"ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად... ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ?
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს.
ერთ-ერთი მაშველი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა, ბექა მეშველაშვილია, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წერს:
"ვბრუნდებით. ვბრუნდებით მშვიდობით და ჯანმრთელად, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და გვამხნევებდა, მადლობა ვინც მომცა ამ რთულ და საპასუხისმგებლო მისიაში ჩართვის საშუალება, ჩვენმა ბიჭებმა უმძიმესი შრომა გაწიეს და თავდაუზოგავად იბრძოელეს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩვენი ლოკაცია ქალაქ ადიამანში იყო. იქ კი ქართველ მეხანძრე-მაშველებს განსაკუთრებულად ხვდებოდნენ, ხელებზე კოცნით, თან ამბობდნენ "georgian brothers". ყველას უნდოდა, რომ მათი ოჯახის წევრის საძებნელად ქართველი მისულიყო და ჩვენც ვცდილობდით, ყველგან ვყოფილიყავით, სადაც დახმარება სჭირდებოდათ ეს არ არის უბრალოდ მეხანძრე-მაშველობა, ეს არის ვაჟკაცობა, ეს არის ქართველობა! ვამაყობ თქვენით!" - წერს მეშველაშვილი. (წყარო)