„არაფრისგან გავაკეთებ ლამაზ ნივთებს, სამშვენისებს...“ - კვირის პალიტრა

„არაფრისგან გავაკეთებ ლამაზ ნივთებს, სამშვენისებს...“

ახლა ვენახები აქვს გასასხლავი და მუხლჩაუხრელად მუშაობს. გამოცდილი მეურნე არაერთი ექსპერიმენტის ავტორიც არის. გიორგი მეტრეველზე საუბრისას მის უნარებს გვერდს ვერ ავუვლით - ოქროსხელება ოსტატია. როგორც ამბობს, გადაგდებული საჯართე მასალისგან ახალ და განსხვავებულ ნივთებს ქმნის. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მისი შექმნილი დეკორაციებით ივსება საკუთარი სახლის ეზო და ბაღი. ამგვარ ნაკეთობებს საქართველოში თითქმის ვერ შეხვდებით.

- საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, უბრალო ადამიანი ვარ, გლეხი, ვმუშაობ ვენახში, ბაღში, მამულ-დედულს ვუვლი. ყურძნისა და ატმის მოსავლის გარდა ვიღებ თუთის (შავი) მოსავალსაც. საგანგებოდ გავაშენე, ეს კულტურა ძალიან მივიწყებულია, არადა, 1 კილოგრამის ფასი 17 ლარიდან იწყება, პირველ შემოსვლაზე, და მერე, როცა უკვე უხვად მწიფს, 4-5 ლარზე ჩერდება. თუთაზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, უნდათ ბათუმში, თბილისში, ქსელურ მაღაზიებშიც შეაქვთ. ჩემი თუთა ზოგი კოლმეურნეობის დროიდან შემორჩენილი ძირებია, სხვა ძირებიც იყო და მათგან საუკეთესოები, სიტკბოთი, გამძლეობით, ნამყენობით გამორჩეული, გავამრავლე. შემოვიტანე პაკისტანური თუთაც, ის ნაყოფის სიგრძით გამოირჩევა, ჩურჩხელა თუთას ეძახიან.

გაშენებისას რისკ-ფაქტორები გავითვალისწინე. შეიძლება არ გაყიდულიყო და ნაკვეთი რომ არ მომეცდინა, გადავწყვიტე, სხვადასხვა ადგილას დამერგო. სულ 30 ძირია... სეზონზე რეალიზატორები მოდიან და ყიდულობენ. თითო ძირი, 7 წლის თუთები, დაახლოებით 500 ლარის პროდუქტს იძლევა. მოვლა თუთას არ სჭირდება. გვალვასაც უძლებს. მის მოშენებას ყველას ვურჩევ. მაგალითად, ბათუმს ყოველდღე 1 ტონა სჭირდება, მე კი ამდენი არა მაქვს, დღეში, მაქსიმუმ, 200 კგ მოვაგროვო.

- შავ თუთაზეა მოთხოვნა?

- კი, თეთრი უმეტესად წამლად სჭირდებათ. წლეულს მინდა აბრეშუმის ჭიაც მოვამრავლო. სიღნაღში მეაბრეშუმე ქალია და მას დავუკავშირდი. ვაპირებ ასევე მაკადამიის მოშენებას, ევროპის ბაზარზე კილოგრამი 150 ლარი ღირს. ჩამოვიტანე ერთი ძირი და გაიხარა, აქაურ კლიმატს გაუძლო. მისი სამშობლო ავსტრალიაა. მაკადამია კაკლისებრთა ოჯახის მცენარეა.

330740889-935545000779763-4365032652341638355-n-1677350550.jpg

- გიორგი, საოცარი ნამუშევრებიც გაქვთ... ეს საქმე როგორღა წამოიწყეთ?

- დედა 10 წლისას დამეღუპა, მამას კი მუდმივად საქმეებზე უწევდა ყოფნა, 90-იანი წლები იყო და ძირითადად, ქუჩაში, უბანში ვიზრდებოდი. ერთხელაც მამამ სავარჯიშო დარბაზში მიმიყვანა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ 13 წლის ბიჭს სურვილი გამიჩნდა, რობოტი ამეწყო. ისეთი რობოტი იყო, რომ გაარტყამდი, ხელს გიბრუნებდა. მექანიკური იყო და სენსორების ჩასმასაც ვაპირებდი, თუმცა ამის შესაძლებლობა აღარ მომეცა. მოკლედ, ბავშვობიდან მქონდა ჩხირკედელაობის, მუდმივად რაღაცის კეთების სურვილი. მერე ელექტრობით დავინტერესდი და ბევრი რამ გავაკეთე, მათ შორის ავაწყვე ისეთი რადიო, რომელსაც არც დენი, არც ჰაერი, არც ელემენტი არ სჭირდებოდა, სულ ოთხი ნაწილისგან შედგებოდა.

- ეზოსაც კარგად უვლით.

