"არ უნდა დავუშვათ დღევანდელი ისტორიული ფანჯარა დაიხუროს ისე, რომ პუტინისტურ ჭაობში ჩავრჩეთ - ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ"
ტრაგიკულია ის, რომ 1921 წლის 25 თებერვალს გაღებული მსხვერპლი ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა, ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ის პოლიტიკური ღირებულებები, რაც პირველი რესპუბლიკის შემქმნელებს ჰქონდათ.
„საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც 102 წლის წინ საბჭოთა კავშირმა დაამხო, შინაარსით ევროპული-დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო. ამ ტრაგიკულ დღეს, 25 თებერვალს, როდესაც საქართველოს პატრიოტები ჩვენს თავისუფლებას შეეწირნენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ასი წლის წინ, იმ მოკლე პერიოდში, ქართველმა ხალხმა მოახერხა ფუნდამენტურად დასავლური ქვეყანა აეშენებინა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, თუ რატომ ერჩოდა ქვეყანას რუსეთის სტალინისტური საბჭოთა იმპერია. ეს არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად მაგალითია იმისა, თუ რა არის ჩვენი სამოქალაქო ერის ბუნება.
ტრაგიკულია ის, რომ 1921 წლის 25 თებერვალს გაღებული მსხვერპლი ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბჭოთა ჯოჯოხეთში თაობებმა გადაიხადეს ფასი.
ახლა გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენ სასარგებლოდ იცვლება. იქმნება ვითარება, რომელიც 1921 წელს ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ. ჯერჯერობით, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ის პოლიტიკური ღირებულებები, რაც პირველი რესპუბლიკის შემქმნელებს ჰქონდათ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დღევანდელი ისტორიული ფანჯარა დაიხუროს ისე, რომ ჩვენ პუტინისტურ ჭაობში ჩავრჩეთ. ახლა გვაქვს შანსი, რომ დროულად მოქმედების შემთხვევაში, მიზანს უმსხვერპლოდ მივაღწიოთ. ამას ეძღვნება ეს აქცია.
უნდა გვახსოვდეს მსხვერპლი და პატივი უნდა მივაგოთ მას! უნდა ვიცოდეთ, რამხელა ტრაგედიაა, როცა შანსს ხელიდან უშვებ და ისტორიულ ფანჯარას ვერ იყენებ!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.