"ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს - ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა" - კვირის პალიტრა

"ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს - ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა"

ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს ვიწყებთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა "უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა , - ამ სიტყვებით მიმართა მმოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას.

ბარბაქაძის თქმით, ხალხს შეუძლია ყველაფერი დაასრულოს, მთავარია, ისინი არ დაიღალონ.

"ოკუპირებულ ქვეყანაში რა არის მთავარი ამოცანა? ქვეყნის განთავისუფლება, დეოკუპაცია, აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარულები ვართ იმ უთანასწორო ომში, რომელიც უკრაინაში წარმოებს, მაგრამ აქ არანაკლები ომია, აქ თუ არ სკდება ჭურვები, აქ სხვა მსხვერპლია, აქ თუ ბრძოლის ველზე არ იღუპება ხალხი, აქ გარბიან ამ ქვეყნიდან, დაღუპული და შინმოუსვლელი ერთი და იგივეა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მოცემულობა! ამ კედლებს, ამ შენობებს მრავალი გამარჯვება ახსოვს და სამწუხაროდ, მარცხიც. ბევრი სიხარული და ცრემლიც, მაგრამ სიხარულიც უფრო ბევრი, სიამაყეც, ის ღირსებაც, რომელიც გვქონდა, როცა 9 აპრილს, შიშველი ხელებით ტანკებს ვაჩერებდით, რაღაც ვერ ვგრძნობ იმ სიამაყეს დღეს აქ, რაღაც სხვანაირად გვაქვს თვალები დახრილი. უნდა დავასრულოთ ეს კოლაბორაციონიზმი, დღეს, აქ მოედანზე, სადაც ყოველთვის ჩვენი ბედი წყდებოდა, კოლაბორაციონიზმი დასრულდა, დღეს დასრულდა აქ „ოცნების“ მანდატი, მანდატი არის აქ, თქვენში, ძალაუფლების წყარო ხალხი არის, კონსტიტუცია ამას გვეუბნება. თქვენშია ძალაუფლება, გინდათ აიღოთ ძალაუფლება ხელში? აქ არის! აი, ეს არის ნამდვილი მანდატი, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება, თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი, ჩვენ ყველანი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები, რა გინდათ, თქვით! გინდათ რეალური თავისუფლება? გინდათ გამარჯვება? აქ არის! უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა უნდა შევიყვანოთ თითო წარმომადგენლით და ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვაიძულოთ, რომ ნება თქვენი აღასრულონ - ნება ღვთისა, ნება ერისა, აქ არის! უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა იბრძოდით, ვიბრძოდით მარტოები, ვიბრძოდით ცალად, ერთად, მაგრამ სულ ვიბრძოდით, რამ ჩაგვაჩუმა, ამ საწყლებმა, საკუთარი თავის რომ ეშინიათ, დღეს რომ აწივლდნენ „სლავა უკრაინათი“, აქამდე სიტყვა რომ ვერ დააგდეს, ამათმა? სულ "სლავა უკრაინას“ ძახილით წავლენ აქედან, ეს თქვენი გადასაწყვეტია!

ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა, აქ მყოფი პარტიები, "ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით - ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა "უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს.

ორშაბათს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო, უნდა გამოხვიდეთ, მოითხოვოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება.

ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება, რუსეთი დამარცხებულია, რუსეთი შეშინებულია, პუტინი სად დაიმალოს ჯურღმულში იმას ფიქრობს, ახლა როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყო შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ არ გავაკეთებთ იმ მოცემულობას, რაშიც 70 წელიწადი ვიარეთ - ბოლშევიზმში, ფაშიზმში, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ, ესენი თქვენში ჯაშუშებს ეძებენ, ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული, ეს არის მოცემულობა და სიმართლე, ამის სათქმელად მოვედი! თქვენ ხელშია ძალაუფლება...დასრულდებიან თავისით, გამოხვალთ ამდენი? - სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები? - ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

"ინტერპრესნიუსი"