თხინვალელი მეურნე: „ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდა“ - კვირის პალიტრა

თხინვალელი მეურნე: „ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდა“

ქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს გაექცა, ლაღად, თავისუფლად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდოდა ყოფნა და ლისის ტბის სიახლოვეს, სოფელ თხინვალაში იპოვა შესაფერისი ადგილი. იყიდა მიწის ნაკვეთი და დასახლდა. თუმცა წლების შემდეგ ჩვენი რესპონდენტი იმავე თხინვალაში (რომელიც დღეს უკვე ვაკის რაიონს ეკუთვნის) ავთო ვარაზის ქუჩაზე და კვლავ ურბანულ გარემოში აღმოჩნდა. ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდაო, ამბობს ყოფილი მძღოლი, ოთხი შვილის მამა და დღეს უკვე აქტიური მეურნე გიორგი ლაშქარაშვილი. თუ აქამდე ბატონი გიორგის შინაური ცხოველები და ფრინველები ტრიალ მინდორზე ბინადრობდნენ, დღეს ავთო ვარაზის ქუჩაზე და კორპუსების გარემოცვაში უწევთ ყოფნა. თავად ფერმა კი ასე გამოიყურება: 2 ცხენი, 2 ძროხა, 4 ღორი, 25 თხა, 20 ქათამი და ერთიც ვირი.

გიორგი ლაშქარაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე საკუთარი სახლი გვქონდა, მაგრამ ნგრევის ზონაში მოყვა და იმავე ადგილას მივიღეთ ბინა. 4 შვილი მყავს, ოჯახი ფართოვდებოდა და 2002 წელს დავიწყე ფიქრი, რაღაც მეღონა. სოფელ თხინვალაში 1000 კვმ მიწის ნაკვეთი აღმოვაჩინე. მაშინ დისტრიბუციაში ვმუშაობდი და მეტი ფართობის შეძენის საშუალება არ მქონდა. სახლის აშენება თვითონ დავიწყე და მეგობრებიც დამეხმარნენ.

სოფელში მეზობლები გავიცანი. ერთმა გოჭი მაჩუქა, მეორე გოჭი დეიდაშვილმა და ასე დავიწყე ღორების მოშენება. მეგობრებმა ეს რომ გაიგეს, ცხენი მაჩუქეს, ამიყოლიეს და მეორეც ვიყიდე, ასევე ორი თხა, ქათმები, ძროხა და ვირიც. ახლა 2 ცხენი მყავს, ვირი, ძროხა, დეკეული, ველოდები ხბოს, და 25 თხა, რომლებმაც უნდა მოიგონ, და ქათმები... 5 წელიწადია, აქაურობა ქალაქს შეუერთდა, მშენებლობა დაიწყო. არადა, აქ რომ დავსახლდი, ტრიალი მინდორი იყო. ბერები მოვიდნენ ქოზიფას მონასტრიდან, მომიკითხეს, მათაც ინდაური და ქათმები მომიყვანეს. მითხრეს, ბატონო გიორგი, ერში როგორ ბერულად, განმარტოებით ცხოვრობთო. აი, ასე მარტო ვიყავი ამ ტერიტორიაზე, თან დისტრიბუციაში ვმუშაობდი, ცხოველებს დილით რომ გავუშვებდი, საღამოს თავისით ბრუნდებოდნენ. ახლა აქ მასობრივმა მშენებლობამ ამ ყველაფერში ხელი შემიშალა. მინდორი კი არა, საბალახო ადგილი აღარ არის. კორპუსები ჩემგან 30 მეტრშია და მშენებლობა კიდევ მიმდინარეობს. ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდა. კორპუსებთან გაზონები აქვთ მოწყობილი, გამწვანებაა, ჩემი ცხოველები რომ გავუშვა, შეიძლება მოსახლეობასთან კონფლიქტი მომიხდეს. ამიტომ მათი დაბმა მიწევს. ბალახიც რომ აღარ არის, კომბინირებული საკვების ყიდვა მიწევს, ისიც საკმაოდ გაძვირებულია.

თხოვნით მივმართე სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკის სამინისტროებს, იჯარით მოეცათ 1 ჰექტარი მიწა, სადაც ამათ გავიყვანდი და კონფლიქტსაც ავიცილებდი. მიტოვებული სოფელია მცხეთის რაიონში, ძაღლაანთხევი ჰქვია... საკითხი საბოლოოდ სოფლის გამგებლამდე მივიდა.

315519921-511951287529943-5333475413819592223-n-1677352532.jpg

- რა გითხრათ?

