რა ეწერა მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წალენჯიხის მერმა წაიკითხა
უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას - ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წაიკითხა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს წყდება საკითხი, საქართველო აზიაა თუ ევროპა.
"საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.
ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერავინ აღუდგება", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ხარჩილავამ გააჟღერა.
"ინტერპრესნიუსი"