიღო. ვის უხარია შვილს, დედას, მამას რომ უკლავენ? როგორც ჩანს, ეს უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ დასავლეთი გამოფხიზლებულიყო და ჩვენკენაც გამოეხედა. დღეს დასავლეთი თვლის, რომ უკრაინაზე არანაკლებ საქართველოც დაიჩაგრა, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთმა გადაუარა, თავისი ბინძური ჩექმა დასცხო!

რუსეთი რომ წაგებულია, ეს უკვე დიდი ხანია, გამოჩნდა! როცა ზელენსკიმ თქვა, მე არ დავნებდები, ჩემი ხალხი მებრძოლია და თავისუფლებისთვის ყველაფერს გაიღებსო... სამწუხაროდ, უკრაინამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ადვილად არაფერი მოდის. იმის გამო, რომ რუსეთს როცა მოუნდება, თავში წამოარტყამს, უკრაინამ ეს არ გააბედვინა! აგერ, ვხედავთ, მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დადგა, რადგან მათი ღერძი დემოკრატიაა...

- გიორგი მარგველაშვილი რომ ისევ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, თქვენ პირველი ლედი, დღეს უკრაინაში იქნებოდით?

- ყველა შემთხვევაში იქ ვიქნებოდი, ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია! გიორგისთან მაღალი რანგის სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ, ყოველთვის მავთულხლართებთან მიჰყავდა და იქაურ ვითარებას აჩვენებდა. ერთიც თუ გახსენდებათ ამ ხელისუფლებიდან, ვინმეს იგივე ეჩვენებინა, თუ რა სისასტიკით გვართმევენ მიწებს, მავთულხლართები როგორ გააბეს, როგორ ექცევიან იქ მცხოვრებ ადამიანებს?! გიორგი თავისი პოზიციიდან, თანამდებობიდან, პასუხისმგებლობიდან, რაზეც ფიცი დადო, მე მთელ მსოფლიოს აუცილებლად ვაჩვენებ ჩემს ქვეყანას, როგორც უძველესი კულტურის, ყველაზე ნათელ მხარეს მდგომი, თავისუფლებისმოყვარე ქვეყანასო - იგი ამის შესრულებას მაქსიმალურად ცდილობდა, თავისი შეზღუდული პოზიციიდან.

იმ პერიოდში უკვე ძალიან ბევრი რაღაც შეზღუდული ჰქონდა. მოახერხა საერთაშორისო დონეზე გაეტანა, ხმა მიეწვდინა ცივილური სამყაროსთვის. ყველა ბერკეტი გამოიყენა, რაც კი შეეძლო. აი, ზუსტად ახლა უნდა თქვა, - კი, "ურა", ვაშა, მაგრები ხართ უკრაინელებო, მოახერხეთ ერთად დგომა და ჩვენ თქვენ გვერდზე ვართო... ახლა ხომ არ მოგვინდა უკრაინის გვერდით დგომა? ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც რუსეთმა დაჩაგრა... როგორ სასტიკად მოექცნენ ბავშვებს, მოხუცებს, სახლის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანი, დახოცილი ჯარისკაცები, რომლებმაც ქვეყნისთვის ბრძოლას თავი შესწირეს... - ამ ყველაფერს როგორ მიბაიბურებ, როგორ მიბითურებ და შეგიძლია ამ გმირების ოჯახის წევრებს თვალებში ჩახედო და უთხრა, ფულის გულისთვის იბრძოდნენო... როგორ უნდა აკადრო, როგორ დაუშვა ასეთი რამ?!

ჩვენ ჯარი არ გვყავსო და ასეთებს ლაპარაკობდნენ ორკესტრირებულად და მოკლედ, ძალიან ცუდი როლი ითამაშეს... ეს ქვეყანა ჩვენია და არა - რაღაც ჯგუფის, რომელმაც თავიდან გადაწყვიტა და არჩევანი გააკეთა! გიორგი ხომ ახლახან იყო უკრაინაში, სადაც ჩავიდა და მებრძოლებს შეხვდა. ხელისუფლების პირებთანაც ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ, ძირითადად, მებრძოლებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებსაც ამხნევებდა და აღტაცებული იყო, ეს არის გმირობა, შენ რომ თავისუფლებისთვის იბრძვიო.

(სპეციალურად საიტისთვის)