"მთავარი უბედურება ის კი არაა, როგორ გამოეხმაურება ჩვენი ხელისუფლების საქციელს უკრაინის რომელიმე დიპლომატი, ჩვენი უბედურებაა რეალობა, რომელიც დგას და რომელიც ამ რეაქციას იწვევს"
საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი უბედურება ის კი არ არის, როგორ გამოეხმაურება ჩვენი ხელისუფლების საქციელს უკრაინის რომელიმე დიპლომატი, ჩვენი უბედურება არის რეალობა, რომელიც დგას და რომელიც შემდეგ ამ რეაქციას იწვევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხელისუფლებისადმი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კრიტიკას გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, საქართველოში რეალობა არის როგორც ომის დროს პოზიციის არქონის გამო სირცხვილი, ასევე დასავლეთისგან იზოლირება.
„რეალობა არის ერთი მხრივ უბრალოდ სირცხვილი - ბოროტებას და სიკეთეს შორის ომის დროს მკაფიო პოზიციის არქონა და მეტიც, ბოროტების მხარეს დგომა ბევრ შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან, რაც სირცხვილის გარდა პირდაპირი გაგებით რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ეს არის რეალობა, რომლის შეცვლა ჩვენი მოვალეობაა. ეს სირცხვილი ვერ გაქრება და სამშვიდობოს ვერ გავაღწევთ, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს და დღეს ასეთი არ გვყავს“,- განაცხადა ბოკერიამ.
გარდა ამისა, ბოკერია გამოეხმაურა გუშინ გამართულ აქციას და კრიტიკას იმის თაობაზე, რომ უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ბოკერიას თქმით, მისთვის გუშინდელი აქცია იყო იმის დემონსტრირება რომ, „საქართველოს ღირსების საქმე სწორ მხარეს ყოფნაა“.
„ეს იყო დღე, როდესაც პატივი მივაგეთ გმირულ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ერთი წელია იღებს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ასევე, ზოგადად, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ეს იყო გუშინდელი დღე ჩემთვის, რაც ამავე დროს იყო იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების და ღირსების საქმე ამ დაპირისპირებაში სწორ მხარეს ყოფნაა. სწორ მხარეს დგომა არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამ აქციაზე ვიყავი მე მისული და სხვა განცხადებების შესახებ, რომელიც იქ გაკეთდა, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს.
კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.