- დაოჯახების შემდეგ ეზოს გალამაზებას მივყავი ხელი. სხვადასხვა დეკორაციის შექმნა დავიწყე, რადგანაც ეს ჩემი შვილის სურვილი იყო. გავუკეთე საქანელები, ატრაქციონები. ამისთვის საჯართე მასალა გამოვიყენე, ძველი არმატურა, რკინა... მერე ჩვენი სოფლის საბავშვო ბაღსაც ავუწყვე რამდენიმე ატრაქციონი. ამას ათიათასობით თანხა არ სჭირდება, 100-200 ლარში შეიძლება ისეთი რამეები გაკეთდეს, რაც მთელ საბავშვო ბაღში განლაგდება. როცა ინტერნეტში თუ სხვადასხვა ადგილას ვინმეს ეზოს ვნახულობდი, მისი გავლენით და ჩემი იმპროვიზაციით ახალ რაღაცებს ვქმნიდი. ხისგან მაქვს აწყობილი საქანელა, ხის პანელებისგან - მაგიდა, სკამები, რომლებიც სივრცეს ძალიან ალამაზებს. მსგავსი ნივთების საბაზრო ღირებულება 300-დან 700 ლარამდეა, ხოლო სახლის პირობებში ადამიანს შეუძლია 50 ლარად ააწყოს, თუკი შინ ძველ მასალას მოიძევს.

- როგორც ჩანს, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

- როდესაც ვმუშაობ, ვმშვიდდები, მავიწყდება სხვადასხვა საფიქრალი, ჩემს სამყაროში ვიძირები და მსიამოვნებს. ამას ჩემი შემოსავლისა და საკუთარი რეკლამის გამო არ ვაკეთებ. თუმცა ბევრი მეხმიანება. ახლა 30-მდე შეკვეთა მაქვს, ააწყვეთ, გააკეთეთ და შევისყიდითო. ყველას ვეუბნები, თუკი ჩემგან იყიდით, ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ თუ ძველ მასალას აღმოაჩენთ, თქვენ ან ოჯახში ვინმემ იქნებ თავად შეძლოთ გაკეთება-მეთქი. თუ მეუბნებიან, ვერ შევძლებთო, შეკვეთას მაშინ ვიღებ.

330805563-3576038989376966-4843835434887517123-n-1677350551.jpg

- ესე იგი, ძველი, გამოუსადეგარი მასალისგან ახლის შექმნა შეიძლება...

- კი, გამოუსადეგარი ნივთები არ უნდა გადაიყაროს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ისინი არაფერში გამოადგებათ. მე კი იმ არაფრისგან ვაკეთებ ლამაზ ნივთებს, სამშვენისებს... მაგალითად, ვენტილატორის წინა დამცავი ბადისგან შესანიშნავი ლარნაკი, ჭაღი, აბაჟური, საყვავილე და კიდევ ბევრი რამ გამოდის. როდესაც რაღაცას ვქმნი, ნახელავს "ფეისბუკის" პირადი გვერდით ახლობლებს, მეგობრებს ვაცნობ. მერე ვეუბნები, ხელაღებით ნუ გადაყრით ამა თუ იმ ნივთს, რამე ნაწილს. მათგან ეზოს, აივნის, სახლის გალამაზება შეგიძლიათ-მეთქი.

- გარდა იმისა, რომ ეზოსა თუ ბაღში თქვენი ნაკეთობებია, თავად ბაღიც მშვენივრად არის მოვლილი.

- კი, ვუვლი. ახალ-ახალ ნამყენებსაც ვაკეთებ, მაგალითად, თუთაზე მაქვს დამყნობილი კივი, თუთაზე ვარდიც დავამყნე, ვარდის ძირზე - კივი, ვაზზე - კივი. ვცადე და კარგი შედეგი მივიღე. არ მქონდა გაგებული, რომ ჩემამდე ასეთი ექსპერიმენტი საქართველოში ვინმეს ჩაეტარებინოს. მერე გოგონები გამომეხმაურნენ, რომ მათ მამას 10 წლის წინ დაუმყნია კივი და ვაზი და დღესაც ისხამსო.

ლეღვზე ატამი დავამყნე, ისეთი ნაყოფი მივიღე, რომელსაც არც ატმის გემო აქვს, არც ლეღვის, რაღაც სხვა არის. ზოგი ხინკალ ატამს ეძახის, ზოგი დონატ ატამს, ლეღვის ფორმა აქვს და სასიამოვნო გემოსია.

330760767-538929961673493-8219534119793699403-n-1677350550.jpg

- თქვენს ეზოში მულტფილმების, ზღაპრების პერსონაჟების ნახვაც შეიძლება.

- რადგან შვილების თხოვნით ეზოს გალამაზებას შევუდექი, მინდოდა მათ ცხოვრებაში მეტი ხალისი შემეტანა. კახეთში ზოოპარკი არა გვაქვს და გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევრებით ბავშვებისთვის "ზოოპარკი" აქვე მომეწყო... ზოგი ფანერებისგან, ზოგი გირჩებისგან, არმატურებისგან, ყინვაგამძლე სუკულენტებისგან გავაკეთე. ფანერისგან ლამაზი ნამუშევრები გამოდის, მასზე ჯერ ვხატავ და მერე ვჭრი. ლითონს ცივად, ხელით ვხრი, არანაირი დანადგარი არა მაქვს. ნამუშევრების შეღებვა-გაფერადებაში ბავშვები მეხმარებიან. მოკლედ, ერთი მიმართულებით არ ვმუშაობ, ვცდილობ სხვადასხვა კუთხით განვითარებას.

ლალი ფაცია