"შენ რომ წესიერი ქალი იყო, შარვლით ივლიდიო?!" - როგორ ხუმრობენ ადვოკატები
ადვოკატის პროფესია ურთულესია, მაგრამ სირთულესთან ერთად, ბევრი გამარჯვება და სიხარულიც ახლავს. სტრესსა და დაძაბულობას ქართველი ადვოკატები იუმორით უმკლავდებიან, რაშიც მათ მიერ მოყოლილი ისტორიებიც დაგვარწმუნებს:
ინციდენტი ქუთაისში
ციცინო ცხვედიანი: - წლების წინ, ქუთაისის სასამართლოში, ქალბატონს ვიცავდი, რომელსაც თაღლითობის მუხლით ასამართლებდნენ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ამ ქალს დანაშაული არ უმტკიცდებოდა. დასკვნით სიტყვაში მისი გამართლება მოვითხოვე, რასაც მოწინააღმდეგე მხარის აღშფოთება მოჰყვა. დარბაზში ძირითადად, დაზარალებულის გულშემატკივრები და ახლობლები - გაბრაზებული იმერელი ქალები ისხდნენ. ყველა ერთად მომესია და უფლება რომ ჰქონოდათ, ალბათ ჩამქოლავდნენ:
- შენ არ ჩეეთრიე ცოცხალი თბილისში! - მწყევლიდა ერთი.
- შენ ჩეიჩეხე რიკოთზე, საცხა! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა მეორე.
ყველაზე ხნიერმა ქალმა კი, სრულიად მოულოდნელად, უზნეობის "დიაგნოზი" დამისვა: შენ რომ წესიერი ქალი იყო, შარვლით ივლიდიო?!
საკეისროთი გაჩენილი ბავშვი
- ერთ ახლობელს ვიცავდი. თურმე, რამდენიმე წლის წინ, ერთ ქალბატონთან ჰქონია რომანი და ახლა, ის ქალი მოითხოვდა, რომ სასამართლოს მისი ექვსი წლის ბავშვის მამად ეცნო. ჩემი ნაცნობი უაღრესად აგრესიულად იყო განწყობილი. მოსამართლეები ყველანაირად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, ბავშვის მამობაზე უარი არ ეთქვა, მაგრამ ახლადგამომცხვარი მამა ჯიუტობდა. ჯერ ზრდილობიანად თქვა უარი, მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ, იღრიალა: "თავი დამანებეთ, რატომ ვერ გაიგეთ, რომ ამ ქალის საშოდან გამოსული ბავშვი არ მინდა"-ო. პროცესი დასრულდა და ეს ამბავი ჩვენს თანამშრომელს - ადვოკატ ვახტანგ კუპრეიშვილს ვუამბე. ვახტანგი დაფიქრდა და მისაყვედურა: რატომ არ უთხარით, რომ ეს ბავშვი საკეისროთია გაჩენილიო? - თითქოს, ეს იყო მთავარი პრობლემა, რის გამოც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მამობაზე უარს ამბობდა.
მანაგუას მსხვერპლი
- ჩემი მეუღლე, ზურაბ როსტიაშვილი ჯარისკაცს იცავდა, რომელიც მიტოვებულ ფერმაში მანაგუას ხარშვის დროს დაიჭირეს. ჯარისკაცმა ჩვენება მისცა, რომ შენობაში ბუნებრივი მოთხოვნილების გამო შევიდა, შემთხვევით დაინახა, რომ ცეცხლი ენთო და რაღაც იხარშებოდა. დაინტერესდა, ქვაბში რა იყო, მოურია და სწორედ ამ დროს, პოლიცია დაადგა თავს. გამომძიებელმა ეს ვერსია არ გაიზიარა და საქმის გამოძიება განაგრძო. ზურაბმა გამოძიებას შუამდგომლობით მიმართა, სადაც ეწერა, რომ ბრალდებულის ჩვენება უნდა შეემოწმებინათ: შენობაში არსებული ექსკრემენტები ამოეღოთ და ექსპერტიზას გაეგო, ეკუთვნოდა თუ არა ბრალდებულს. კანონის თანახმად, ადვოკატს პასუხი სამ დღეში უნდა მიეღო. გავიდა სამი, ოთხი დღე, მაგრამ პასუხი არ ჩანს. მეხუთე დღეს, ზურაბს გამომძიებელი ურეკავს და ყურმილში მთელი ხმით ღრიალებს: ზურაბ როსტიაშვილო, დიდი გოთვერანი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთიც არ მეგონე, მთელი სამი დღე ბიბლიოთეკებში დავრბოდი, რომ გამეგო, რას ნიშნავს სიტყვა "ექსკრემენტი", ახლა კი, სასამართლოში ბიჭები მეხუმრებიან - ბარბაქაძეს ღამის ქოთნით ჩამოვართვათ ჩვენება თუ ქოთნის გარეშეო?
