ნეგოს შეგროვება - ხულოელთა „საუცხოო“ ბიზნესი - კვირის პალიტრა

ნეგოს შეგროვება - ხულოელთა „საუცხოო“ ბიზნესი

როდესაც ჩვენი სოფლების სიღატაკესა და ამ მიზეზით ემიგრაციაში გადახვეწაზე ვსაუბრობთ, საკითხი დგება ასე: დიახ, ჩვენი სოფლების მოსახლეობის ნაწილს საარსებო სახსარი არ გააჩნია, მაგრამ არცთუ იშვიათად მიზეზი ძველი სენი - შრომისთვის თავის არიდებაა. შრომისთვის, რომელიც ადვილი არ არის, თუმცა ოჯახს იცავს როგორც მრავალწლიანი განშორებისაგან, ისე სხვისი ხელისშემყურეობისაგანაც. ამის კარგი მაგალითია მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა. მათი წამოწყებულია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები, რომელთა შესახებ ბევრმა არ ვიცით. მათ შორის არის ალპური კენკროვანის ან მცენარეების შეგროვება, რითაც მოსახლეობა სეზონურ შემოსავალს შოულობს. ხულოში ასეთ საქმედ ითვლება სამკურნალო მცენარე ნეგოს (უკვდავა) შეგროვებაც. ამის შესახებ ხულოელი ჯუმბერ (მარადონა) მგელაძე გვესაუბრება. ის უკვე წლებია აგროვებს ველურ კულტურებს, რა თქმა უნდა, ბუნების გაფრთხილების რეგულაციების დაცვით.

ჯუმბერ (მარადონა) მგელაძე:

- როდის დაიწყეთ მაღალმთიან აჭარაში ნეგოს შეგროვება? ალბათ, ხალხს პირველ ხანებში ეჭვიც ეპარებოდა, რომ ამ საქმეში ფულს გადაუხდიდნენ.

- ნეგოს შეგროვება ძნელ 90-იან წლებში დავიწყეთ, როდესაც ყოველი თეთრი ამოსუნთქვასავით იყო მოსახლეობისთვის. ამ საქმეს თავიდანვე პასუხისმგებლიანი ხალხი ჩაუდგა სათავეში. მათ მოსახლეობას გასაგებად აუხსენეს, რომ სამკურნალო მცენარეების შეგროვებით უცხოელები იყვნენ დაინტერესებული, რომლებსაც ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ევროპაში წამლის დასამზადებლად გაჰქონდათ. ისე, ქართველებმა ევროპელებზე ბევრად ადრე ვიცოდით ბალახებისგან წამლების დამზადება და ახლაც ვიცით. განსაკუთრებით სოფლადააა შემორჩენილი ეს ცოდნა - მეც უამრავი სამკურნალო მცენარის დანიშნულება ვიცი ბებია-ბაბუისგან.

- ნეგო საყოველთაოდ ცნობილია როგორც ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალო მცენარე. ის სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობასაც არეგულირებს.

- ასეა... თავდაპირველად მხოლოდ ნეგოზე როდი იყო მოთხოვნა. მაგალითად, ფურისულას შეგროვებაც დავიწყეთ, მაგრამ ეს გაცილებით ძნელია, ვიდრე ნეგოს შეგროვება და ამ დროს რეგულაციების დაცვაც არ არის ადვილი. ფურისულა პატარა მცენარეა. შეგროვებისას ფესვიანად არ უნდა ამოიღო და არ უნდა გაანადგურო. ეს ძალიან ძნელია, კოლოსალურ შრომას მოითხოვს. ამიტომ მოსახლეობამ ფურისულას შეგროვებაზე უარი თქვა, ნეგო კი უშიშრად იკრიფება. ძალიან პატარა არ არის, ფესვებით არ ვიღებთ და მხოლოდ ყვავილს ვწყვეტთ, თანაც მრავალწლოვანია და როდესაც ყვავილს აცლი, მომდევნო წელს უფრო მეტი მოდის.

- მართლაც ასეა, ვარდის ძირსაც გამხმარ ყვავილებს ხელით შეაცლიან, რომ მომდევნო აყვავებაზე უფრო ბევრი ვარდი მოისხას. თუმცა ნეგო ნედლად იკრიფება და ნედლი ყვავილის კრეფა გაცილებით რთულია, თანაც აგვისტოს პაპანაქებაში.

