"ესებუა თბილისში შეყვარებულთან ერთად ქირით ცხოვრობდა და დედაქალაქში მეტროთი გადაადგილდებოდა"
"საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა თბილისში შეყვარებულთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ექსკლუზიურ დეტალებს თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათი" აანონსებს.
როგორც ირკვევა, ბინა სადაც ბრალდებული ცხოვრობდა, სუს-ის შენობის გვერდით იყო.
"სირცხვილია ახლა, რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი საქართველოში. ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში, დედაქალაქში მეტროთი გადავადგილდებოდი..." - ამბობს ესებუა "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში, რომელსაც სრულად მაყურებელი დღეს საღამოს ნახავს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. (წყარო)