ავი "ძაღლი"
- ახალგაზრდა ქალს ვიცავდი, რომელსაც პირობითად, ეკას დავარქმევ. მას საბინაო დავა ჰქონდა მამათილთან. ქმარი სახლიდან წასული იყო და ეკა თავის შვილებთან ერთად, დედამთილ-მამამთილის პრივატიზებულ ბინაში ცხოვრობდა. მათთან რომ მივედი, მამამთილი შვილს ლანძღავდა: ყოველთვის ასეთი ჯიუტი იყო, ბავშვობიდან იმას აკეთებდა, რაც უნდოდა! აი ბატონო, მოგვიყვანა ავი ძაღლი, დააბა და თვითონ წავიდა. ჩვენ კი, ახლოს ვერ ვეკარებით და ვერაფერს ვაგებინებთო.
მე ძაღლები ძალიან მიყვარს და დავინტერესდი, რა ჯიშის ძაღლია ასეთი ავი, ახლოს რომ ვერ ეკარებით-მეთქი?
- ძაღლზე კი არა, ჩვენს რძალზე გელაპარაკებით, ქალბატონო ციცო, მაგას რომელი ავი ძაღლი აჯობებსო - ერთხმად შემომჩივლა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა.
სახიფათო ლეღვის არაყი
კახა ჩავლეშვილი: - გურიაში ვცხოვრობ და მოგეხსენებათ, ჩვენს კუთხეში რა ენაკვიმატი ხალხია, ამიტომ, ძალიან ბევრი კურიოზული სიტუაცია მქონია: ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მეპატრონის საქმე მახსენდება, რომელსაც დედამ დაბადების დღე მიულოცა და 3-ლიტრიანი ქილით ლეღვის არაყი გამოუგზავნა. გაიხარა ჩემმა მომავალმა კლიენტმა, არაყი მაღაზიის მაცივარში შეინახა და ,,ბედნიერი" საღამოს მოლოდინში, გადასარევ ხასიათზე იყო. უცბად, თავზე საგადასახადო ინსპექცია დაადგა. მაღაზია შეამოწმეს, მაცივარში არაყი იპოვეს და ამ კაცს, როგორც უაქციზო ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრეს, საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს. ატყდა ერთი ამბავი და ლეღვის არაყზე დავამ ოზურგეთის სასამართლოში გადაინაცვლა. საქმის განხილვა სრულდებოდა, როდესაც მოსამართლემ საგადასახადოს წარმომადგენელს ჰკითხა: რა იცით, რომ ქილაში არაყი ესხა? მაღაზიაში რომ დაუტოვეთ, იქნებ, შხამი იყო, ან ასაფეთქებელ ნივთიერებას ინახავდაო...
- ნამდვილად არაყი იყო, დავსუნეთ, ბატონო! - მტკიცედ უთხრა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელმა.
მოსამართლემ წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. თანაც, ყველას გასაგონად ჩაილაპარაკა: მალადეც, თქვენ, დასუნვით თუ წყვეტთ ასეთ სერიოზულ საკითხებსო.
მიწა ერთ ლარად
- ერთ ადვოკატს ვიცნობ, რომელიც ცდილობდა, თავისი კლიენტი დაჭერისგან გადაერჩინა და გირაოს სახით, მისი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა. ქონების შეფასებას აუდიტორის დასკვნა სჭირდებოდა. ამ მიზნით, ჩოხატაურელ აუდიტორს მიადგა, რომელმაც ერთი კვადრატული მეტრი 60 თეთრზე მეტად არ შეუფასა. თანხა საკმარისი არ იყო და ადვოკატმა სთხოვა: იქნებ, ეს მიწა ლარად მაინც შეუფასო, თორემ დაიჭერენ ადამიანსო. ,,წინა მთავრობისგან" შეშინებულმა აუდიტორმა სათხოვარი არ შეუსრულა და სასტიკი უარი უთხრა. მთელი ეს დავიდარაბა გაბრაზებული ადვოკატის მრისხანე სიტყვით დასრულდა: - შენ ხარ, ბიჯო, აუდიტორი!? არ გრცხვენია? - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ერთ ლარად რაფერ არ აფასებო?!
"სიკტილი და კურო ერთად მიადგა"
- "ფრთიან ფრაზებს" გავიხსენებ, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გურულებისგან გამიგონია:
"მაგის ხმაი მარტო არჩევნებში ვარგა" - ასე ახასიათებენ კაცს, რომელიც ძალიან ცუდად მღერის;
"ბიჭს დოულაპარაკებელი და ხელწოუკარებელი ქალია" - ასე უწოდებენ გურიაში გასათხოვარ, ან გაუთხოვარ ქალს, რომელიც მეტისმეტად პატიოსანია.
"სიკტილი და კურო ერთად მიადგა" - ამბობენ, როცა ასაკიანი ქალი გათხოვდება;
"ტყეში რომ დააბა, ბაწარს მეიპარავენ და მაგას დატიებენ" - ამ სიტყვებით უშნო, შეუხედავ ქალს ახასიათებენ.
"კაი მოწიფული ყვავის ხნის იყო და კი გეიქნია ყაბალახი" - ამბობენ, როცა მოხუცი კაცი გარდაიცვლება...
ხათუნა ჩიგოგიძე