- აქ ადრე აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობდა, ორ აზერბაიჯანელს აქვს გაფორმებული მიწაო. შეიძლება ნამოსახლარები იყოს და ვიღაცის წინაპრები მოგედავონო. საბოლოოდ უარი მივიღე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, იქნებ მოიძებნოს ადამიანი, ვინც ჩემს თხოვნას ყურად იღებს. უფრო გავამრავალფეროვნებდი და გავამდიდრებდი მეურნეობას. ყველაფერს სხვაგვარად დავგეგმავდი. ინდაურებსაც მოვაშენებდი, ადრე 70 ფრთა ინდაური მყავდა... პირუტყვს რომ შვილივით გაზრდი და მისი შენახვის პრობლემა შეგექმნება, ან უნდა დაკლა, ან გაყიდო. არადა, ეს არ მინდა... მაგრამ ფაქტია, ასეთი შევიწროებული აღმოვჩნდი, ისევ ქალაქში ვარ, ცენტრში, ცენტრიდან სოფელში წამოსული კაცი. თავიდან თავის რჩენაზე რომ ვფიქრობდი, ვხვდებოდი, ყველაზე შემოსავლიანი დარგი სოფლის მეურნეობა იყო. შეგეძლო ოჯახი გამოგეკვება, შეგექმნა იმდენი პროდუქტი, რომ გაგეყიდა კიდეც. ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ნელ-ნელა ფერმა შევქმენი. დღეს უკვე ამომყავს ყველი, ხაჭო, ნადუღი, ვაწარმოებ როგორც ძროხის, ისე თხის ყველს. ვინც იცის, შეკვეთებსაც მაძლევენ. 5 საათზე ვდგები და ფერმაში მუშაობას ვიწყებ. ასე ვიპოვე საკუთარი თავი გლეხურ მეურნეობაში. ფერმერობამ ბევრი სიკეთის კეთება მასწავლა.

- ესე იგი, გაგიმართლათ მიზანმიმართულმა შრომამ...

- კი. ცხოვრებაში არავისზე არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული. საბანი როგორც მწვდებოდა, ისე ვიფარებდი, რომ არსობის პური მომეპოვებინა, ჩემი თავის პატრონი ვიყავი.

- თბილისელი კაცი, ქალაქში ნაცხოვრები, მძღოლად ნამუშევარი მეურნეობის დეტალებს სად დაეუფლეთ?

- ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, სადაც ჩემი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, მაშინ შემიყვარდა ცხოველები. პაპაჩემს 150 სული ცხვარი ჰყავდა, ხარებიც. მერე გუჯარეთის ხეობაში, ბორჯომის რაიონში 9 სოფელი დაიცალა, 1988 წელს მივედი სოფლის მეურნეობის სამმართველოში და 23 ჰექტარი სახნავ-სათესი, 39 ჰექტარი სათიბი, მიტოვებული ფერმაც ავიღე. იმ დროს კოლმეურნეობები იშლებოდა და შეძენაში ერთ-ერთი ფირმა დამეხმარა, ხელშეკრულება მქონდა, რომ მოგების 10% მისთვის უნდა მიმეცა. მაშინ დამიგროვდა მსხვილფეხა საქონლის მოვლის გამოცდილება, თუმცა მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო 90-იანი წლები, იარაღიანები დარბოდნენ, განუკითხაობა იყო.

თხინვალაში ამოსვლამდე ბევრს ვფიქრობდი. ყველაზე რეალური ჩემთვის ის იყო, რომ კეთილსინდისიერად, პატიოსანი შრომით გამომეკვება ოჯახი და არავის ხელის შემყურე არ ვყოფილიყავი.

- თქვენც თქვენი ნაწარმით ოჯახსაც უზრუნველყოფთ და კლიენტებიც გყავთ.

- კი, ასეა. მიხარია, რომ ვეზიარე იმ ბედნიერებას, რასაც ადამიანების დახმარება ჰქვია. რასაც ვამზადებ, ნაწილს ჩემს ოჯახს ვაწვდი, თვითონაც ვიყენებ, ვყიდი და უსასყიდლოდ გავცემ, ვჩუქნი კიდეც, ვისზეც ხელი მიმიწვდება. სამეზობლოში 7-შვილიანი ოჯახი გადმოვიდა. მათთვის ვედროთი რძე გადამიტანია. შეწუხებულან, რატომ აკეთებთ ამასო? მარტო მე კი არა, ქვეყანა უნდა აკეთებდეს შენთვის ამას, ამდენი შვილი გყავს-მეთქი...

327148810-1381896032547671-7655504662651048385-n-1677352532.jpg

- მიუხედავად პრობლემებისა, სოფლად ცხოვრებას სხვებს მაინც ურჩევთ?

- სოფლად გადასვლას ვურჩევდი ყველას... ვიღაც ცხვარს გაიჩენდა, ვიღაც ღორს, ფუტკარს, ყურძენს გააშენებდა და ერთმანეთს გვერდით დაუდგებოდნენ. არადა, დაიცალა საქართველოს სოფლები და ეს პროცესი შეუქცევადია. ამ დროს სულ ეს ლექსი მაგონდება: "შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები, / ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს! / ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები, / ვაითუ, ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!" - მგონი, ბოლო დროს ასეთი პერიოდი და ჟამი დადგა კიდეც, უცხო ერის შვილები გამოჩნდნენ. ვინმეს მოსვლას კი არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ჩვენი სოფლების დატოვება როგორ იქნება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ხომ ჩვენი წინაპრების საფლავებია?! ყურადღებით უნდა ვიყოთ. შრომას არ უნდა გადავეჩვიოთ.