- ნეგოს ზოგი ხელთათმნით კრეფს, ზოგი შიშველი ხელით. ამ დროს ნეგოს ზეთი ნაოჭებში ჯდება და ხელები ყვითლდება, მაგრამ შრომის გარეშე არ გამოდის ადამიანური ცხოვრება. ჩვენს ხალხს, საბედნიეროდ, შრომა არ ეზარება. სხვათა შორის, აჭარაზე ხშირად ამბობენ, რომ შრომის ასეთი სიყვარული მისივე მძიმე წარსულიდან მოდის: იყო დრო, როდესაც აჭარა საქართველოს მფარველობაში არ იყო, არც აჭარელ კაცს ჰყავდა მფარველი საკუთარი შრომის გარდა. აი, მაშინ შეიყვარა აჭარელმა შრომა, რასაც არ თმობს...

ნეგოს კრეფის სეზონი აგვისტოში დგება. ამ სეზონისთვის ხულოს დაახლოებით 50 სოფლიდან გამოდის მოსახლეობა ალიონზე სამუშაოდ. ხშირად მთელი ოჯახებით კრეფენ. ნეგოს მდელოები ზოგი შორს არის მოსახლეობისაგან, ზოგიც ახლოს, ამის მიხედვით, ზოგი ფეხით მიუყვება გზას, ზოგი ცხენით და ზოგიც ურმით. ცხადია, ამხელა გზაზე თითო-ოროლა კილოგრამი ნეგოსთვის არავინ წავა, ყვავილი ტომრობით იკრიფება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოჯახს სეზონზე, ანუ აგვისტოში, 12 ათასი ლარის ნეგო ჩაუბარებია. წლეულს ხმელი ნეგოს ფასი 7 ლარამდე ავიდა, ნედლი ნეგო კი 2 ლარი ღირდა.

- ეს მაშინ, როდესაც გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა ხალხმა ამის ნახევარიც ვერ ჩამოიტანა და თანაც საცხოვრებელი პირობებიც რთული ჰქონდათ...

- ასეა. საკუთარ მიწაზე შრომას და თანაც, ერთობლივს, ერთმანეთის იმედით, სხვა ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ყველა სეზონი ერთნაირი ვერ იქნება. კლიმატის მიხედვით, ნეგო ხან ბევრი აყვავდება, ხანაც ცოტა, მაგრამ რაც მთავარია, სამუშაო ხომ არის. ნეგოს შემდეგ ალპური მოცვის კრეფა იწყება..

- წელს ხულოში სულ რამდენი ნეგო შეგროვდა?

- 64 ტონა. ეს რაოდენობა მხოლოდ ახლომდებარე მდელოებზე არ შეგვიგროვებია. ჩვენ ხომ სამცხის საზღვარზე ვართ, ნეგოს მდელოებიც ბორჯომის ხეობასა და სამცხის მთებს მიუყვება და ბუნებრივია, ხალხი ამ მდელოებს მიჰყვება საკრეფად.

- სად ბინავდება ამხელა მოსავალი?

- ზოგი ალპურ ქოხებს ქირაობს, ზოგი კი კარვებს. ამიტომ საფრთხილოა, ნეგო რომ არ ჩახურდეს და გაფუჭდეს, დროულად უნდა გაიფინოს გასაშრობად.

- გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ნეგოს მოსავლის ამხელა წარმოებაში თანამედროვე საშრობი ტექნიკა ჯერ კიდევ არ გამოიყენება და კუსტარულად შრება. არადა, როგორ გაგიადვილებდათ შრომას.

- კი, ნამდვილად გაადვილდებოდა, თანამედროვე საშრობების მოხმარების საშუალება რომ გვქონდეს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ საშრობი კუსტარულად მაინც უნდა დავამზადო და საქმე გავამარტივო. თუმცა კუსტარულად დამზადებულსაც სჭირდება სიზუსტე... ამჟამად ხულოელების შეგროვებული ნეგო ბათუმში ჩაგვაქვს და იქიდან გადის უცხოეთში კონტეინერებით. ჩვენი ნეგო ალბანეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში მიაქვთ მედიკამენტების დასამზადებლად.

- ბრძანეთ, რომ წინაპრების დამსახურებით უამრავი სამკურნალო მცენარეს ცნობთ. როცა გერმანია და შვეიცარია ჩვენს ამ სიმდიდრეს ათეული წლების განმავლობაში იყენებს, რატომ არ მოგვდის აზრად ამ სიმდიდრის ჩვენსავე ქვეყანაში გამოყენება?

- მეც არაერთხელ გამჩენია ეს აზრი. რაც ვიცით, დასაკარგავი ცოდნა ნამდვილად არ არის და ვერც დავკარგავ. ამ თემაზე უკვე ბევრი ვიმუშავე. მინდა როგორმე საქმეც წამოვიწყო და იმ სამკურნალო მცენარეების ჩაის დამზადება დავიწყო, რომელთა შესახებ ცოდნა ნელ-ნელა გვეკარგება. ვნახოთ, რა იქნება. ადვილი რომ არაფერია, ვიცი, მაგრამ სირთულეებისაც არ მეშინია.