"ვიდრე გვყავს "ქართული ოცნება“, მანამდე შანსი, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ წიაღს, თავისუფალ სამყაროს, არ არსებობს"
"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით აქციაზე, მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად იყვნენ მისულები და არა "ლელოს“, "გირჩი-მეტი თავისუფლების“ და 'სტრატეგია აღმაშენებლის“ გზავნილებისთვის.
ამის შესახებ ბოკერიამ, "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
მან შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ „ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, ამიტომ კიდევ უნდა შევიკრიბოთ“. ბოკერიას თქმით, გაურკვეველია რას გულისხმობს ვაშაძე ამ გზავნილებში.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 1 წელი გავიდა, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო. ეს არის 1 წელი, როდესაც უკრაინა იქცა გმირობის სინონიმად. უკრაინელები, რა თქმა უნდა, უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბრძოლა გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოში ბოროტებასთან ბრძოლაზე და ამასთან, პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენზე. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ უკრაინაში გადაწყდება ჩვენი ბედი. ჩვენი ბედი აქ, საქართველოში წყდება.
დღეს, რუსთაველზე აქცია უკრაინელი მოქალაქეების მიერ იყო დაანონსებული, პარტიების ნაწილმაც აღიარა, რომ ხალხი ამისთვის იყო მისული და არა კონკრეტულად ამ სამი პარტიის გზავნილებისთვის. ეს არის სოლიდარობა უკრაინელების მიმართ და იქ შეკრებილი ადამიანები ამ გზავნილებისთვის იყვნენ. საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი მოტივაცია გვაქვს, სწორედ, იმიტომ რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს ეროვნული პოზიცია ექნებოდა.
დღევანდელი დღე არ არის გიორგი ვაშაძეზე, ან მის მოსაზრებებზე, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. მე ვერ გავიგე, რას გულისხმობს ვაშაძე ამ გზავნილებში. მე ვიცი ერთი რამ და ეს არის „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, სანამ გვყავს „ქართული ოცნება“ , მანამდე შანსი იმისი, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ წიაღს, თავისუფალ სამყაროს, არ არსებობს“,- განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია 2024 წელს არჩევნებისთვის უნდა იყოს მზად, რომ ეს შანსი მაინც ხელიდან არ იყოს გაშვებული.
„მე არ ვიცი რას გულისხმობენ ამ გზავნილებში. ვიცი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. 2024 წელს არის არჩევნები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შანსი, მაინც ხელიდან არ გავუშვათ. თუ მანამდე სხვადასხვა მოვლენების გამო შეიქმნება ვითარება, რომ მშვიდობიანი გზით მოხერხდება ამ რეჟიმის ჩამოცილება, ეს იქნება ძალიან კარგი. როდესაც მოდის არჩევნები ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რაც წინა არჩევნებზე ვერ მოვახერხეთ.
არ მინდა იმაზე მეტი დავაბრალო გიორგი ვაშაძეს, ვიდრე იმსახურებს. თუ იგულისხმა, რომ სანამ მთავრობას გამოვცვლით, ისე დაიწყებენ დიალოგს, ეს უბრალოდ სისულელეა“,- განაცხადა ბოკერიამ.
მისივე განმარტებით, „ავტორიტარული რეჟიმის“ შეცვლისთვის მოქალაქეების დიდი რაოდენობის მოტივირებაა საჭირო.
ამასთან, ბოკერიას თქმით, უმრავლესობის შეცვლისთვის საჭიროა მკაფიო ალტერნატივა.
"ამ მოტივირებას პოლიტიკური პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა სჭირდება. ამას სჭირდება თანმიმდევრულობა, გონივრულობა და პრინციპულობა. ერთ-ერთი ფაქტორი, დიდი უმრავლესობის შეცვლისთვის ალტერნატივა უნდა იყოს მკაფიო. ამ მიმართულებით „ევროპული საქართველო“ ამ წელს ვაპირებთ გააქტიურებას.
აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვალ, 20:00 საათზე, კანცელარიის წინ გვაქვს ჩვენი აქცია, ჩვენს თანამოაზრე ჯგუფებთან ერთად. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენ ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდება“, - განაცხადა ბოკერიამ.
მან ასევე შეაფასა, „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერის, აკია ბარბაქაძის განცხადება, რომ ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს, იწყებენ, ყველა პარტიას დაელაპარაკებიან და იტყვიან -„ ძალა ერთობაშია!“. ბოკერიას თქმით, თუ ასეთ პოზიციებზეა ლაპარაკი, ხვალ აკია ბარბაქაძე „ევროპული საქართველოს“ დაორგანიზებულ აქციას უნდა შეუერთდეს.
„ხვალ ჩვენ აქციას შემოუერთდეს. თუ ასეთ პოზიციებზეა ლაპარაკი, ხვალ ველოდები ბატონ აკიასაც და ყველას. დააორგანიზონ ხალხი და ჩვენ აქციას შემოუერთდნენ. ლაპარაკი რაზე უნდა იყოს? აქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი და ორი აქცია შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი ავტორიტარული რეჟიმის მოსარყევად. ჩემი პრეტენზია, როგორც მოქალაქის არის, როდესაც აკიამ გამოაცხადა ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ. შეიძლება წინასწარ საკუთარ თავს ეროვნული მოძრაობა უწოდო? ისტორიულად სხვებმა შეიძლება გიწოდონ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ინტერპრესნიუსი"